სამზარეულოში სიჩუმე იყოდა ბნელოდა. წუწკ თაგუნასაც ეს უნდოდა, სოროდან გაბედულად გამოძვრა, სიბნელეში კუდი მოიქნია და სასუსნის ძებნას შეუდგა.
საიდანღაც ნიგვზის სუნი ეცა, ყურების ცქვეტით გაძვრა-გამოძვრა და როდინზე შეცოცდა. უცებ ქვასანაყს წამოედო. ქვასანაყმა თითქოს ფეხი აიდგა. თავი ვერ შეიმაგრა და როდინიდან გადავარდა. პირქვე დამხობილ საყაურმე ქვაბს მოხვდა, სამზარეულომ დაიგრუხუნა.
გულგახეთქილი თაგუნაგაიქცა და სოროში მიიმალა... იატაკზე დაგდებული ქვასანაყი იძულებული იყო ტკივილი მოეთმინა, არ დაეკვნესა. ხუმრობა არ იყო ასეთ პატივცემულ ჭურჭელთან წაკიდება, როგორიც საყაურმე ქვაბი გახლდათ. დაღლილიც იყო ქვაბი. წინა დღითა და ღამით ქორწილში ბრძანდებოდა. ორმოციოდე სტუმარს გაუმასპინძლდა დიასახლისი ამ ქვაბში მოხარშული ყაურმით.
- ვინ დამიფრთხო ძილი! - ბოხი ხმით დაიძახა ქვაბმა. ქვასანაყს შიშით გააცივა. ხმაურზე გამოღვიძებულმა სხვა ჭურჭლებმა არაფერი სთქვეს. აბა, ვინ იკისრებდა ქვაბის მომდურებას! თავგასულად იქცეოდა მხოლოდ წითელი პილპილის აცმა, რომელიც კედელზე, მაღლა ეკიდა.
- ეგეც შენ ქვაბო, მოგიხდება გვერდების დაზელა.
- მხოლოდ შენისთანა მწარეს შეჰფერის ასე უპატივცემულოდ მიმართოს სამზარეულოში ყველაზე ცნობილ და საჭირო თავჭურჭელს, როგორიც მე ვარ, - უთხრა ქვაბმა პილპილს.
ქვაბის სიტყვებმა სხვა ჭურჭლები გააცოფა, ხმა ამოაღებინა და ჩხუბი გაიმართა.
სიტყვის თქმა პირველად ენადაკლაკნილმა ხორცის საკეპმა მანქანამ გაჰბედა.
- რა ბრძანეთ ბატონო?! თავის მოვლაც არ იცით. ხელს ისე ვერ მოისვამთ გვერდებსა და ძირზე, რომ ჭვარტლით არ გაგესვაროთ. აბა, ახლა მე შემომხედეთ! ვკრიალებ და ვბრწყინავ. ფოლადის კბილები მაქვს, კამეჩის კისრის ძარღვსაც ისე წმინდად ვფქვავ, როგორც დოლაბი ხორბალს. დიასახლისს ჩემი ფასი სამზარეულოში კი არა სალაროშიც არა ქნება-რა.
- მე რითღა ვარ სხვაზე ნაკლები?! აშიშინდა ტაფა, - ერბო-კვერცხი, კარტოფილი და კატლეტი მე არ უნდა შევწვა? განა მარტო ერთხელ უთქვამს დიასახლისს, და თქვენ კი ყველას მოგისმენიათ: ეს ტაფა მარჯვენა ხელია ჩემიო.
- სტყუით, მეგობრებო! - დამცინავი ღიმილით ჩაერია კორიანტელში ერბოს ქილა. - მე თუ ერბოთი არ ვარ სავსე, დიასახლისი ვერცა-რას მოხარშავს, ვერც ვერაფერს მოხრაკავს.
დავაში ქაფქირი და ჩამჩაც ჩაერია.
დავა თანდათან გაძლიერდა...
ღუმელი ტკბილ სიზმარში იყო, როცა აურზაური შემოესმა. თვალი გაახილა და უმალვე მუგუზალს სწვდა, წამოდგა და დაიბრდღვინა:
- ჩუმად, თორემ კეტი დავატრიალე! - თან მიფერფლილ ნაკვერჩხლებს შეუბერა და აანთო.
მუგუზლის დანახვაზე ჭურჭლებმა სიწყნარე ირჩიეს. ღუმელმა მოღერებული მუგუზალი ძირს დაუშვა, ჭაღარა თმა შეისწორა და განაგრძო:
- როგორ გეკადრებათ სამზარეულოს მუშაკებს შუაღამისას ხმაური და ჩხუბი! უპატრონოდ ჩვენ ერთ ჩირადაც არ ვეღირებოდით. ჩვენი პატრონით გვიდგია სული. ის შრომობს, ის ქმნის დოვლათს. ისე კი, ჩვენს შორის ყველაზე მთავარი მე გახლავარ - აგურისა და თუჯის ღუმელი. ჩემს გარშემო ჩხარუნებთ და ტრიალებთ ყველანი...
დავის ყველა მონაწილემ ღუმელის რიდი დაიჭირა. არცერთს ხმა არ ამოუღია, და სამზარეულოშიც სიჩუმე ჩამოვარდა.
თაგუნამ იდროვა, კვლავ გამოვიდა სოროდან და ნიგვზის ძებნას შეუდგა. თანაც სამზარეულოს მობინადრეებზე ეცინებოდა:
- რა ჰქონდათ სადაო?! სულელები, ტრაბახები! რა ჰქონდათ სადაო?!


