კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:00

 

ზაფხულის დღე იყო ძალიან მხურვალე, ასე რომ თუ საღამოზედ წვიმას არ დაენამა ქალაქის ქუჩები და არ გაეგრილებინა ჰაერი, ძალიან შესწუხდებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი შეგუბებულ ჰაერისაგან. გაგრილებული ტფილისის ღარიბი ბუნება თითქო გამხიარულდაო, გაცოცხლდაო.

ხალხით აივსო ბულვარი და სიცხისაგან აქამდის დამწყვდეულ ხალხმა გაიხმაურა ქუჩებში. მზე ჯერ არ იყო ჩასული და, როგორც მორცხვი ლამაზი ქალი, იჭყიტებოდა მთის წვერიდამა, თითქოს არ უნდა, რომ დაინახოს ვინმემო.

გარშემო მთები და მინდვრები ალამაზდნენ წვიმის შემდეგ, როგორც ლამაზი ქალის ლოყები ცრემლისაგან. სხივი მზისა ზედ დახაროდა მინდვრებს და მთებს, ხან წამოაფარებდა ჩრდილს, როცა თვით მიეფარებოდა ღრუბელსა. ერთი სიტყვით, იყო იმისთანა საღამო, რომ შინ ჯდომა ცოდვა იყო. გული ისე სუბუქად იყო, გრძნობაც ისე ხალისიანად იღვიძებდა კაცში, რომ უყურებდა ამისთანას ერთბაშად გაღიმებულ გარემოებასა.

ერთ ღარიბ და საწყალ ვიწრო ქალაქის ქუჩაში იდგა ერთი დაბალი, ძველი სახლი. პატარა ქუჩის პირას ორი ფანჯარა გაეღო პატრონსა, რათა გაეგრილებინა ოთახის ჰაერი. ყვავილებით იყო მორთული ორივე ფანჯარა, ყვავილებშორის მოჩანდა თავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც იჯდა სკამზედ და ჰკერავდა რაღაცასა. იგი მთლად მიზიდული იყო საკერავისაგან, მთელი თავისი ყურადღება მიექცივა ხელსაქმეზედ, და ეს მშვენიერი საღამო, ეს მშვენიერი ლაჟვარდი ცა, ეს სიგრილე და ეს სიცოცხლე ბუნებისა იყო თითქმის უქმი იმ ქალისათვის.

ხანდისხან, თუ გაიხმაურებდა ვინმე ქუჩაში, ქალი აიღებდა თავს და უნებურად გარდმოხედავდა ქუჩას, მაგრამ შემოხედვა იგი ცხადად აჩვენებდა კაცს, რომ ქალს არაფრის დანახვა არცა სურს და არც იამება. მერე ისევ ჩაღუნავდა თავს და მუშაობდა. არაფერი არ უშლიდა ამ ქალს: შინაც ჩუმობა იყო და გარეთაც იმ ქუჩაში, სადაც საქმისათვის თუ გაივლის კაცი, თორემ ისე ძნელად მოხვდება ხოლმე.

არ გასულა რამოდენიმე ხანი, რომ იმ ფანჯარას, სადაც ის ქალი იჯდა, მოადგა ერთი წმინდად ჩერქეზულად ჩაცმული ყმაწვილი ბიჭი.

- ჩემმა ბატონის ქალმა მოგართოთ ეს წიგნი და მოგახსენათ, პასუხი მიბოძეთო, - უთხრა ბიჭმა.

ქალმა გამოართო წერილი, ლამაზ ფოშტის ქაღალდზედ დაწერილი, და დაიწყო კითხვა.

- კარგი, მაახსენე, მზად ვიქნები-თქო, - უთხრა ქალმა. ბიჭმა დაუკრა თავი და წავიდა, ქალიც ადგა სკამიდამ, მოახლოვდა უფრო ფანჯარას და დადგა დაფიქრებული.

მშვენიერის ტანისა იყო ქალი იგი; სახე არ იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ არც უფრო ბევრს უყურებდი, უფრო და უფრო მოგწონდა; მისი მშვენიერი შავი თვალები და თვით მთელი სახის მეტყველობა ამტკიცებდა, რომ... პატრონი ამა შავი თვალებისა ჩვეული იყო ფიქრისა;

ეს იყო მგონი მიზეზი, რომ სახე მისი თანდათან უფრო მიიზიდავდა. თუ გნებავთ, სიამაყეც ეწერა სახეზედ, მაგრამ ის სიამაყე კი არა, რომელსაც მამაკვდინებელ ცოდვად ვუხმობთ, არამედ ის სიამაყე, რომელმაც იცის თავისთავის პატივი, რომელიც რა ამაღლებს თავისთავს, არამც თუ ამდაბლებს სხვას, არამედ სხვაც აჰყავს თავის თანასწორად.

- რაო, შვილო? ლიზოს წიგნი მოგივიდა? - ჰკითხა ერთმა მოხუცებულმა დედაბერმა, რომელიც ისე მოახლოვდა, რომ ქალმა ვერ გაიგო.

- ჰო, დედაჯან! მეპატიჟება, შემოგივლი და ცოტად გავისეირნოთო, - მიუგო დაღონებულმა ქალმა.

- რაღას უყურებ, ჩაიცვი, შვილო, და წადი.

- წასვლით კი წავალ, მაგრამ საკერავი უნდა ხვალზევით მზად იყოს; ვაი თუ ვეღარ მოვასწრო და მერე რა ვქნა?

- ჯანი გავარდეს მაგ საკერავსაც, - სთქვა გულმტკივნეულად დედამა, - და ჩვენ წყეულ ბედსაც. შენ კი ლამის მოგიდნოს მაგვდენ შინ ჯდომამ და შრომამა. წადი, შვილო, ჩაყლაპე წმინდა ჰაერი, იმხიარულე. ღმერთი მოწყალეა, როგორმე გვიშველის.

ქალმა აღარა უთხრა რა, მობრუნდა და წავიდა ტანთ ჩასაცმელად. დედაბერი დარჩა ფანჯარასთან. ცრემლები მოსდიოდა თვალში, მაგრამ თავს იმაგრებდა, თითქო ეშინიანო, რომ არავინ შეასწროს თვალი იმის ცრემლსა.

იმას არავისი არ ეშინოდა, თავის ქალს უმალავდა თავის მწარე ცრემლსა. პატარა ხანს შემდეგ მოგრიალდა კალიასკა. შიგ იჯდა ერთი ლამაზი, მხიარული, 18 ანუ 19 წლის ქალი, რომელიც კალიასკის დაყენებისვე უმალ ქორსავით გადმოფრინდა კალიასკიდან. ჯერ მივარდა ერთ ფანჯარას, იქ არავინ დაინახე, მერე მეორეს, იქ იდგა მწუხარე დედაბერი.

- კატო სად არი, დედიჯან? - ჰკითხა ფანჯრიდამ ქალმა.

- ტანთ იცვამს, ჩემო კარგო ლიზავ, და ეხლავ გიახლება, შენი ჭირიმე, შენი, - მიუგო ალერსით დედაბერმა.

- უჰ! რა მძიმედ იქცევა ეგ თქვენი ზარმაცი ქალი, ყურები უნდა გაუწიო ხოლმე, რომ გადააჩვიოთ ზარმაცობას, - უთხრა ღიმილით ქალმა.

- კაი დროც იქნება, - მიუგო ღიმილითვე კატომ, რომელსაც ჩაეცო ტანთ და მოდიოდა.

- რა ცუდი დრო იქნება! წამო, კარგი, წავიდეთ, ხალხით სავსეა ბულვარი.

მშვიდობით, დედაჯან, - უთხრა ლიზომ დედაბერს, რომელსაც მთელ ამ ლაპარაკის განმავლობაში ღიმილი არ მოშორებია დამჭკნარ სახიდამ.

ლიზო გაიქცა კალიასკისაკენ და ჩაჯდა, კატოც გამოვიდა და ჩაუჯდა გვერდით. მობრუნდა კალიასკა და გასწია ბულვარისკენ. მინამ ისმოდა გრიალი კალიასკისა, მანამ დედაბერი იგი, რომელიც ერთის წუთით გაღიმებული იყო, წარბშეკრული და სველ თვალებით იდგა უძრავად, თითქო მიკერებულია იმ ალაგსაო. რაკი კალიასკის ხმა მისწყდა, მივიდა, მიჯდა ტახტზედ და წამოსქდა თვალთაგან დიდიხნის მოგუბებული ცრემლი.

- ღმერთო!.. - მოსთქვამდა ბებერი, - ღარიბის კაცის გაჩენაში არ რეულა შენი მოწყალება! დაგვბადე და გვიბრძანე: ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი! მინამ შემეძლო, შემომიჩივლია განა შენთვის, მაღალო ღმერთო, ჩემი სიღარიბე? დავბერდი, თვალთ დამაკლდა და ხელი მიკანკალებს, ჯანში ღონე არ შემრჩა. მინამ შემეძლო და ჩემი პატარა კატო იყო ინსტიტუტში, პურის ცხობით ვინახამდი ჩემს თავსა.

ეხლა აღარ შემიძლიან-რა, ეხლა ჩემი საწყალი კატო დღე და ღამეს ასწორებს ჩემის შენახვისათვის, მე კი, როგორც ბატონი, ხელგაუნძრევად, ჩემის ქალის თითების ნაშოვარს და მონაგარს ვჭამ და ვსვამ.

ტყუილია, რომ შვილმა ხელზედ ერბოკვერცხი მაიწვასო და ისე გამოზარდოს მშობელი დედაო, მაინც იმის ამაგს ვერ გადიხდისო, ეგ ბედნიერმა უნდა თქვას, რომელმაც არ იცის, რა არის შრომა, რომელსაც არ გამოუცდია დღე შრომითა და ღამე იმ ფიქრითა, რომ ხვალაც ეს დღე დღე იქნება, ღამეც - იგივე ღამე...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen