კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:41

 

ზღაპრების ქვეყანაში, მაღალი კლდის გამოქვაბულში, ერთი კურკანტელა, პაწია ჭინკა ცხოვრობდა. იქ სხვებიც იყვნენ, მისი მსგავსნი: პანკვალები, გრძელკისერები და კნაჭაფეხებიანები. ვერცხლისწყალივით ხვანცალები, ცეტები და ცალტვინები. 

დილიდან საღამომდე ეძინათ და ეძინათ. დღის სახილველს ვერ ხედავდნენ, ამიტომ ცოტა რამ იცოდნენ. თვალი სულ ეშმაკობისაკენ ეჭირათ. ბინდისას გაიღვიძებდნენ, თხის ტყავზე მიწოლილები ხშირად მთელი საათობით ლაყბობდნენ. 

შუაღამისას კი უხუცესი ჭინკა წკეპლით წამოყრიდა ყველას და გარეთ გარეკავდა. ისინი წკმუტუნით, წიოკით, ფხაკაფხუკით გამოეფინებოდნენ ტყეში. ერთმანეთთან თავმიდებულები, შეთქმულთა გამომეტყველებით ალაპარაკდებოდნენ, ავისმანიშნებლად ხითხითებდნენ და მერე, ზოგისად, ზოგი საით, აცაბაცა, ტუსტუხით მოედებოდნენ შარაგზებს. სანახშოზე ჩამოივლინენ, წყაროსთან... ხევისპირს, წყლისპირებთან.

გამოქვაბულში მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდნენ. დანარჩენ დროს მთელი საათობით ჩაუსაფრდებოდნენ მგზავრებს და უკუნეთ ღამეში ბრდღვიალა თვალებს აპარპალებდნენ. თუ ვინმეს შეაშინებდნენ, უხაროდათ. თუ რომელიმე ღამეს ვერავის მოიხელთებდნენ, დაზაფრული ბრუნდბოდნენ. გამოქვაბულის კარებთან აიტუზებოდნენ. 

უხუცესი ჭინკა, სახრით ხელში მოვარდებოდა, ყველას სათითაოდ წიხლს ამოარტყამდა: - თქვე დოყლაპიებო, თქვენა! უქმად რისთვის იხეტიალეთ! - დასჭყივლებდა და ნახირივით შერეკავდა გამოქვაბულში. ერთხელ, კურკანტელა ჭინკამ, სხვებთან ერთად მოედანზე ყირას რომ გადადიოდა, თვალი მოჰკრა, უხუცეს ჭინკას იღლიისქვეშ, ბალანზე, პაწაწკინტელა გასაღები მიემაგრებინა.   

- „გასაღები?! რას გვიმალავს?“ - გაუკვირდა და იმ ღამითვე საიდუმლო თავისძმებს  - წიოკას და ჭყიპინას გაანდო. რამდენიმე დღეს ეშმაკუნებს აუსრულებელი ცნობისწადილი ჰკლავდათ. ერთხელაც, ყველა რომ წავიდ-წამოვიდა, უხუცესმა ჭინკამ პატარები მოედანზე სავარჯიშოდ გამოიყვანა, ასწავლიდა, უჩვენებდა, როგორ უნდა შეპარულიყვნენ სოფელში და შეეშინებინათ ხალხი. 

პატარა ჭინკებმა ბევრი არბენინეს უხუცესი, აყვირეს, ახტუნავეს, არაქათი გამოაცალეს, ისე რომ ზეზეულად ეძინებოდა. გამოქვაბულში შევიდა, საწოლზე გაიშხლართა და ბანგდალეულივით ჩაეძინა. პატარა ჭინკებსაც ეს უნდოდათ, ფეხაკრეფით მიეპარნენ და წვეტიანი ფრჩხილებით გასაღები შეხსნეს.

- მერედა ამით რა უნდა გავაღოთ? - ახლაღა მოისაზრეს და დაღონდნენ. სად იყო და სად არა, სიბნელეში ციცინათელა აციმციმდა. ძმები დასაჭერად აედევნენ. მწერი გამოქვაბულის სიღრმეში შეფრინდა. უცებ ციცინათელა გაუჩინარდა.

- ე! - გაიკვირვა წიოკამ და თვალები ჭყიტა.

- აი, აქ გაქრა! - წიხლი ჰკრა ცხვირწინ აყუდებულ ოთხკუთხა ლოდს ჭყიპინამ. ანაზდად, ლოდი შექანდა.

- ი! - გაიოცეს სამთავემ ერთად. ლოდს დაეჯაჯგურნენ და ოდნავ შემოატრიალეს. და ჰოი, საკვირველებავ, რკინის ჭიშკარი არ დალანდეს! გაბეცდნენ. მერე გაღება მოინდომეს. დაეჯაჯგურნენ, ძვრა ვერ უყვეს, ჭიშკარი ბოქლომით იყო დაკეტილი.

- რა ექნათ? - ჩაფიქრდნენ. იფიქრეს, იფიქრეს და წამოიყვირეს: 

- აა! ჩვენ რომ გასაღები ვიპოვეთ, ეს ალბათა მისიაო! - ძლივს მოისაზრეს ბენტერებმა. ბოქლომს გასაღები მოარგეს და ჭიშკარი გააღეს. ჭიშკარს იქით გვირაბი გადიოდა... ჭინკები გვირაბში შევიდნენ. იარეს, იარეს და უცებ წალკოტში აღმოჩნდნენ, რამდენიმე ნაბიჯიც და... გახევდნენ. გაბეცდნენ. გაშტერდნენ. მთვარის შუქში მოლიცლიცე პაწია ტბა დაინახეს. ტბაში - ყვავილი. ჭინკებს ასეთი რამ არასოდეს ენახათ.

ყელმოღერებით ეძინა ყვავილს. მთვარის ოქროსფერ ჩრდილში ჩაყუჟულს ნამით დაცვარული ფოთლები უცახცახებდა. სიზმარს ხედავდა ალაბთ. ვერცხლისძაფა მთვარე ბაგეს უკოცნიდა. ყვავილის სურნელებით გაბრუებული სხივები წალკოტში მთვრალებივით დაბანცალებდნენ. თვალები დაეჭყიტათ ჭინკებს. კისერგაწვდილები და ენაჩავარდნილები იდგნენ. ყვავილის მშვენიერებით მოხიბლულებს წამწამები ერთხელაც არ დაუხამხამებიათ. კარგახნის მერე, თითქოს სიზმრიდან გამოერკვნენო, აყიჟინდნენ, ყვავილს ირგვლივ შემოურბინეს.

- ეს რა ენახეთ, ეს რა ვნახეთ! - ჭყიპინებდა ჭყიპინა.

- რა ვნახეთ! რა ვნახეთ! - ბანს აძლევდა წიოკა.

მხოლოდ კურკანტელა იდგა უძრავად. შეფრფინვით შესცქეროდა ყვავილს. ადრე მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლებიც ხიბლავდა, მარამ ისინი სიცივეს გამოსცემდნენ თითქოს. ყვავილი კი რაღაცნაირ სითბოში ხვევდა.

უცებ მოეჩვენა, რომ ყვავილი შეირხა. წამით თვალი გაახილა და გაუღიმა. დამატყვევებელი შუქი გამოასხივა. ამ სხივმა კურკანტელას შიგ გულისგულში გაუარა და, ჰოი, საკვირველებავ, თავადაც გაეღიმა ჭინკები ხომ არასოდეს იღიმებონენ მათ ხარხარი, ქირქილი ეხერხებოდათ მხოლოდ.

გაიღიმა კურკანტელამ და ღიმილთან ერთად, როგორც მზის მძლავრი სხივები ჩაშავებულ წყლის ფსკერს გაანათებენ, ისე განათდა მის სულში რაღაც. გულში აქამდე უცნობი ტკივილი იგრძნო. სხვისი ბედის გამო ტკივილი. გულფუღურო ჭინკებისათვის უცხო ეჭვი აუფუთფუთდა:

„რატომ ჩაკეტეს ნეტა ყვავილი?! რატომ დაადეს წალკოტს ბოქლომი?“ - კურკანტელა ჯერ კიდევ ამაზე ფიქრში ყო გართული, რომ ძმები მოვარდნენ.

- არ გესმის?.. გვეძებენ!

- წავიდეთ! - დაიყვირეს ძმებმა და წალკოტი სასწრაფოდ დატოვეს.

პაწია ჭინკები ფეხაკრეფით შელაგდნენ დაცარიელებულ გამოქვაბულში. ფართხაფურთხით მიაყუდეს ლოდი თავის ადგილზე და კუთხეში მიიკუჭნენ.

- აქ, აქ არიან! - დაიწკუვლა ვიღაცამ და თვალისდახამხამებაში მთელი ჭინკების ხროვა ბურთივით შემოვარდა შიგ. უხუცეს ჭინკას წკეპლა აღემართა.

- სად იყავით?! - დაიჭყივლეს ერთხმად.

- არსად, გამოქვაბულის ნაპრალებში კუკუმალობას ვთამაშობდით! - არ დაიბნენ წიოკა და ჭყიპინა.

ჰო? თურმე თამაშობდნენო, - დაიჯერეს ჭინკებმა და დაწყნარდნენ. მხოლოდ უხუცესს ღრღნიდა ეჭვი. მათრახი ისევ შემართული ეჭირა. თვალებისწკურვით ათვალიერებდა აცუნცრუკებულ ძმებს. ნაზდად, თავისდაუნებლიედ, ხელი იღლიისაკენ წაიღო და თითებს გასაღეი რომ ვერ მოხვდა, შეხტა. მერე ისეთი შეჰყვირა, გეგონება, მეხი დაეცა თავზეო.

- რა დაგემართა? - ჰკითხეს ჭინკებმა.

გასაღები დამეკარგაო, ვერ იტყოდა, ამით თავის საიდუმლოს გაამჟღავნებდა. წელკავმა გამკრაო! - ესღა მოისაზრა და ხელი ყასიდად წელზე წაივლო.

- თენდება. თქვენ კი ისევ ფეხზე ხართ. აბა, სასწრაფოდ დაიძინეთ! - ამოიღნავლა.

ჭინკები თავთავიანთ საძინებლებზე მიწვნენ. უხუცესმა კარგახანს იბორგა, გაიხსენა... ჭინკებმა პირველად როგორ დაიდეს ბინა... აქ უდაბურში, გახრიოკებულ, უსიცოცხლო ადგილზე, გამოქვაბულში. გაიხსენა როგორ გადააწყდა გვირაბს... წალკოტს... როგორ მოიხიბლა პატარა ტბაში ამოზრდილი, უცხო ყვავილით, და შეამჩნია თუ არა თავის თავს, ყვავილის დანახვით, მგონი ჭინკები აღარ მომწონანო, შეშინდა. ისიც გაიფიქრა: ვაითუ, სხვებმაც მიაგნონ წალკოტს და ჩემი გაბანჯგვლული სხეული აღარ მოეწონოთ? მაშინ ხომ აღარ დამიჯერებენ, ვეღარ ვიბატონებ მათზე, დავიღუპებიო.

გაიფიქრა თუ არა ეს, წყალში შეტოპა და ყვავილი მოწყვიტა. მეორე დღეს ახალი ამოიზარდა. ისევ მოგლიჯა. კვლავ ამოვიდა... ბოლოს სხვებისგან მალულად, გვირაბს ჭიშკარი შეაბა. ბოქლომი დაადო და ზედ ვეებერთელა ლოდი მიაყუდა. ყველა ჭინკას რომ ერთნაირად ეაზროვნა, ერთნაირად ეფიქრა ...ყველანი რომ ერთნაირები ყოფილიყვნენ, ყვავილი ჩაკეტა.

მის მერე იქით აღარ გაუხედავს. საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა. თავად ბინდიდან გათენებამდე, აღმა-დაღმა, მუხლჩაუხრელად დადგლაფუნობდა, რომ ყვავილის ნახვის სურვილი გაჰქრობოდა. პატარებს დაუწყო წვრთნა, რომ დრო მოეკლა. ავარჯიშებდა... დროდადრო მათრახს უტყლაშუნებდა, კანი გაუსქელდებათო... უთვალთვალებდა, რომ გვირაბს არ წაწყდომოდნენ. გაზრდილ, ცალტვინა ჭინკებს ყვავილის ხილვა ვეღარას დააკლებდათ.

მაინცდამაინც არც ის უნდოდა, დიდ ჭინკებს ჩაკეტილი, უცხო ყვავილი ენახათ. ვინ იცის, მისი ხილვით ვინ რა ჭკუაზე დადგებოდა. აგერ, საუკუნეები გავიდა. იმ წალკოტის ამბავს საიდუმლოდ ინახავდა ეხლა კი... უხუცესი ჭინკა ბრაზისაგან აქშუტუნდა, გულს ასკდებოდა, გასაღები რისთვის დაეკარგეო. ამ ქშუტუნ-ქშუტუნში ჩაეძინა.

კურკანტელას კი არა და არ დაეძინა. ვერ ისვენებდა. გულს გამოუცნობი და გაუგებარი რაღაც დააწვა. შესცქეროდა გაპანკვლულ ჭინკებს და თავადაც აოცებდა ის, რომ აღარ მოსწონდა მათი დაგვალული, გაბანჯგვლული, დაღვრანჭული სხეულები, გამოჩირჩლული, უაზრო თვალები. მათი ყურებამდე ჩახეული, მუდამ სახითხითოდ გამზადებული ლაშები.

იმ დღიდან კურკანტელას აღარ ეხალისებოდა მოედანზე ჯირითი...

- „რატომ უნდა შევაშინო ვინმე? რატომ უნდა ჩავუსაფრდე? რატომ უნდა ვიქირქილო?“ - გაუჩნდა ეჭვი. მუხლებდაღლილივით დადიოდა. მარტო ფიქრი გახდა. თვალებში ნაღველი ჩაუდგა. გამომეტყველებაც სხვანაირი გაუხდა.

- ეი! - დაუყვირა ერთ ღამით უხუცესმა ჭინკამ, - რატომ არ დგახარ ყირაზე?! აბა, ჩქარა. ნუ იზლაზნები! ჩქარა-მეთქი! - ყურთან ახლოს გაუტყლაშუნა მათრახი.

მათრახის შხუილზე კურკანტელას უნებლიედ გაეღიმა.

- ეგ, ეგ, როდის ისწავლე?! - თვალები გადმოცვენაზე გაუხდა უხუცესს, - ვინ გასწავლა?

რა ღიმილზე მელაპარაკებიო, თავადვე გაუკვირდა კურკანტელას და მხრები აიჩეჩა.

- მე შენ გიჩვენებ! აღარ გაბედო გაღიმება! მხოლოდ იხარხარე! იქირქილე!.. დაიმანჭე!.. - აჰკივლა და წკეპლა გადაუჭირა.

კურკანტელას ასე არასოდეს უგრძვნია ტკივილი, თავისმა მორჩილებამ პირველად ახლაღა გააღიზიანა. საოცრად გულისამრევად ეჩვენა ყველაფერი... უცებ სურვილი მოეძალა - კვლავ ენახა ყვავილი. თვალებში ჭიაკოკონა აუბრიალდა. იმწამში თითქოს უფროსისადმი უსაზღვრო შიშიც გაუქრა.

იმავე დღეს, გათენებისთანავე, ჭინკებმა რომ დაიძინეს, კურკანტელა წალკოტში შეიპარა. იქ იმ დროს მივიდა, ყვავილი რომ თვალებს ახელდა, იშლებოდა. ო, რა მშვენიერი იყო. რა სურნელებას აფრქვევდა... კურკანტელა გაბურსალებული იდგა, მერე ადგილს მოსწყდა. დგლუმფ! - ჩახტა წყალში, ყვავილთან გატოპა და მოწიწებით, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად თითები შეახო. ლოყა მიადო და მიელაციცა.

და ჰოი, საოცრებავ! ყვავილის სუნთქვა იგრძნო. წყნარი, მშვიდი, ალერსიანი. უცებ, ყვავილი შეირხა და დაიჩურჩულა: - კრინტი არავისთან დაძრა, თორემ ჩემს ნახვას არ გაპატიებენ. კურკანტელა წალკოტში კვალგაუმხელელად დადიოდა. ყოველთვის, იქიდან რომბ რუნდებოდა, ყვავილის მტვერში ამოგანგლული სხეული მქრქალი ვარდისფერი ჰქონდა. მერე ქარი, ან მიწაზე ფხოკიალი შემოაცლიდა ხოლმე.

ჩაშავებული ჭინკები სსხეული ღამის სიბნელეს ერთოვდა და თითქოს შიგ ითქვიფებოდა. მათი ნაკვერჩხალივით ბრდღვიალა თვალებიღა მოჩანდა. მხოლოდ კურკანტელა ჩანდა უცხოფერი. ეს განსხვავება არავის შეუმჩნევია, უხუცესმა ჭინკამ შეამჩნია და იღრიალა. კურკანტელას ეძგერა. ხელი დაავლო, ძირს დაახეთქა და წკეპლით სულ გვერდები აუსუსხა.

- კიდევ წახვალ!.. კიდევ მომპარავ!.. ეხლაღა შეგამჩნიე (ვარდისფერი რომ ხარო, - უნდა ეთქვა და დროზე დააჭირა ენას კბილი.) - რისხვას აფრქვევდა. ცალტვინა ჭინკები ვერაფერს ხვდებოდნენ. ჩვეულებრივად ქირქილებდნენ: - ეგრე მოგიხდება, შენი უფროსია და უნდა გაუგონოო. წიოკა და ჭყიპინაც უაზროდ აცეცებდნენ თვალებს. სულ აღარ ახსოვდათ გასაღები, გვირაბი და ყვავლიც კი. ის განცვიფრება, მაშინ რომ უცბად ეწვია, ისევე უცბად გაუსხლტათ. ის მათთვის, კურკანტელასაგან განსხვავებით, წუთიერი სიამოვნება იყო.

მხოლოდ კურკანტელამ იაზრა, რად სცემდა უხუცესი. ადრე ვერც თვითონ ამჩნევდა თავის ვარდისფერ სხეულს. ახლაღა დაიხედა ტანზე. ფქვილში ჩავარდნილივით ამოგანგლულიყო ყვავილის მტვერში. მარტო რომ დარჩნენ უხუცესი და ის, უხუცესმა ჭინკამ გასაღები წაართვა და გააფრთხილა: - რაც გვირაბს იქით ნახე, იმაზ ეკრინტი არავისთან დაძრა, თორემ მოგკლავო. 

-  კურკანტელას მისი მუქარა თითქოს არც კი გაუგია. მხოლოდ ის აწუხებდა, აწი წალკოტში როგორღა შევიდე, ყვავილი როგორღა ვნახოო. დაღონდა. იფიქრა, იფიქრა და თავისდამოულოდნელად მოიფიქრა: „იქნებ, ისეთი ყვავილი როგორმე მეც გავაკეთოო.“ საგონებელს მიეცა... ერთხელაც განმარტოვდა და მთვარეს შესთხოვა: - გევედრები! შენი მოსასხამიდან მოვარდისფრო ნაჭერი ჩამომიხიე. შენი სხივის პატარა ჩამონატეხიც... -  და მისცა მთვარემ რაც სთხოვა.

ერთ ღამით ჭინკებმა გაიღვიძეს. ერთმანეთი შეათვალიერეს და კურკანტელა მოისაკლისეს. აჭყიპინდნენ, აყაყანნენ. გარეთ გაცვივდნენ და საკვირველებისაგან პირღია დარჩნენ. გამოქვაბულის წინ თვალისთვის უცხო ყვავილს მოეღერებინა ყელი. ასეთი მშვენიერება არასოდეს ენახათ.

კურკანტელამ ვერც კი შეამჩნია ჭინკები. თავჩაქინდრული, დაღონებული იდგა.

- ეს შენ გააკეთე? - დაიღნავლა უხუცესმა.

- ჰო, - თავი დააქნია კურკანტელამ, - მაგრამ არ სუნთქავს... - ამოილუღლუღა და თვალებიდან ვეებერთელა კურცხალი გადმოუგორდა. 

- ცრემლიო?! - დაიღმუვლეს გაოცებისაგან ჭინკებმა (ჭინკები ხომ არასოდეს ტიროდნენ?!), ცრემლი ყვავილს დაეცა და უცებ ყვავილი შეირხა... ახასხასდა... გაიღიმა, და ირგვლივ ისეთი ვარდისფერი შუქი მოჰფინა, რომ მის ალში გახვეული კურკანტელა თავადაც ავარდისფერდა. სახე ოქროსფრად გაუბრწყინდა. გალამაზდა.

ჭინკებმა კიდევ უფრო ჭყიტეს თვალები. მათ გამოხედვაში იგრძნობოდა: გაოცებაც, შიშიც, რისხვაც და - რაც მთავარია - შურიც...

ჭინკებსა და კურკანტელას შორის კედელივით ჩადგა ყვავილის ფურცლებიდან გადმოღვრილი ვარდისფერი შუქი. უხუცესმა კი ვეღარ წადგა ნაბიჯი წინ... რაღაც ძრწოლამ შეიპყრო:

- ავაი, დავიღუპეთ!.. - შეჰყეფა მთვარეს და თავზე ხელი შემოირტყა.

სინათლენაკრავ ბინდს ჰგავდა ღამე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen