მხატვრობას, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მღვიმეთა კედლებს ამშვენებდა და სულ მუდამ იქ იქნება გამოფენილი, ფრანგმა სწავლულებმა „უძრავი“ ხელოვნება უწოდეს, ადამიანის მიერ ნაქანდაკევ საგნებს კი - „მოძრავი“ ხელოვნება.
მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ კაჟის იარაღების მკეთებელმა კაცმა ქვაზე კვეთის საიდუმლოს უფრო ადრე მიაგნო და მხატვრობაზე ადრე ქანდაკება შექმნა.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უძველესი ქანდაკებები ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანს, დედას განასახიერებდა.
როცა შემოქმედმა სიცოცხლის დამბადებელი დედის სახე ქვაში გააცოცხლა, თანამოძმეებმა იგი ღვთიური საიდუმლოების მფლობელად მიიჩნიეს, ხოლო მის მიერ გამოქანდაკებული დედის სახე სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებად აღიარეს და საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ.
ამას ასე დაბეჯითებით იმიტომ ვამბობთ, რომ არქეოლოგებმა მღვიმეების გათხრისას იპოვეს ქალის უამრავი ქანდაკება. აქვე იყო ჩინებულად ნაოსტატარი ცხოველთა ქანდაკებებიც.
კაცობრიობის ყრმობის ხანის დროინდელი მღვიმური ხელოვნების აღმოჩენა მსოფლიო კულტურის დიდი შენაძენი იყო. მაგრამ დიდხანს მიაჩნდათ, რომ იგი მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრები ხალხების კუთვნილება იყო.
გავიდა წლები და ქვის ხანის ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს ჩრდილოეთის ქვეყნებშიაც მიაკვლიეს.
1920 წელს ირკუტსკის მახლობლად, სოფელ მალტაში რუსმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძველი ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მათ დაამტკიცეს, რომ მიწაში წრიულად ჩასობილი მამონტის ძვლები იმ უძველეს ეპოქაში ნადირის ტყავით იყო შემოზღუდული.
ამ მრგვალი კარვების შუაგულში (რომლის მსგავსი ახლაც აქვთ ტუნდრის მაცხოვრებლებს) ცეცხლის კერები ღვიოდა.
არქეოლოგებმა სწორედ კერების გარშემო იპოვეს ხელოვნების უძველესი ძეგლები: ერთ მიწურში ეგდო ძვლისაგან გამოკვეთილი ფრინველის ფიგურა წვრილი, გრძელი ყელითა და გაშლილი ფრთებით - გაფრენილი გედის გამოსახულება. აქვე ნახეს მამონტის ეშვისაგან გამოკვეთილი ქალის ქანდაკება. სამხრეთული შიშველი ფიგურებისაგან განსხვავებით, ეს ბეწვის ქურქიანი გამოსახულებაა.
იპოვეს კიდევ ძვლის ფირფიტა ზედ ოსტატურად გამოკვეთილი მამონტის ფიგურით. ამ ოცდახუთი ათასი წლის წინათ ნაკვეთი ეს ფირფიტა ერთ-ერთი საუკეთესოა ძველი ქვის ხანის მხატვრების მიერ შექმნილ ნაწარმოებთა შორის.
იგი საინტერესოა იმითაც, რომ მამონტი, რომელსაც ჩრდილოეთის სპილოც შეიძლება ვუწოდოთ, დიდი ხანია გადაშენდა. შორეულ წარსულში ეს გიგანტი რუსეთის დაბურულ ტყეებსა და ტრამალებში დახეტიალობდა - იგი სამი მეტრის სიმაღლისა იყო, გრძელი ხორთუმი და დიდი, თეთრი ეშვები ჰქონდა, ზოგი რვა ათას კილოგრამს იწონიდა. ამიტომ მისი მონადირება ჩრდილოელი ადამიანის ოცნება იყო.
ერთი მამონტი რამდენიმე ოჯახს მთელზამთარს ყოფნიდა და მიუხედავად იმისა, რომ გამძვინვარებულ ცხოველთან ბრძოლის დროს ბევრი მონადირე იღუპებოდა, ადამიანი თავისას არ იშლიდა. ან კი რა უნდა ექნა, იმ დროს ხომ კაცი თავს ნადირობით ირჩენდა და ნადირს თუ არ მოკლავდა, ზამთარში შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა.
მამონტი ადამიანის სალოცავი ცხოველი იყოდა ამიტომ იგი ქვასა და ძვალზეც კვეთდა მას და ხატავდა კიდეც.
ჩრდილოეთის ქვეყნებში მცხოვრები ძველი ქვის ხანის ადამიანები მხატვრობაშიც კარგად იყვნენ გაწაფულნი. ამის დასტურია სამხრეთ ურალში, მდინარე ბელოეს მარჯვენა ნაპირზე მდებარე კოპოვაიას მღვიმის მხატვრობა.
კედელზე ცხოველების ულამაზესი ფიგურებია გამოხატული: მამონტები, მარტორქები და გარეული ცხენები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან და ცოცხლად წარმოგვიდგენენ შორეულ წარსულში მცხოვრებ, უკვე გადაშენებულ, ღონიერ და გიგანტური აღნაგობის ცხოველებს.
ძველი ქვის ხანის ხელოვნების აღმოჩენამდე კაცობრიობა უმთავრესად შუამდინარეთის, ეგვიპტისა და საბერძნეთის მხატვართა შემოქმედებას იცნობდა. მღვიმეების შესწავლის შემდეგ ხელოვნების ისტორიამ ათასწლეულების სიღრმეში გადაინაცვლა.
მაგრამ უძველეს - მღვიმურ ხელოვნებასთან შედარებით ახალ - შუამდინარეთის მხატვარობას შორის, სულ ცოტა, ექვსი ათასი წელი იდგა - და არსად ჩანდა იმ ხალხის შემოქმედება, ვინც პირველად სახლი ააშენა, ყანა დათესა და ცხოველი მოიშინაურა.
ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ უცნობი იყო ახალი ქვის ხანის, ანდა, როგორც ჩვენ ვუწოდეთ, ფიქრის ეპოქის ხელოვნება.
მეცნიერებმა ახლა ამაზე დაიწყეს ზრუნვა, ისევ აიკრიფეს გუდა-ნაბადი, გზას დაადგნენ და, როგორც იცით, მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მიაკვლიეს მიწაში ჩაკარგულ უძველეს სოფლებს, რომელთა არსებობა მანამდე არავინ იცოდა.
საქართველოსა და სომხეთში, აზერბაიჯანსა და შუა აზიაში, შუამდინარეთსა და სირია-პალესტინაში არქეოლოგებმა ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ძეგლი გამოამზეურეს. აქ ერთი აღმოჩენის ამბავიც უნდა გავიხსენოთ.
მდინარე ხრამის ნაპირზე, გეოითეფეს გორაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ერთი უძველესი ალიზის ნაგებობის ნანგრევები აღმოაჩინეს. პატარა ბიჭმა, რომელსაც ნიკა ერქვა, იატაკი ჯაგრისით გაასუფთავა, და გამოჩნდა მცირე ქანდაკების ცხვირი და ცალი თვალი, ეს ადგილი სიფრთხილით გაასუფთავეს და ნახეს ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი კაცის გამოსახულება, რომელსაც დიდი, ბუკუნა ცხვირი, ყურებამდე პირი, ირიბად გაჭრილი თვალები და სახესთან შედარებით პატარა, მრგვალი თავი ჰქონდა.
ეს იყო ხელოვნების პირველი ნიმუში, რომელიც საქართველოს გვიანი ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩნდა.
შემდეგ ქვემო ქართლის ერთ უძველეს სოფელში, სადაც ჩვენი წინაპრები შვიდი, რვა ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ, იპოვეს შესანიშნავად ნახელავი ქალის ქანდაკებები. განსაკუთრებით ლამაზია ხრამის დიდ გორაზე მოპოვებული ქალის ქანდაკებები.
ერთს ძალიან ლამაზი სახე აქვს, ტანზე ჭრელი კაბა აცვია, რაც წარმოდგენას გვიქმნის იმ უძველეს ხანაში მცხოვრები ქალის ტანსაცმელზე.
მიწათმოქმედი ხალხის მიერ შექმნილი უძველესი შემოქმედება განსაკუთრებით გაამდიდრა და გაალამაზა თქვენთვის უკვე ცნობილმა ჩათალ-ჰუიუკის ხელოვნებამ. ამ უძველეს სოფელში აგებული საკულტო ნაგებობები, რომლებსაც პირველყოფილი „ტაძრები“ შეიძლება ვუწოდოთ, მხატვრობითაა მორთულ-მოკაზმული და იმ უხსოვარ დროში მომხდარ საინტერესო ამბებზე მოგვითხრობს.


