კენგურუ - ყოველთვის ასეთი როდი იყო, როგორსაც ახლა ვხედავთ. მას სულ სხვა შესახედაობა ჰქონდა: იყო ოთხფეხა, ნაცრისფერი, ფუნჩულა ცხოველი და ამასთან მეტისმეტად ყოყლოჩინა; მუდამ ცეკვავდა შუა ავსტრალიის გორაკებზე. ერთ დღეს კი უმცროს ჯადოსან ნქასაკენ გასწია.
იგი დილის 6 საათზე, საუზმემდე, მიადგა ნქას და უთხრა: - ისე შემცვალე, რომ დღეს ნაშუადღევის ხუთი საათისთვის არცერთ სხვა ცხოველს არ ვგავდეო.
ნქა წამოიმართა თავისი ქვიშის საწოლიდან და დაუყვირა:
- თავიდან მომწყდი!
კენგურუ ნაცრისფერი, ფუნჩულა ცხოველი იყო და ამასთან მეტისმეტად ყოყლოჩინა; მუდამ შუა ავსტრალიის ციცაბო კლდეებზე ცეკვავდა. ახლა შუათანა ჯადოსან ნქინგისკენ გაემართა.
ნქინგს იგი ნასაუზმევს მიადგა, 8 საათზე და უთხრა - ისე შემცვალე, რომ არცერთ ცხოველს ვგავდე. თანაც დღეს ნაშუადღევის ხუთი საათისთვის საოცრად სახელგანთქმული ვიყოო.
ნქინგმა თავი გამოყო სოროდან და დაუყვირა:
- თავიდან მომწყდი!
კენგურუ ნაცრისფერი, ფუნჩულა ცხოველი იყო და ამასთან მეტისმეტად ყოყლოჩინა. შუდამ შუა ავსტრილიის რიყეებზე ცეკვავდა. ახლა უფროს ჯადოსან ნქონგოსაკენ გაემართა,
ნქონგოს იგი 10 საათზე მიადგა, სადილობამდე.
- ისე შემცვალე, რომ არცერთ ცხოველს არ ვგავდე, თანაც სახელგანთქმული გავხდე და დლეს ნაშუადღევის 5 სათისათვის მთელი ქვეყანა ჩემზე ლაპარაკობდესო.
ნქონგო წამოიმარია თავის პატარა მარილიან ტბაში და შესძახა:
- კეთილი, ასე იყოს!
ნქონგომ დინგოს მოუხმო, ყვითელ ძაღლ დინგოს, მუდამ მშიერსა და ჭუჭყიანს და კენგურუზე მიუთითა
- დინგო, გაიღვიძე, დინგო! ამ მოცეკვავე ვაჟბატონს ხომ ხედავ, მას უნდა ისეთი სახელგანთქმული იყოს, რომ მთელი ქვეყანა მასზე ლაპარაკობდეს. აბა დინგო, რაკი ეს ასე გამოსდგომია სახელის განთქმის სურვილს, შენც შენებურად გამოუდექი!
წამოხტ დინგო, ყვითელი ძაღლი დინგო და დაიღრინა;
- ვინაა ეს კატა-ბაჭია?
გავარდა დინგო, ყვითელი ძაღლი დინგო, მაგრამ მშიერი და ღრენია. კენგურუს გამოუდგა.
მოუსვი ყოყლოჩინა, ფუნჩულა კენგურუმ თავისი ოთხი ფეხით.
ჩემო საყვარელო ბავშვებო, აქ თავდება. ამ ზღაპრის პირველი ნაწილი.
გაირბინა კენგურუმ უდაბნო, მთები, მლაშე გუბვები, ბუჩქები, ტყეები, ლურჯი ტბები. მანამ ირბინა, სანამ წინა ფეხები არ ასტკივდა.
აბა, მეტი რა გზა ჰქონდა!
დინგომაც გაირბინა იგივე გზა, ყვითელმა ძაღლმა დინგომ, მუდამ მშიერმა და თაგვის ხაფანგივით კბილებ-ღრჭენიამ, მაგრამ ვერც დაეწია, არც ჩამორჩა, თავგამოდებით გარბოდა.
აბა, მეტი რა გზა ჰქონდა!
მიადგნენ მდინარე ვოლგონგს.
მდინარეზე არც ხიდი იყო, არც ბორანი, როგორ უნდა გადასულიყვნენ მეორე მხარეს? ვერა იღონა რა კენგურუმ და ხტუნვა დაიწყო.
აბა, მეტი რა გზა ჰქონდა!
იხტუნა კენგურუმ შუა ავსტრალიის უდაბნოში. ხტოდა ისე, როგორც კენგურუები ხტიან ხოლმე.
მერე წინა ფეხები შეეკუმშა, დაუმოკლდა და უკანა ფეხებით დაიწყო ხტუნვა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა. კუდიც აბზიკა და ხტოდა და ხტოდა.
აბა, მეტი რა გზა ჰქონდა!
გარბის დინგო, ყვითელი ძაღლი დინგო, მშიერი და ქანცმილეული დინგო, თან ფიქრობს: ნეტა, როდის დადგება ის ბებერი კენგურუ!
უცებ ნქონგო წამოდგა თავის მლაშე ტბის აუზში და დაიძახა:
- უკვე ხუთი საათია!
ჩამოჯდა დინგო, საბრალო ძაღლი დინგო, მუდამ მშიერი და ჭუჭყიანი; ენა გამოაგდო და წკმუტუნი მორთო.
ჩამოჯდა კენგურუც, ბებერი კენგურუ, კუდი გაისწორა და სთქვა:
- ძლივს მოვისვენე, ხტუნვა-სირბილს ბოლო მოეღო.
ნქონგომ უმადურობისათვის დატუქსა:
- რატომ ყვითელი ძაღლ დინგოს არ ეტყვი მადლობას?
კენგურუმ, ბებერმა, დაღლილმა კენგურუმ, უპასუხა:
- რად უნდა ვუმადლოდე? მაგან ხომ ბავშვობიდანვე შეჩვეულ მიდამოებიდან გამომაგდო, საჭმელ-სასმელიც გადამავიწყა, სულმთლად შემცვალა და ფეხები დამიმახინჯა.
ნქონგომ მიუგო:
- თუ არ ვცდები, შენ მთხოვდი დილით, ისე შემეცვალე, რომ არავინ მგავდესო, ახლა კი ხუთი საათია.
- დიახ, - თქვა კენგურუმ, მაგრამ ნეტავი არ მეთხოვა, - მე მეგონა, რამე ჯადოთი შემცვლიდი, შენ კი ოინი მიყავი.
- ოინი? - დაიყვირა ნქონგომ, - თუ კიდევ წამოგცდენია ეს სიტყვა, ძაღლს გამოგიყენებ და მაშინ ნახე, რა დღე დაადგეს შენს უკანა ფეხებს.
- არა, არა, მომიტევე, - საჩქაროდ მიუგო კენგურუმ, - ფეხი, რაც უნდა იყოს, ფეხია და საჭიროა. ასე არ უნდა შეგეცვალე. გარდა ამისა, მე მინდოდა, თქვენი დიდებულებისათვის მომეხსენებია, რომ დილას აქეთ არა მიჭამია-რა და მუცელი ცარიელი მაქვს.
- მეც ამ დღეში ვარ. - სთქვა დინგომ, ყვითელმა ძაღლმა დინგომ, - ეს კენგურუ კი შევცვალე ისე, რომ სხვა ცხოველებს მართლაც არა ჰგავს, მაგრამ ჩემი გასამრჯელო?
ნქონგომ თავისი მლაშე გუბიდან დაიყვირა:
- ახლა თქვენთვის არა მცალია, უნდა ვიბანაო. ამის შესახებ ხვალ მომელაპარაკეთ.
ამრიგად ორივე შუა ავსტრალიაში დარჩა: ბებერი კენგურუც და ყვითელი ძაღლი დინგოც, და ორივემ ერთმანეთს მიმართა:
- სულ შენი ბრალია!
* * * * * * *
მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე


