კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:25

 

I

 

მე იმას შევხვდი ერთის დიდის კაცის წვეულებაში. ტურფად დარახტულ და დაკაზმულ ქალ-კაცთა შორის, რომელნიც მის გარეშემო ჯიანჭველასავით ირევოდნენ, განდეგილად და განშორებულად მათგან იჯდა იგი მარტო ერთს კუთხეში და უყურადღებოდ გამოიჭრიტა თავის კუთხიდან, როგორც ია სურნელი და მშვიდობიანი თავის ჩრდილიდანა.

იმ უგემურს და თითქო ნაბძანებს მხიარულებაში იგი არ ერეოდა, თუმცა კი გონიერნი თვალნი მისნი თან სდევდნენ იმ ჭრელს ხალხსა.

იმის სახის მეტყველება, რაღაც მშვიდობიანის მშვენიერებით და კეთილშობილის სიამაყით სავსე, არას აჩენდა იმისთანასა, რომლითაც მის მაყურებელს შეეძლო ეცნო, რომ იგიც თანაზიარია იმ უგულო მხიარულებისა, რომელიც დიდკაცის შეყრილობაში მეუფებს ხოლმე.

მშვენიერო ქალო! წარსულთა დროთა მოგონებამ განმიღვიძა ბევრი რამ იმისთანა, რომლის წარმოდგენითა უკეთესნი ძარღვნი მწყდებიან; სხვათა შორის განმიღვიძა შენი სახეცა, შენი სახელიცა, რომელსაც არავის ვაუწყებ და რომლის მოგონებითაც განმიცხოველდება ხოლმე უკეთესნი ჩემნი იმედნი კაცის სიწმინდეზედ და სიკეთეზედ..

კავშირი, რომელიც ჩვენ შრის იყო, იყო წმინდა, ვით მცნება ღვთისა: მე შენ პატივს გცემდი, ვით უკეთესსა დედაკაცსა, და თაყვანება ჩემი ამის გარედ არ გადიოდა და არც გასულა.

ხსენებულს ყრილობაში მე შევხვდი მას მეორედ, იგი იყო მაშინ თექვსმეტის წლისა. მე მის სახე არ აგიწერ, მკითხველო, იმისათვის, რომ საცა ლაპარაკია სულის სიღონეზედ და ადამიანის ზნეობითს ძალაზედა, იქ სახე შენთვის საჭირო არ არის.

მე, როგორც ნაცნობი, მივედი მასთან და ნება ვსთხოვე მასთან დაჯდომისა. თავის დაქნევით მანიშნა ნების დართვა. მე დავჯეგ.

– მე მიკვირს, რომ ამ საუცხოვო მხიარულებაში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ, - დავიწყე მე, - რათა ზიხართ მარტო?

- მე მიკვირს, რომ თქვენ ეგ გიკვირთ, - მიპასუხა მან და, თითქო ლაპარაკი აღარ უნდაო, თვალი აადევნა ხალხსა.

- საკვირველი რა არის, რომ მე გავიკვირვე თქვენი მარტოობა ამ დიდს წვეულებაში. თქვენს ხანში ეგ სწორედ საკვირველია.

იმან ამაზედ მე პასუხი არ მაღირსა, ხოლო ტუჩები აიწურა და მით მაჩვენა, რომ ჩემი ეგ სიტყვები არ მოეწონა.

- მე როგორც გატყობთ, დღეს ვერა ხართ ლაპარაკის ქეიფზედ, - კვლავ დავიწყე მე.

- მაგისას ვერას მოგახსენებთ, - მიპასუხა იმან, - არის ერთგვარი ლაპარაკი, რომელიც კაცს ქეიფზედ ვერ მოიყვანს.

- ესე იგი სულელური, - დავასწარ მე.

- თუნდა სულელურიცა.

- მადლობელი ვარ დაურიდებლობისათვის და პირში თქმისათვის.

- არა ღირს მადლობად.

- რატომ? დაურიდებლობა და პირში თქმა ჩვენს საუკუნეში ღირსებაა.

- ნუთუ მართალს ბძანებთ? - მომიგო მან გაკვირვებით და ჩემკენ მობრუნდა, - ღირსებააო, პირველად მესმის.

- საკვირველიც არ არის: თქვენ იმისთანა წრეში ცხოვრობთ, რომ მართლადაც უნდა დავიჯერო, რომ პირველად გესმისთ.

- თქვენ ჩემ წრეს თავი დაანებეთ. იგი განსაკიცხველი კი არ არის, შესაბრალისია.

- მე იმ წრის განკიცხვას დავეჩვიე და ამ ჩვეულებას თქვენის პატივისცემით ვერ გადავეჩვევი.

- როგორ თუ დაეჩვივეთ? მე არ მესმის.

- იქნება ვერც გაიგოთ.

- იმიტომ ხომ არა, რომ მამა-პაპის თქმულისამებრ დედაკაცს თმა გძელი აქვს და ჭკვა მოკლე.

- მე ეგ არ მინდა მეთქო. მე მარტო იმას ვამბობ, რომ კაცმა უნდა ან თვალით იხილოს, ან გამოსცადოს ტანჯავ მრავალთა, რომ სრულის სიძულილით შეიძულოს ის, რაც იმ ტანჯვის მიზეზია. ჩემის ფიქრით ერთ მიზეზთაგანი ის არის, რომ კაცთა ცხოვრების ანბანში ასომთავრულები არიან, რომელნიც იხმარებიან წერტილის შემდეგ, ესე იგი მის შემდეგ, როცა აზრი წყდება.

- კარგი მკაფიო ოხუნჯობა გცოდნიათ, - მიპასუხა მან დაცინვით: - მაგრამ ამ ქებასთან ესეც უნდა გითხრათ, რომ მე თქვენთან ლაპარაკი არ შემიძლიან. ამას უღონობაში კი ნუ ჩამომართმევთ, მე იმიტომ არ შემიძლიან, რომ თქვენ ერთს საგანზედ არა სდგეხართ და ფეხს ვერ იმაგრებთ, რაზედაც დადგებით ხოლმე. მაგრამ რა? ეგ საზოგადო თქვენის ყალიბის ხალხის ჭირია. მე ვგონებ, რომ მრავალთა ტანჯვის მიზეზი თანმიუყოლებლობა და დაუდგრომელობა არის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- იქნება ეგეც მართალი იყოს.

- მე მიხარიან, რომ თქვენ მართლმსაჯულობის ნიჭი გქონიათ, რადგანაც თქვენი თავი თქვენვე განკიცხეთ.

ძალიან მომეწონა იმ ქალის ესეთი გაბედვით ლაპარაკი და პირში თქმა. ეგ პირში მიხლა სიმართლისა, დაურიდებლობა, რომელსაც ქვეყანაში უზდელობას ეძახიან, მე ყოველთვის ტალანტის და ნიჭიერების ნიშანი მგონია. მე ჩემს გულში გავიფიქრე, რომ ამ ქალს გაფრთხილება უნდა და ისე დავიჭირე საქმე.

- რაში შემწამეთ დაუდგრომელობა? - ვკითხე მე.

- ნუთუ არ გესმით, რაში? თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი მასზედ, რომ უნდა თუ არა უგუნურებას განკიცხვაო, მერე - არ ვიცი, რომელ ხიდით, - ამ განკიცხვიდამ გადახვედით სიძულილზედ. რომელზედ მოგცეთ პასუხი?

- თუნდ იმაზედ, რომ მე ვამბობ, უგუნურებას განკიცხვა უნდა-მეთქი.

- ჯერ მიბრძანეთ, რაზედ ააშენეთ ეგ განკიცხვის უფლება?

- კაცის წაუმხდარ ბუნებაზედ. ყოველს ცუდს გამოაშკარავება უნდა, საქვეყნოდ გამოფენა.

- რისთვის?

- სხვათა საზიზღრად.

- ნუთუ ეგ არის თავი და ბოლო კაცის მოქმედებისა?

- მე მგონია.

- სრულებით შემცდარი ხართ. ცუდი თითონ საზიზღარი არ არი, საზიზღარი არის იმისათვის, ვისაც უთქვენოთაც განწმენდილი აზრი აქვს, ამგვარ ხალხს თქვენი გამოფენა არ უნდა. ჩემის ფიქრით, ცუდი და კარგი ქვეყანაზედ თავისთავად არ არსებობს. მგონი, თუ მეხსიერებამ არ მიღალატა, შექსპირი ერთ ადგილას ამასვე ამბობს და უმატებს, რომ კაცის აზრისაგან არისო - ერთი საგანი ცუდი და მეორე კარგი.

- ეგ მართალია.

- მაშ თუ ეგ მართალია, თქვენ მტყუანი ხართ, იმიტომ რომ აქ განკიცხვა, ესე იგი გამოფენა ცუდისა, კი არ უნდა, კაცის აზრის განწმენდა უნდა. ესე იგი ყოველი ჩვენგანი იქამდინ უნდა განვითარდეს, რომ მის გონიერებას თავისი საკუთარი საზომი ჰქონდეს. აი მოედანი. იღვაწეთ, გულმტკივნეულნო გამკიცხველნო!

- განკიცხვა ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომლითაც ადამიანს შეუძლიან მაგ განვითარებამდინ მისვლა.

- კაცის გამცარცველს, ანუ კაცის მკვლელს დაუხატეთ მისი ავკაცობის სურათი, განეწმინდება გონება?.. იმისთანა სურათს ხომ ვერ დაუხატავთ, რომელსაც იგი თავისთვისა შეჰქმნის ხოლმე და ყოველთვის თვალწინა აქვს. რატომ არ ეზიზღება თავისი ხელობა?

- იმათთვის განკიცხვას ძალა არა აქვს, ისინი სნეულნი არიან ჩვენ შორის. იმათ წამლობა უნდა. ხოლო იმათი სიცუდის გამოფენა სხვას შეაყენებს.

- თუმცა მე ეგ არა მწამს, მაგრამ მაგაზედ დაგეთანხმებით. ახლა გადავიდეთ იმ წრეზედ, რომლის განკიცხვაც თქვენ ჩვეულებად გაგიხდიათ. თქვენის აზრით, თქვენი განკიცხვა იმ წრეს ვერ გაასწორებს, როგორც ცუდს კაცს მისი ცუდის საქმის გამოფენა. ახლა ერთი ეს მითხარით, მაშ რიღასთვისა ჰკიცხავთ? რომ სხვანი შევაყენოო, მეტყვით მე. რაზედ უნდა შეაყენოთ?

- რომ ის ცუდი არ მიითვისონ, რაც თან სდევს იმ წრესა.

- არ შეიძლება დამისახელოთ ის ცუდი?

- უქმობა, ფართიფურთობა, ქარაფშუტობა და ყველაზედ მავნებელი - სხვისით ცხოვრება.

- ქარაფშუტობა და ფართიფურთობა ყველა კაცის ჭირია საერთოდ და განსაკუთრებით თქვენისთანა კაცებისაც, უკაცრავოდ კი არ ვიყო.

- ნურას უკაცრავოდ. თქვენის ლაპარაკის ჰანგს მე ყური შევაჩვიე. თუმცა ყურსა სჭრის, მაგრამ გონებას აღვიძებს.

- რაც შეეხება უქმობას და სხვისით ცხოვრებას, ამაზედ აი რას გეტყვით. უქმნი თავიდამ ბოლომდინ ყველანი ვართ. სხვისით ცხოვრება ყველას გვიყვარს. არც ერთზედ და არც მეორეზედ მგონი თქვენც უარი არა თქვათ. ჩემის ფიქრით, შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას, სიტკბოებას კი კაცის ბუნება ეტანება. მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამ ორთა გრძნობათა ბრძოლაა, ერთ მხრივ იბრძვის შრომის სიძულილი, მეორე მხრივ სიამოვნების სურვილი.

- არა, შრომა - ცხოვრებაა, ცხოვრება - სიამოვნებაა.

- ეგ მარტო ლამაზი ფრაზაა, ჩემის ფიქრით. მე კიდევ ჩემს აზრს მივუბრუნდები, რომელიც არ გამათავებინეთ. უნდა ამაზედ დამეთანხმოთ, რომ შრომა კაცის ბუნებასა ჰსძულს. ეს სიძულვილი ასეთი ძლიერი, რომ, მე მგონია, კაცი იმოდენა შრომასაც არ იკისრებდა, რომ პური ეღეჭნა, თუ რამ სხვა ღონისძიება ჰქონოდა იმავე საჭიროების შესამსებელად. მაგრამ აი საქმე რაში მდგომარეობს.

სიამოვნება, რომლისათვისაც კაცი იბრძვის, რომლისათვის თვისთა შეძულებულს შრომას კისრულობს, ის სიამოვნება - უნდა კაცობრიული იყოს, აზრით და ზნეობით სავსე. მართალია, ის წრე, რომლის განკიცხვაც თქვენ ჩვეულებათ გამხდარა, იმ სიამოვნებით კმაყოფილია, რაც მას გარს ახვევია. დანაშაულობა იმათი მხოლოდ იმაშია, რომ კაცობრიულს, ესე იგი უმაღლეს სიამოვნებას, როგორც ზრუნვას მოყვასისათვის, მოქმედებას სხვის კეთილდღეობისათვის, შველას ქვეყნიერობის ფეხის წინ წადგმაში, არა ჰსცნობენ.

არა ჰსცნობენ იმიტომ, რომ მეცნიერების სინათლე არ მოხვედრია მათ და თავისი სიამოვნება - ჭამა-სმასა, ტანსაცმელსა და მეჯლიშობას იქით ვეღარ გადუცილებიათ. განგვანათლეთ, აღგვიმაღლეთ, განგვწმინდეთ და ჩაგვისახეთ დიდნი სიამოვნებანი და მაშინ დამერწმუნეთ, გულხელდაკრეფით არვინ გაიფუჭებს ცხოვრებასა.

რამოდენაც კაცში დიდია სიამოვნების სურვილი, იმოდენად მასში ძლიერია ბეჯითობა შრომაში, რადგან ქვეყანაზედ სიამოვნება უშრომოდ არ მოიპოვება. შრომა კაცსა სძულს, მაგრამ აუცილებელია. რამოდენადაც სიამოვნება მაღალია და შესაფერია ღვთისკერძ კაცისა, იმოდენად შრომა, როგორც გზა - მიმავალი სანატრელ საგნამდინა, ხალისიანია.

მხოლოდ მაშინ კაცი შეიყვარებს ხოლმე შრომას და ბუნებით სიძულილს მოჰსპობს, როცა იგი მიახწევინებს ხოლმე დიდ საგნამდინა. საქმე საგანია, რომლის მიხწევაც ადამიანისათვის არის უმაღლესი სიამოვნება. ხალხს მიეცით სურვილი დიდის კაცობრივის საგნის მოპოვებისა, და შრომას იგი სურვილი არამც თუ წაართმევს ყოველს მას, რაც კაცს შრომაში სძულს, არამედ თვით შრომას, თავისთავად საძულველსა, დიდი საგანი სიამოვნებადა ხდის.

მარტო ამით აიხსნება ის საკვირველნი ღვაწლნი და შრომაში და ჯაფაში ჯანის დალევა, რომელნიც უკეთეს კაცთა ცხოვრებაშია წაგვიკითხავს. წინ გამოხატული საგანი სცვლის სიამოვნებად შრომასა, თავისთავად უსიამოვნოსა. ეს არის ჩემი აზრი. ამას მერმეთ მგონი უბრალოდღა მკითხავთ, რატომ ჩემი წრის ხალხი არა შრომობსო. იმიტომ არა შრომობს, რომ საგანი არა აქვს. იმ მცირედს საგანს, რომლითაც იგინი იოლად მიდიან, მცირედის შრომითაც ადვილად პოულობენ. რიღასთვის იშრომონ?

შრომა ღონისძიებაა მისაღწევად რისადმე. ეგრე რომ არ იყოს, ნაცარქექიობაც შრომა იქნება, და, თქვენის აზრით, იგივე ნაცარქექიობა, ვითარცა შრომა, ცხოვრება იქნება და ის ცხოვრება - სიამოვნება.

- კარგად გამრიყეთ, - ვუპასუხე მე.

- დიახ, ჩემო ბატონო, იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდამ მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვეღარ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე განკიცხვისა. ან რად გინდათ, რომ მაგ წვრილმანის საგანთა მისახწევად იშრომონ, ეგ ნაცარქექიობა იქნება. სხვისით ცხოვრებენო, მართალია. ეგ არის ცხადი საბუთი იმათის უღონობისა, შეუძლებლობისა. ჩემი კანონია: უღონო შეიბრალე და ნუ განკიცხავ.

- მაშ, თქვენის აზრით, შებრალებაზედღა უნდა დავდგეთ და ქვეყანა თავისთავად გასწორდება.

- ეხლანდელნი მცონარე და უქმობით სავსენი ყმაწვილკაცნი დიახ გაიხარებენ, რომ ეგ აგრე იყოს. მაგრამ არა, ბატონო! თქვენს სიხარულს ფრთები მოეკვეთება, როცა ვიტყვი, რომ ქვეყანას გონების გახსნა უნდა, ქვეყანას სწავლა უნდა, ქვეყანას გაზრდა უნდა. თუ რამ შეგიძლიანთ, იმოქმედეთ.

- თქვენ რაღა აპირობთ?

- მე? ამჟამად მარტო ტანციობას. გნებავთ?

- დიდის სიამოვნებით. მოვხვიე ხელი და ტრიალით შევერიენით ხალხში.

 

II

 

გავიდა ორი თუ სამი თვე. იმ ქალს კიდევ შევხვდი ტეატრში. თუმცა მინდოდა იმის ლოჟაში შესვლა, მაგრამ მოვერიდე, რადგანაც ვიზიტი არ გამეკეთებინა. იმანაც თალი შემასწრო და მანიშნა, რომ შემიძლიან იმის ლოჟაში შევიდე. მეც ავედი. შევედი ლოჟაში თუ არა და დავჯეგ მის გვერდით სკამზედ, იმან მითხრა:

- მინამ თქვენ აქ ამოხვიდოდით, მე ვფიქრობდი: ეს ადამიანები, რომელთაც მე და თქვენ ვეკუთვნით, რად იჭირებენ საქმეს, რომ სხვადასხვა მოგონილის სულელურის წესით, რომელსაც ზრდილობას ეძახიან, ერთი-ერთმანეთს თავისუფლებას ართმევენ.

მე მეგონა, ამას ჩემზედ ამბობს-მეთქი, რომ მე თითონ ლოჟაში არ ავედი. - მეც, სწორედ მოგახსენო, - ვუპასუხე ჩემის თავის გასამართლებლად, - ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ვერ გავბედე აქ ამოსვლა, მით უფრო, რომ...

- მე არ გეგონეთ თანამოზიარე მაგ ფიქრისა, განა? - გამაწყვეტინა სიტყვა: - მაგრამ ესეც კი უნდა ვჰსთქვა, რომ მე სრულიად თქვენზედ არ მოგახსენეთ ის, რაცა ვსთქვი. მე ამ პიესაზედ ვფიქრობდი. ის სულელი ქალი სცენაზედ იტანჯება მისთვის, რომ მისი სულელი მამა ნებას არ აძლევს, რომ თავის საყვარელ კაცთან შეერთდეს, რადგანაც ქალის არჩეული კაცი დიდი ჩინების და შეძლების პატრონი არ არის.

მე ვიცი, რომ ამ ტეატრში ორი კაციც არ იპოვება, რომ მამა არ გაამართლონ. საკვირველი კია. თითონ გონების დაუკითხავად დაიხატვენ ხოლმე კაცის ღირსების სახეს და ვინც იმ დახატულობით აღტაცებაში არ მოდის, არ მოსწონთ. რად იკლავს ის სულელი ქალი თავს, წავიდეს და თითონ დაიწეროს ჯვარი.

მაგრამ სულელს ეშინიან, გარყვნილობაა მამის უნებურად გათხოვებაო, - ეს არის რიგიანის ზრდილობის დასკვნა. კაცის ბედნიერება ისეთი ძვირფასია, რომ მაგისთანა წვრილმანის წესიერებით არ უნდა შებრკოლდეს. მაგრამ ნახეთ, რა გავლენა აქვს დამდგარს და ცხოვრებაში მიღებულს სულელობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს ის ქალი იმას შეირთავს, ვისაც მამა ურჩევს და, თუ ავტორი უხეირო მწერალია, ამ მამის ქცევას ქებას შეასხამს.

- იმისათვის, რომ კაცმა მონების ჯაჭვი გაწყვიტოს, სულის ღონე უნდა. იმ ქალს ეგ არა აქვს.

- მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონეთ მარტო ცოდნა და განათლებაა. არა ღონე არ ექნება გაუნათლებელ კაცს თავის ჯაჭვის დასამტვრეველად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენში ან სულ არ არიან ამისთანა კაცნი, და თუ არიან, ძალიან ცოტა.

- ეგ ცხადია.

- უნივერსიტეტში ნამყოფი კი ბევრი ხართ.

- ეგ რაზედ მიბძანეთ?

- იმაზედ, რომ თუ ჩვენში მცოდნენი და განათლებულნი ცოტანი არიან ან სულ არ არიან, მაშ უნივერსიტეტში რას აკეთებდით მაგდენი ხალხი?

- იმას ვაკეთებდით, რომ შინაურობაში წამხდარი გული და ზნეობა ჩვენი ცოტად თუ ბევრად გავისწორეთ, გადავიკეთეთ. ჩვენ ვჯობივართ ჩვენზედ ცუდებს, ეს არის ჩვენი სახელი.

- შორს არ წასულხართ.

- ცოტათი მაინც ხომ წავედით წინ, თქვენ კი უკან და უკან მიდიხართ.

- ვინ ჩვენ?

- ქალები, ესე იგი მთელი ნახევარი საქართველოსი.

- უნივერსიტეტი ჩვენთვის დახურულია.

- გაიღეთ კარები და შედით.

- მოუმზადებელნი?

- მოემზადენით.

- რომ არ გვამზადებთ?

- კიდეც ეგა, რომ თქვენ სულ მზა-მზაობა გინდათ. თქვენ ვერას კარგს ვერა იქთ, თუ ძიძაობის შველაზედ ხელს არ აიღებთ. იბრძოლეთ და წაიღეთ. თორემ დაგიკრეფიათ ხელები და შესცქერით: აცა, კარს გაგვიღებენო და ჩვენც დავინახავთო მზიან ქვეყანასაო.

- ძალიან კარგი. ვსთქვათ, გამოვამტვრიეთ ჩვენთვის დახურული უნივერსიტეტის კარები, დავასრულეთ კურსი, მერე სად მოვიხმაროთ ჩვენი სწავლა და ცოდნა? რისთვის გვინდა?..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen