I თავი
ერთ მოხუცებულ ბრძენს მეფემ თავისი უქნარა შვილი მიაბარა: „როგორც უფლისწულს ეკადრება, ისე გამიზარდეო“. მოძღვარი ბევრს ეცადა, მაგრამ მოწაფეს ვერა შეასმინა რა, რადგან გართობის მეტი არაფერი აინტერესებდა.
რომ დავაჟკაცდა ის უფლისწული, მამამ შემოუთვალა გამზრდელს: მოდი და ჩემი შვილი მომგვარეო.
გამზრდელმა უფლისწულს დაუძახა, სამგზავროდ გამოაწყო და წაიყვანა. გზაში ასე უთხრა: „შვილო, ვიდრე ჩემთან იყავი, რაც შემეძლო, ჭკუას გასწავლიდი. ამას არც გზაში დაგაკლებ. უკანასკნელად კიდევ მოგცემ დარიგებას:
ყველაფერს ადვილად ნუ დაიჯერებ; რასაც ვერ მისწვდები, იმისკენ ხელს ნუ გაიშვერ; იმაზე ნუ იდარდებ, რისი გამოსწორება და შეცვლა არ შეიძლება; გზაზე სიარულისას ყურადღება ნუ გაგეფანტება, წინ იყურე! უგუნური ადამიანისაგან ნურაფერი გეწყინება; ცუდ საქმეს მოერიდე, კარგს - დაეშურე“.
დაარიგა და გაუდგნენ გზას. გზაზე მოწაფემ ჩიტი დაიჭირა და ჩაისვა უბეში. „რად გინდა ეგ ჩიტი, ცოდოა, გაუშვიო“, - უთხრა მოძღვარმა და მოწაფემაც დაუჯერა და გაუშვა.
„ოჰ, ეგ რა ქენი! როგორ მოტყუვდი! - მიაყვირა მოხუცმა ყმაწვილს: - ეგ უბრალო ჩიტი კი ნუ გგონია, კუჭში ბატის კვერცხისხელა მარგალიტი აქვსო!“
შეწუხდა უფლისწული, გამოუდგა ისევ დასაჭერად ჩიტს. ჩიტი ხეზე შეფრინდა. ტოტიდან ტოტზე ხტოდა, ის კი ხელს უშვერდა და ვერ იჭერდა. ბოლოს ჩიტი გაფრინდა. ყმაწვილმა ტირილი დაიწყო. მოხუცმა უთხრა:
„ასე გაიგონე შენ ჩემი დარიგება? ხომ გითხარი, რომ ყველაფერს ადვილად ნუ დაიჯერებ- მეთქი: ეგ ჩიტი თვითონ არ იყო ქათმის კვერცხისხელა, ბატის კვერცხისოდენა მარგალიტი კუჭში როგორ დაეტეოდაო? რასაც ხელით ვერ მისწვდები, მისკენ ხელს რატომღა იშვერდი? განა გაფრენილი ჩიტის დაჭერა მოსახერხებელია? და მართალიც რომ ყოფილიყო, ხომ გითხარი, რისი გამოსწორებაც და შეცვლაც არ შეიძლება, ნუ ინანებ-მეთქი?“
შერცხვა ყმაწვილს და გაჰყვა მოხუცს თავჩაღუნული. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, შევიდნენ ერთ სოფელში და გაჰყვნენ გზას. უფლისწულმა აქეთ-იქით თვალიერება დაიწყო, უცბად ფეხი ქვას წამოსდო და ძირს დაეცა. იქ, შორიახლოს, ჩრდილში, ერთი ლაზღანდარა კაცი იჯდა და სიცილი დააყარა. უფლისწულს გული მოუვიდა და შეუტია.
ბრძენმა ხელი მოჰკიდა, შეაჩერა და უთხრა: „რად დაივიწყე ჩემი დარიგებაო! სიარულის დროს განზე რად იხედებოდი? თანაც ხომ გაგაფრთხილე, რომ უგუნურისაგან არაფერი გწყენოდა. უგუნურია კაცი, რომელიც წაქცეულს დასცინის“.
II თავი
შერცხვა უფლისწულს და გაჰყვა თან. სოფლის ბოლოში რომ მივიდნენ, ერთი გლახაკი შეხვდათ, მოწყალებას ითხოვდა. „არიქა, გაიქეცი და მალე მიეცი სამოწყალოო“, - ურჩია მოძღვარმა. მოწაფემ გაიცინა: „რა მეჩქარება, სად გამექცევაო“. „აკი გირჩიე, რომ ცუდზე ნუ აჩქარდები და კარგზე ნუ დაიგვიანებო!“ - მიუგო მოძღვარმა.
გზა განაგრძეს, მივიდნენ ერთი ტყის პირად. გადაუხვია ტყეში მოხუცმა, გამოჭრა ჯოხი და დაიბჯინა. ყმაწვილს უთხრა: თუ გინდა, რომ არ დაიღალო, შედი ტყეში და მომხმარე იშოვეო. ისიც შევიდა ტყეში, ბევრი იარა, მაგრამ ვერავინ ნახა, გამოვიდა ისევ ხელცარიელი. სასახლის კარს რომ მიუახლოვდნენ, უფლისწულმა თქვა: - „მე ძლივს მოვათრევ ფეხებს და შენ კი დაღლა არ დაგტყობია!“ „მე მომხმარე ვიშოვე ტყეში და შენ კი ვერაო!“
„აბა, სად არისო?“ „აი, ეს არისო“, - უჩვენა მოხუცმა ჯოხი.
ამით გათავდა მათი საუბარი.
მივიდნენ სასახლეში. მეფემ ნახა თავისი შვილი, აათვალიერ-ჩაათვალიერა, გამოჰკითხა ბევრი რამ. გაჯავრდა მასწავლებელზე, არაფერი უსწავლებია ჩემი შვილისთვისო!
ბრძენმა მოახსენა მეფეს: „ჯერ სათქმელი მაქვს, ის მომისმინეთ და მერე დამსაჯეთო: ერთი კაცი მომგვარეს სტუმრად სახლში. მე ვერ ვუმასპინძლე ისე, როგორც ეკადრებოდა, რადგანაც ბინა არ მქონდა, სტუმარიც განაწყენდა და წავიდა, აღარ გაჩერდა ჩემს სახლში! და მომყვანი დამნაშავეა თუ არა?“
მეფემ ბრძანა: „მომყვანს რა ექნა, ეგ მასპინძლის ბრალია, რომ კარგად ვერ მიუღია და ბინა არ ჰქონიაო“.
„მაშ, მე რაღად მიწყრებით, დიდებულო მეფეო! - მიუგო ბრძენმა. - სწავლა და მეცნიერება სტუმარია, მონდომება და სიბეჯითე კი - მასპინძელი და თუ მათ ვერ უმასპინძლეს, აღარც ისინი მოიცდიან. მე ვასწავლე ამ თქვენს შვილს, მაგრამ მაგას რომ ბინა არ ჰქონდეს მათთვის და ვერ მიიღოს, ჩემი რა ბრალიაო“.


