კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 10:08

 

იყო ერთი ბოროტი კაცი.

ქვეყანაზე ამდენი სიკეთე რაღა საჭიროაო! - თქვა ბოროტმა კაცმა და გზას გაუდგა.

შროშანაზე შემოსკუპებული ჭიამაია დაინახა.

- რა მხართეძოზე წამოგდებულხარ, შე არამზადავ, შენაო! - დაუღრიალა ბოროტმა კაცმა ჭიამაიას.

საბრალო ჭიამაია ისედაც პატარა იყო და ახლა შიშისგან სულ ერთი ციცქნა გახდა.

- ძაღლადაც რომ არ მაგდებსო? - განრისხდა ბოროტი კაცი და შროშანას წიხლი გაუქნია.

ჭიამაია ცაში კენჭივით ავარდა, ისევ ქვევითკენ ჩამოექანა და ბოროტი კაცის ზურგზე დაეცა.

დაეცა, გონს მოეგო და რიგიანად მოიკალათა.

ბოროტმა კაცმა თქვა, ეს ერთი საქმე ხომ მოვაგვარე და ახლა სხვა საქმეს უნდა მოვეკიდოო.

ჭიამაია ბოროტი კაცის ზურგზე იჯდა და ფიქრობდა: „ამ კაცს ღრიალი და წიხლი ძალიან ეხერხებაო!"

მცირე მანძილი გაიარეს და ჭიამაიას ვიღაცის მუდარა შემოესმა: - არიქა, ადამიანო, მიშველე, შენი ჭირიმეო!

ბოროტი კაცი შედგა და ძირს დაიხედა.

მიწიდან რომელიღაც მცენარეს ყლორტი ამოეტანა და მუშტისოდენა ცრემლებით ტიროდა.

- შენს გახარებას, ამ რიყის ქვას ფეხი წაჰკარი, თორემ ზედ გულზე მაწევს და ამოსვლას მიშლისო.

- ვინ ოხერი ხარო?! - ჰკითხა ყლორტს ბოროტმა კაცმა.

- ხილი ვარო!

- ხილი, თორემ შენც გურული ატამი არ იყოო! - დასცინა ბოროტმა კაცმა. 

- გურული ატამი, მართალსა ბრძანებ, არა ვარ, მაგრამ გულაბი მსხალი ნამდვილად ვარო! - მიუგო ყლორტმა, - ეს რიყის ქვა მომაშორე, მზე დამხედავს, ტანს ავიყრი, ნაყოფს მოვისხამ, შენ იქნები თუ სხვა იქნება, აქეთ ჩამოივლით და გაგიმასპინძლდებითო.

- ქვები გადაგიგორ-გადმოგიგორო? მოჯამაგირედაც გინდა დამიყენოო! - დაიღრიალა ბოროტმა კაცმა, წიხლი გაიქნია, ქვის მაგივრად ყლორტს უთავაზა და ჩათელა.

ბოროტი კაცი ისევ გზას გაუდგა.

ჭიამაიამ გაიფიქრა: „ამ კაცს ღრიალი და წიხლი ძალზე ჰყვარებიაო!"

კიდევ იარა ბოროტმა კაცმა და ერთ მინდორზე გაჩერდა.

- ეს ამოდენა მიწა აქ რისთვის მოგიგროვებიათ, თქვე მათხოვრებო, თქვენაო! - დაუღრიალა მან ვიღაცეებს.

ჭიამაიამ ზემოდან თვალი გადმოაპარა და ჭიანჭველების ვეებერთელა ქალაქი დაინახა.

- პატივცემულო მგზავრო, ჩვენი მიწაც ეს არის, სარჩო-საბადებელიც, საცხოვრებელიც და სამყოფიც, ქალაქი არ დაგვიზიანოთ, არ დაგვღუპოთო - თავაზიანად მიუგეს ჭიანჭველებმა.

ბოროტმა კაცმა გულიანად გადაიხარხარა, ჭიანჭველების ქალაქს ფეხით შესდგა, მინასთან გაასწორა და გზა განაგრძო.

ჭიამაიამ გაიფიქრა: „თუ არ იღრიალა და წიხლი არ ისროლა, ამ კაცს ისე სიცოცხლე არ შეუძლიაო!"

ახლა ერთი თოვლივით ჭაღარა მოხუცი ბებო შემოხვდათ. ისეთი მოხუცებული იყო, რომ ძლივს მილასლასებდა.

- შენ, ეი, დედაბერო, ხელში რა გიჭირავსო? - შეუტია ბოროტმა კაცმა.

- იჰ, არაფერი, შვილო! ბერიკაცი წელკავმა წამიქცია, ბოთლით წამალი მიმაქვს, ზურგი უნდა დავუზილოო, - მიუგო მოხუცმა ბებომ.

- მაჩვენე, ვნახო, როგორი წამალიაო! - ისევ დაუღრიალა ბოროტმა კაცმა.

შეშინებულმა ბებომ წამალი გამოუწოდა. ბოროტმა კაცმა ბოთლი გამოართვა, წიხლი ამოსცხო, გადააგდო. ბოთლი ქვაზე დავნარცხა და დაიმსხვრა.

ბებომ შესტირა:

- რას მერჩოდი, რატომ დამღუპეო?!

ბოროტმა კაცმა ბებოს ყურიც არ ათხოვა და ისევ გზას გაუდგა.

ჭიამაიას მოთმინების ფიალა აევსო და გაიფიქრა: ბოროტ ადამიანს კეთილი პირუტყვი სჯობიაო! - და დაიძახა: - ბოროტო კაცო, ამას იქით ლუკმაპური კეთილი საქმით გეშოვოს: ტვირთი სხვისი გეზიდოს, ოფლი საკუთარი გეღვაროსო!

ბოროტი კაცი მყისვე სახედრად გადაიქცა. 

ჭიამაია ძალზე გაჯავრებული იყო და დაავიწყდა დაეყოლებინა: აღარც წიხლი შეგძლებოდეს და აღარც ღრიალიო!

ჭიამაიას ამისი თქმა რომ არ დავიწყებოდა, ახლა სახედრებს არც ყროყინი ეყვარებოდათ და არც წიხლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen