კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 11:08

 

დგანან ჭადრის ძირას ზაზა და უჩა და ფიქრობენ - რა მოიგონონ ისეთი, ერთმა დიდმა და მეორე პატარამ, რომ ითამაშონ. ეზოში სილაც კი არაა, რომ გვირაბი გაიყვანონ. ერთი გატეხილი ბეტონის მილი აგდია ჭიშკართან, ოდესღაც გზის მშენებლებმა "შემოაგორეს და დატოვეს. 

გაძვრები ამ მილში, გაძვრები და გამოძვრები, მაგრამ ეს რა თამაშია. ადრე აქ მანქანის ერთი გაცვეთილი საბურავი ეგდო და ისიც ხულიგანმა ბიჭებმა წაიღეს...

ხულიგან ბიჭებთან თამაში კი არ შეიძლება. ამას გარდა, ქუჩაში მანქანებია.

- ლა ვქნათ? - კითხულობს თვალატირებული უჩა.

- არაფერი... - ღონდება ზაზა, - ისე, ყველაფერი შენი ბრალია!

უჩა პირს აღებს, ცხვირს გოჭივით მაღლა სწევს. და ეკითხება:

- ლატომ?

- რატომ და, პატარა ხარ.

- ალც შენ ხარ დიდი! - არ ეთანხმება უჩა. 

- მოდი, დამეტოლე და დაინახავ პატარა თუ არ ხარ.

უჩა მიდის და გვერდით უდგება.

- შენ ხალ დიდი!

- ისეთი პატარა ხარ, კაციშვილი ვერაფერს გაგაგებინებს. ამიტომ, ჯობია შენს ტოლებს ემეგობრო. 

- ალ. მინდაა!..  შეშინდა უჩა, მეგობარი დამეკარგებაო და აბღავლდა.

- ნუ ღრიალებ! შენი ბრალია, რომ ბაღში არა ხარ და „რ“...ს მასწავლებელთან დადიხარ... 

- „ლლ" ალ ვიცი, - ყურები ჩამოყარა უჩამ. 

- „ლ“ კი არა, „რ" არ იცი და რომ ადგე და თქვა „რრრ“, მაშინვე ბაღში წაგიყვანენ.

- ალ ვიცი და...

- რატომ არ იცი მერე, ვერ იტყვი, „რ“-ს? 

- ველა.

- რატომ ვერ იტყვი, მე ხომ ვამბობ „რრრრ! 

უჩა გვერდით დაუდგა და ისევ დაეტოლა.

- შენ დიდი ხალ!

- შენხელა რომ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი.

- ამბობდი?! - გაუკვირდა უჩას.

- შენზე პატარა რომ ვიყავი, - ზაზამ უჩას გულზე ხელი მიადო. აი, ამოდენა რომ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი.

- ლლლ!

- ლლლ კი არა, რრრ!

- ლლლ!

- რრრრ!

- ლლლ

- რრრრ! გაიგონე ყურში!

ლლუუ! - აღრიალდა უჩა, - ალ ვიცი და!.. 

- არ იცი და, დაეტიე. სახლში.

- შენ?

- მე წავალ ბაღში და მასწავლებელს ვეტყვი, ციცინოსაც ხომ ჰყავს ბებია და მიიღეთ, ამიტომ მეც მიმიღეთ-მეთქი. მიმიღებენ და უამრავი მეგობარი მეყოლება.

- მე? - დააღო პირი უჩამ.

- შენ იძახე "ლლლ“ და იარე „რ“-ს მასწავლებელთან.

უჩამ ღრიალი მორთო.

- რა გაღრიალებს, ვითომ შენი ბრალი არ იყოს, ადექი და თქვი „რ“!

- ველაა! მეგობალი მინდა!

- მეგობარი რომ გინდოდეს, შენი ტოლების მეტი რაა საბავშვო ბაღში, მაგრამ დაგიჩემებია „ლ“, და არ იშლი.

- ვიშლიი!

- თუ იშლი, თქვი "რ".

- ლლუ!

- შენ ჯიუტობის მეტი არაფერი არ იცი.

- ვიცი!

- აბა, რა იცი, მითხარი.

ათის დათვლა ვიცი.

- როცა მოინდომე, დათვლა ხომ ისწავლე? 

- ვისწავლე.

- არა, არ ინდომებ, თორემ „რ“-ს თქმას რა უნდა. მე თუ გინდა ოც „რ“-ს გეტყვი და კიდევ მეტს...

- ლლლუ!

- ჰმ, ამას ქვია მონდომება, ესაა მეგობრობა? 

- მეგობალი ვაალ!

- თავი დამანებე! - გაბრაზდა ზაზა და სადარბაზოსაკენ გასწია.

- ლლ! - გამოუდგა უჩა, მაგრამ „რ“ არ უთქვამს და ზაზას არ მოუხედია.

- მეგობალი ვაალ! - მიაძახა უჩამ, - ლა ვუყოთ, „ლ“-ს ვერ ვამბობ, მეგობალი ამიტომ უნდა დამკალგოო!

მაგრამ ზაზასაც რა ექნა, მართლა და, ამ ერთი „რ“-ს თქმა რა გაჭირდა.

ზაზა კიბეს სირბილით აუყვა და მოაძახა: 

- სანამ „რ“-ს არ იტყვი, ხმა არ გამცე!

უკან გამოუდგა უჩა, მაგრამ ზაზამ მეხუთე სართულზე. რა თქმა უნდა, აასწრო და ოთახში შეიკეტა.

უჩამ კარზე მუშტები დასცხო და აღრიალდა: 

- გამიღე, მეგობალი ვალ!

- არა ხარ! "რ"-ს რაკი ვერ ამბობ, არ გაგიღებ და არც შენთან მოვალ!

- დედააა...-  აბღავლდა უჩა და კარებს ახლა წიხლებიც დაურთო.

ხმაურზე და ღრიალზე ბებიამ უშველებელი წიგნიც კი გადადო და იკითხა: - რა მოხდა, დერეფანში საქონლის ჯოგი ხომ არ შემორეკესო.

- უჩაა, ბებია, - აუხსნა ზაზამ.

- მერე, რატომ ამტვრევს კარებს?! - გაუკვირდა ბებიას.

- არ ვუღებ, მეგობარი ვარო, იძახის და „რ"-ს ვერ ამბობს.

- გამიღეე! - დასცხო და დასცხო, უჩამ კარებს. 

- ასე არსად არ წერია! - გაუკვირდა მწიგნობარ ბებიას, - მეგობრებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ. გაუღე კარი!

- თქვას „რ“!

- გაუღე და იტყვის, ვითომ რატომ არ იტყვის?

- რომ გაგიღო, იტყვი? - გასძახა კარს იქით ზაზამ.

- გამიღე და ვიტყვი! გასაღების ჭუჭრუტანაში შემოტირა უჩამ.

ზაზამ გასაღები გადასწია.

თვალატირებული უჩა ოთახში შემოვარდა.

- ხომ გავუღე, ახლავე თქვას, თუ არა, წავიდეს აქედან!.. - მიუბრუნდა მოხუცს ზაზა. 

- ალ წავალ!

- ნუ წახვალ, ბებია, მარა „რ“ თქვი! - დაუყვავა მოხუცმა.

- ველააა!..

- ბავშვი ხბო ხომ არაა, რომ "რ" ვერ თქვას!.. გაუკვირდა ბებიას და დიდი წიგნი მუხლებზე დაიდო.

- ხომ გითხარი, არ ამბობს, დამანებოს თავი, - ზაზა უჩას მხარში ჩააფრინდა და გარეთ გაგდება დაუპირა. უჩამ ხელები გაშალა და კარებში გაეხიდა.

- წადი აქედან

- ალა!

- მაშინ თქვი!

- ველა.

- აი, თუ ვერა, შე მატყუარა, წაეთრიე აქედან! - გაძალიანებულს ქეჩოში წვდა, ის იყო, კინწისკვრით უნდა გამოეგდო, რომ უჩამ ისევ იყვირა:

- ალ-ალ-ალ-არა!

- ახლა თქვა და ისევ „ალას“ იძახის - კვლავ ჩაავლო ხელი გაცეცხლებულმა ზაზამ და ისევ კინწისკერით გამოგდება დაუპირა, რომ უჩამ ისევ იყვირა: 

- არა!

ზაზამ ისევ უშვა ხელი.

- ხომ თქვი?

- ალა.

- ეს თავისას არ იშლის! - ზაზა ორივე ხელით უჩას ზურგზე მიაწვა.

- არა, არა, არა!

- ხომ გცოდნია!

- არა, არა, არა, არა! - იმეორებდა სიხარულით აცრემლებული უჩა.

- კი გცოდნია!.. იამა ბებიასაც და სქელი წიგნის კითხვას შეუდგა.

- ახლა სხვა თქვი, - გააწყვეტინა ზაზამ, - არა, არა რომ აგიჩემებია. 

- ლა... არა, რა ვთქვა? 

- თქვი... მე-გო-ბა-რრი.

- მე-გო-ბა... - შეშინდა უჩა, ვაითუ ისევ ვერ ვთქვაო.

- რი, რი, რრრი! - შეეშველა მეგობარი. 

- რი, რი, მე-გო-ბა-რრი!

- მეგობარი!

- მეგობარი!

- ხომ გეუბნებოდი, ჯიუტი ხარ-მეთქი!

- კი მეუბნებოდი! - დაეთანხმა ყურპანტურა უჩა.

პირდაპირ საოცარია, რა არ შეუძლია ნამდვილ მეგობრობას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen