ეს ამბავი, 1943 წლის თებერვალში მოხდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბონდისხიდის საშუალო სკოლის მერვე კლასის გათოშილი მოსწავლეები ნედლი შეშით მბჟუტავ ბუხარზე ვიყავით მისეული და ქართულის მასწავლებლის ჯოკონდა მელიმონაძის შემოსვლას ველოდით.
სოფელი ბონდისხევი ცნობილი მდინარის (როგორც მას ხალხში ეძახიან - გურიის მეორე არტერიის, პირველი სუფსაა) გუბაზოულის ხეობის ორივე ნაპირზეა გაშენებული და წელზე ლეკერთხა ქამარივით ბონდის ხიდი აქვს გადაჭერილი. ბონდისხიდიც სწორედ ამიტომ ჰქვია. ადრე, ესე იგი ვიდრე მდინარეზე ბონდის ხიდს გადაჭიმავდნენ, სოფელს ჯვარცმა რქმევია, და არა იმიტომ, რომ აქ ქრისტე აცვეს ჯვარს, არამედ იმიტომ, რომ ბახმაროს მხრიდან გადმოვარდნილმა თათრებმა სწორედ აქ აცვეს ჯვარს ქრისტეს რჯულისათვის ცნობილი ცენტერაძის მონაზონი.
თუ შუშანიკსა და ქეთევან წამებულს არ ჩავთვლით სათვალავში, ცენტერაძის მონაზონი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით ეწამა ქრისტეს რჯულისათვის. ეს ყველაფერი ჩვენი სოფლის კლუბის ათეიზმის წრის ხელმძღვანელის, აგნესა ბაღათურიას ლექციებიდან იცის თითოეულმა ბონდისხიდელმა და სამართლიანადაც ამაყობს ამით.
ბონდისხიდს, ისე როგორც ოქროს ბეჭედს მარგალიტის თვლები, გარშემო გორაკებზე შეფენილი, წვრილ-წვრილი თემები აკრავს. კერძოდ: მეწიეთი, ჭაჭიეთი, ბუქსიეთი, წკვარამეთი, უკუნეთი, კვირიკეთი, კაკაბეთი, ქოქოლეთი და წიფნაგვარა.
მეწიეთელი, ჭაჭიეთელი, ბუქსიეთელი, წკვარამეთელი, უკუნეთელი, კვირიკეთელი, კაკაბეთელი და წიფნაგვარელი ბავშვები ბონდისხიდელი ბავშვებისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან, გარდა იმისა, რომ დაწყებით განათლებას თავთავიანთ თემებში იღებენ და შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ბონდისხიდის საშუალო სკოლაში გადმოდიან.
ერთი კია, ბონდისხიდელ ბავშვებს, ბონდის ხიდზე გაღმა-გამოღმა ხშირი სიარულისაგან ტვინი ოდნავ უფრო გამოლაყებული აქვთ. სამაგიეროდ წიფნაგვარელ ბავშვებს ბონდისხიდელ ბავშვებზე უფრო სევდიანი და უძილო გამოხედვა აქვთ. რადგან მათი თემი ბონდისხიდის საშუალო სკოლისაგან ზუსტად შვიდი ვერსითაა დაშორებული და სკოლაში რომ არ დააგვიანდეთ, ამიტომ სხვა თემის ბავშვებისაგან განსხვავებით დილით ერთი საათით ადრე უწევთ ადგომა. სხვა მხრივ ბონდისხიდი თავის თემებიანად ჩვეულებრივი გურული სოფელია და არც მისი ათწლედია მაინცდამაინც იყალთოს აკადემია.
კუკურა და მისი დაია ნათელა წიფნაგვარელები გახლდნენ, მე კი ქალაქიდან ომისა და შიმშილის ტალღით ბონდისხიდელ ნათესავებთან გადმოსროლილი ლტოლვილი და ამ ამბის დროს, რომელსაც ახლა გიყვებით, სხვებთან ერთად ვიდექი ბუხართან ხელფეხგასიპული და ველოდი ქართულის მასწავლებლის ჯოკონდა მელიმონაძის მობრძანებას.
* * * * * * *
არც გამარჯობა უთქვამს ჯოკონდა მასწავლებელს, არც დაჯექითო, არც სია ამოუკითხავს. მივიდა მაგიდასთან, ზედ ჟურნალი დააგდო, სკამი აიღო, ბუხართან მივიდა, მიგვწი-მოგვწია, დაჯდა და გათოშილი ხელები ცეცხლს მიუშვირა.
- რას შვებით, ბავშვებო, გცივათ? - გვკითხა, ცოტა რომ მოთბა, მერე.
- გვცივა, მასწ!
- რამდენი ხართ? - თექვსმეტიდან რვანი ვიყავით.
- ნახევარი, მასწ!
- ცოტაა! - გააქნია თავი.
- კია ცოტა, მაგრამ დავიწყოთ და შემოგვესწრებიან. - ურჩია ტიტიკო ჭანტურიამ.
- მაინც სად არიან? - იკითხა ისევ ჯოკონდა მასწავლებელმა.
- გზაში არიან, ალბათ...
- მაგალითად, რომელი?
- მაგალითად, ნათელა ნიჟარაძე, მასწ!
- მოვა ალბათ, არ დაგვაღალატებს. - თქვა ჯოკონდა მასწავლებელმა და კარს გახედა.
- არა მგონია, რომ დაგვღუპოს! - შეეხმიანა გური გოგიბერიძე.
- გაკვეთილი იცი? - ჰკითხა ჯოკონდა მასწავლებელმა.
- აბა, არ ვიცი? - გაუკვირდა გურის.
- რა გვქონდა, აბა, თუ იცი? - და უცებ კარის ჭრიალმა გადაარჩინა გოგიბერიძე, კლასში ნათელა შემოვიდა.
თავის ძმა კუკურასავით ლამაზი იყო ნათელა და ახლა ფრთამოყინული ანგელოსივით იდგა კლასის კარებში.
- ოხ! - ყალბი აღტაცებით წამოიძახა ჯოკონდა მასწავლებელმა. - რა გაჩქარებდა?!
- დედაჩემი შეიქნა შეუძლოთ, მასწ! - თქვა ტყუილი ნათელამ, მერე თვითონვე შერცხვა, თავი დახარა, თოვლში სიარულისაგან გათოშილ ფეხებზე დაიწყო ყურება.
- ნუ მოუსავებ ახლა ჯანმრთელ ადამიანს! - მიუხვდა მასწავლებელი.
- რა ვქნა, მასწ, შვიდი ვერსია ჩემი სახლიდან კლასამდე...
- ადრე უნდა ადგე!
- როდის, ღამე?
- ნუ გაგისლექია, გოგო, ენა, გაკვეთილი თუ იცი? - ნათელამ უფრო დაბლა დახარა თავი. - შენ გეკითხები, ნიჟარაძე, გაკვეთილი თუ იცი? - გაუმეორა კითხვა ჯოკონდა მასწავლებელმა.
- არა, მასწ! - თქვა ნათელამ და თავი გააქნია. კლასში უსიამოვნო დუმილი ჩამოვარდა. მასწავლებელი თვალს არ აცილებდა ნათელას, დუმილი დიდხანს გაგრძელდა.
- გოგო, ამ თოვლ-ჭყაპში, თავსხმაში, ყინვაში და ჯანდაბაში იმიტოს დგები უთენია, იმიტომ გრიხავ საძროხე ბაწარივით ამსიგრძე გზას და იმიტომ მოხრაგუნობ შკერნალში, რომ მოხვიდე და გაკვეთილი არ ვიციო, მითხრა? - ჰკითხა განცვიფრებულმა მასწავლებელმა. - მაგას სხვისი პირით ვერ შემომითვლი? რატომ იგდებ თავს განსაცდელში? არ გეშინია, გზაში ფეხი რომ დაგიცდეს სადმე და კლდეზე გადავარდე, ან ტყიდან გამოვარდნილი მგელი დაგეტაკოს, ან შენ თავს რატომ უშვები ამას, ან ჩვენ რას გვერჩი? დეპეშით გვაცნობე მაინც: ასე და ასე, გაკვეთილი არ ვიცი და ვწუხვარ, ვერ გესწრებითო! - კლასში ისეთი სიცილი ატყდა, ნათელას კი არა, თვითონ ჯოკონდა მასწავლებელს გაეცინა.
- მოდი ახლა ბუხართან. - უთხრა, თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ მაგიდასთან მივიდა, წიგნი აიღო და გადაშალა.
- ეგნატე ნინოშვილი, „განკარგულება“. - თქვა მან და ამოიოხრა.
* * * * * * *
დიდხანს ყვებოდა ჯოკონდა მასწავლებელი გურული გლეხობის და მათსავით მშიერ-მწყურვალი, გაუბედურებული და ჭლექისაგან ფილტვებდახრული მათი ქომაგის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრებას. ის ყვებოდა დალოცვილი, თვითონაც ტიროდა და ჩვენ ხომ გვატირებდა და გვატირებდა. მაგრამ განცდებმა უსაშველო აპოთეოზს მაინც მაშინ მიაღწიეს, როდესაც განკარგულების შესასრულებლად რკინიგზაზე სადარაჯოდ გამოსულმა ქანცგამწყდარმა და კუჭგამომხმარმა კაცია მუნჯაძემ თავი რელსზე დადო. აქ, ამ ადგილას, მასწავლებელი ჩურჩულზე გადავიდა, მოჭუტული თვალები სიცარიელეს მიაპყრო და ზეპირად თქვა:
„ედვა თავი რელსებზე და ეძინა კაციას. სავსე მთვარე კი, თითქოს ეტრფის მის გაბურძგნილ წვერ-ულვაშსო, ნარნარად დაჰყურებდა ზევიდან, ბულბული კი სმენის დამატკბობელად გაიძახოდა: „ტიავ, ტიავ, ტიავ“. მასწავლებელი უცებ ჩვენსკენ შემობრუნდა, წიგნი გაშალა და აღელვებული ხმით განაგრძო: „... აი, მიუახლოვდა კაციას მატარებელი... კაცია ხედავს სიზმარში, ვითომ იმან შორს შეუტყო მატარებელს მოდისო, წამოვარდა ზეზე, მოიმარჯვა თოფი და დგას მარდად.
მოდის მატარებელი სულ ერთიანად ოქროსი; შიგ სხედან ოქროს ტანსაცმლით კაცები... მწყრომარედ უყურებენ კაციას, ვითომც გაუგიათ კიდეც, კაციას ეძინაო... „ვაი, დავღუპე ცოლ-შვილი!“ ამბობს ვითომ კაცია თავისთვის, „ციმბირში გამგზავნიანო“. ...მატარებლის თვლებმა გაისრიალა რელსზე, რომელზეც კაცია იწვა და განაგრძო გზა“.
მასწავლებელმა კითხვა შეწყვიტა, ამას იქით რამის წაკითხვა აღარ შეიძლებოდა. მას ხმა გაუქრა. ჩვენ ხმამაღლა ვტიროდით.
- მერე, ჯოკონდა მასწავლებელო?! - ჩურჩულით ჰკითხა გულამომჯდარმა სისიკო გიგინეიშვილმა.
მასწავლებელმა ძლივს დაიოკა აკანკალებული ნიკაპი, ნერწყვი ცრემლთან ერთად გადაყლაპა და ძლივს გასაგონად თქვა: - განთიადისას რკინიგზის დარაჯმა იპოვა ლიანდაგზე მკვდარი კაცი, რომელსაც თავი ჰქონდა წაგლეჯილი, ეს იყო კაცია მუნჯაძე.
კლასი მოკვდა. ხუთ წუთს გრძელდებოდა შემაძრწუნებელი დუმილი. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჯოკონდა მასწავლებელი უცებ ბუხართან მივიდა, ნათელა წამოაყენა, თავის სკამზე დაჯდა და ღიმილით იკითხა: - ბავშვებო, მოთხრობის გარშემო რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?
ხმას არავის არ ამოუღია. ან რად უნდა ამოეღოთ, როდესაც ყველაფერი მზესავით ნათელი იყო - მოკვდა კაცია.
... და უცებ: - მე მაქვს შეკითხვა, მასწავლებელო! - თქვა ნათელამ. გაკვირვებული კლასი მისკენ შეტრიალდა.
- თქვი! - უთხრა მშვიდად ჯოკონდა მასწავლებელმა. ნათელა რატომღაც ბუხარს მოსცილდა, თავის მერხთან მივიდა და იქიდან იკითხა ოდნავ შემკრთალი ხმით: - მასწავლებელო, თუ მატარებელმა თავი მოჭრა კაციას, იგი სიზმარი ვინ მოყვა?! - მეხი რომ გავარდნილიყო და ჩვენი კლასი ქვესკნელში ჩაეტანა, ისე არ გაუკვირდებოდა ჯოკონდა მასწავლებელს, როგორც ეს შეკითხვა გაუკვირდა. კლასმა ისე გადაიხარხარა, ფანჯრებმა ზრიალი გაიღეს. ბავშვები ერთმანეთს შეასკდნენ.
ჯოკონდა მასწავლებელი მაგიდასთან მივიდა, ზედ იდაყვებით დაემხო და გაოგნებული თავი ხელებში ჩარგო. ნათელა დაჯდა, თან შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ასეთი რა ვთქვიო. ბოლოს, კლასში ისტერიკამ რომ გაიარა, მასწავლებელმა თავი ასწია, სახე ჭარხალზე წითელი ჰქონდა.
- შტერო ნიჟარაძე, ადექი! - თქვა მან. ნიჟარაძე ადგა.
- მოხიკე შენი წიგნები! - ნიჟარაძემ მოხიკა თავისი წიგნები.
- გადი გარეთ! - ნიჟარაძე უხმოდ დაიძრა კარისაკენ.
- ნიჟარაძე, არ დაგინახო ჩემს გაკვეთილზე აწი! - დააწია ხმა მასწავლებელმა.
ნიჟარაძემ კარი გაიხურა.
კლასი გატრუნული იჯდა. არავინ ელოდა ასეთ დასასრულს.
- მასწავლებელო! - ვთქვი მე.
- რა გინდა, ნანაძე? - ამომხედა მასწავლებელმა.
მე არ ვიცოდი რა მინდოდა, უბრალოდ, ვგრძნობდი, ახლა, ამ წუთში, საკინძე რომ არ შემეხსნა და რამე არ მეთქვა - ან დავიხრჩობოდი, ან გული გამისკდებოდა, საკინძე შევიხსენი და დავიწყე, დავიწყე სულმოუთქმელად, უაზროდ, მაგრამ მტკიცედ:
- რაა, ჯოკონდა მასწავლებელო, რომ დაგვზაფრეთ ამ დილით, გვიკითხავთ და გვიკითხავთ ამდენ უბედურებას! ეს მშიერიო, ეს გაღლეტილიო, ეს გაყინულიო, ეს დამხრჩვალიო, დუხჭირიო, მატარებელიო, რელსიო, სიკვდილიო, გაგორებული თავიო, ვაიო, ვუიო. ჩვენ ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფა?.. მაგი ეგნატე ნინოშვილი, წადით და გამძღარ, გამთბარ და გაფუშფუშებულ ბავშვებს წაუკითხეთ, სხვაიც რომ შეეცოდოთ და პატარა მჭადი რომ მოუტეხონ. არ გვინდა ჩვენ ამ ზამთარში, შიმშილში, ომში და გაჭირვებაში მაგის სწავლა... და კიდევ, რომ იცოდეთ, ტყვილა გააგდეთ ნათელა ნიჟარაძე კლასიდან. ასეა მაგი! - მე ძლივს მოვაბრუნე პირში გამშრალი ენა და დავჯექი.
მე რომ დავჯექი, უცებ მასწავლებელი ადგა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს ერთი ფიცრის სხვადასხვა ბოლოში ვიჯექით და აიწონა-დაიწონას ვთამაშობდით.
- მორჩი, ნანაძე? - მკითხა მან.
- მოვრჩი, მასწ!
- ყველაფერი თქვი?
- კი, მასწ, ყველაფერი ვთქვი!
- ეგნატე არ მოგწონს ნინოშვილი, ნანაძე?
- არ მომწონს, მასწ.
- შენ არ იყავი ერთი წუთის წინ რომ ბღაოდი, ნანაძე, თუ მომეჩვენა მე?
- მე ვიყავი მასწ.
- მერე, ნანაძე?
- რომ ვბღაოდი იმიტომ არ მომეწონა... ახლა არ მომწონს და არ მინდა მაგის გაგონება, მასწ.
- ადექი, ნანაძე, და მოხიკე შენი წიგნები! - მე ველოდი ასეთ დასასრულს და წიგნები უკვე მოხეკილი მქონდა.
- აბა, გაიხურე, კარი, ნანაძე, და გამოეკიდე ნიჟარაძეს, არ იქნება ჯერ შორს წასული. - დერეფანში გავედი და ზურგს უკან კარი გავიხურე. უცებ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მთელი საათი გავარვარებულ თონეში ვიჯექი. მერე ვიღაცამ მტაცა ხელი და პირდაპირ თოვლის ზვავში მიკრა თავი.
* * * * * * *
კუდუნეთის გორის ძირში დავეწიე. ნელი ნაბიჯით მიდიოდა თავჩაღუნული. დავუძახე. მომხედა და დამელოდა.
- მეც გამომაგდო! - ვუთხარი, რომ მივედი და გავუღიმე.
- რა ვთქვი, ბიჭო ნოდარა, ისეთი, რომ გადაირიეთ მთელი კლასი? - მკითხა სევდანარევი გაკვირვებით.
- მასეთი შეკითხვის დასმა მწერლობაში არ შეიძლება! - ავუხსენი მე.
- რატომ? - ეგ უკვე აღარ ვიცოდი.
- არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება.
- ტყუილი რომ გამოდის?
- სიზმრის მოყოლა კი გამოდის ტყუილი, მაგრამ ამბავია მართალი... - ნათელამ მხრები აიწურა.
- შენ რაზე გამოგაგდო?
- ვეჩხუბე შენი გულისთვის.
- რატომ? - გაუკვირდა ნათელას.
- ეგნატე ნინოშვილს რაზე გვასწავლი, ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვეყოფა-მეთქი! - ძალიან ამაყად შევხედე. - ხომ ვიყავი მართალი? - ნათელამ ისევ აიწურა მხრები.
- ტყუილა გიჩხუბია, მე, ანაგებად რომაა, არ დაუზაფრივარ, პირიქით, ცოტა იმედი მომეცა, თურმე ჩვენზე გაჭირვებული ხალხიც ყოფილა ქვეყანაზე. - პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ გავჩუმდი და გაკვირვებისაგან პირი დავაღე.
* * * * * * *
შვიდი ვერსი გავიარეთ თოვლში უხმოდ. არც მას უკითხავს, სად მიდიხარო, არც მე მითქვამს, გაცილებ-მეთქი. უჩვეულო არაფერი ყოფილა არც ჩვენთვის, არც იმათთვის, ვინც გზაში გვხვდებოდა. ჩვენი ამბავი მთელმა დუნიამ იცოდა და არც არავინ გვიშლიდა ასე ერთმანეთის კუდში ბორიალს.
ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო რაღაც საოცრად წმინდა, სუფთა და გამჭვირვალე დასაწყისი დიდი სიცოცხლისა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მეტი არაფერი. მართალია, ერთხელ დადგა ჟამი, ცუდი ჩრდილი დასცემოდა ამ თაკარა მზით დათუთქულ ორ აბრიალებულ გულს, მაგრამ თვით ღმერთი ჩადგა მაშინ ჩვენ შორის.
* * * * * * *
შემოდგომა იყო, თბილი და მზით სავსე.
გუბაზოულის მოთიბულ ჭალაში ვიწექით გულაღმა მე და ნათელა ზვინის ქვეშ. მე მას ლექსებს ვუკითხავდი და უცებ ორივეს გვეახლა ისეთი მღელვარება, ისეთი სიმთვრალე, ისეთი თავბრუსხვევა, და თავზე ისეთი მზის გვირგვინი და მზის თვალი დაგვადგა, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. გვესმოდა მხოლოდ სუნთქვა ერთმანეთის და ხმა ძალიან, ძალიან შორიდან მოსული. მერე ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი და ყველაფერი ფერად სიზმარს დაემსგავსა. საოცრად დამძიმდნენ ქუთუთოები და მოვიდა ძალიან ღრმა ძილი...
თვალი რომ გავახილე, თავზე მეველე გვადგა, მიხაკო არობელიძე, და წარბშეკრული გვიმზერდა. წამოვჯექი და აუხსნელი მოულოდნელად მოსული სასწაულით განცვიფრებული, მიხაკოს მივაჩერდი.
- რა ქენი, ბიჭო, დაღუპე ობოლი გოგო? - მკითხა ჩაწყვეტილი ხმით.
- რას ბრძანებთ, მიხაკო ბიძია?!
- რა ხდება აქ?
- გვძინავს, მიხაკო ბიძია!
- მეტი არაფერი?
- მეტი რა უნდა იყოს?!
- კი, შენ თუ დაგიჯერე!
- ჩემს დედას გეფიცები, გვძინავს, მიხაკო ბიძია!
- თქვი ნამუსი შემირცხვეს-თქვა!
- შემირცხვეს!
- არ გავაღვიძო, აბა?
- ნუ გააღვიძებ! - ვთხოვე მე და ტირილი მომინდა.
მიხაკომ ერთხანს უყურა თივაში გულაღმა გაწოლილ ნათელას: - რავა ანგელოზს გავს ეს მამაძაღლი! - თქვა.
- კი გავს, - დავემოწმე.
მიხაკომ თავზე ხელი დამადო, გაიღიმა და წავიდა.
ეს იყო და ეს.


