კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:00

 

I

 

სოფელი კილხა, ბაღებით და ვენახებით მორთული, დგას მთის დაქანებულს ფერდობზედა; წინ უფენია ერთი იმ მშვენიერ ველთაგანი, რომელნიც თავის სიტურფითა და შემკულობითა ეგრე ხშირად აკვირვებს ხოლმე საქართველოში მოსიარულე მგზავრსა.

იგი სოფელი ფრიად დიდია, მდიდარია წყლით, მინდვრით, ვენახებით და ტყითა და გაწყობილი კარგისა და რიგიანის დუქან-ბაზრითა, რომელიც, რასაკვირველია, ხელთ უპყრიათ სომხებსა. მასში დგას შვიდასი კომლი სხვადასხვა წოდების გლეხი და ოთხი კომლი თავადიშვილი ერთისა და იგივე გვარისა.

ამ თავადისშვილებ შორის არის ერთი ოჯახი თავად ქაიხოსრო ბაიდურაძისა, რომელსაც ამ ოცის წლის წინად თქვენი ჭირი წაეღო. ქაიხოსროს ცოლი, კნეინა თამარ, დარჩა ქვრივად ოცდაცამეტის წლისა. თუმცა ხანი აძლევდა კიდევ, რომ მეორედ გათხოვილიყო, თუმცა თამარს ბევრნიცა თხოულობდნენ, მაგრამ ქრმისა და შვილების ერთგულმა თამარმა გათხოვება აღარ მოინდომა და შეჰსწირა თავი იმ ოჯახსა, რომელშიაც დაქვრივდა.

ოთხი ვაჟიშვილიდამ უბედურმა თამარმა სამი შვილი თავის ქრმის შემდეგ კიდევ დამარხა; შერჩა მარტო უმცროსი შვილი, რომელიც ქაიხოსროს ოთხის წლისა დარჩენოდა. ამ ხუთის წლის წინად ეს დედისერთა შვილიცა წასვლოდა თამარს პეტერბურგის უნივერსიტეტში, მას შემდეგ, რაკი ტფილისის ღიმნაზია დაესრულებინა, და აქამომდე არ დაბრუნებიყო.

ამ ოცი წლის განმავლობაში უბედურის თამარის სახლსა სიხარული და მხიარულება სტუმრადაც არა სწვევია. მხოლოდ იმ დღეს, რა დღიდამაც მე ვიწყებ ამ ამბავსა, თამარის სახლში დიდი ფაცაფუცი და მზადება იყო; ეგონებოდა კაცს, რომ ამ სახლში ქორწილისათვის ემზადებიანო.

ბიჭები და გოგოები წინა და უკან დარბოდნენ, ჰსწმენდდნენ, ჰგვიდნენ და ბღერტდნენ საფენსა. მზარეული გადმომდგარიყო სამზარეულოს წინ დ აპირებდა გოჭის დაკვლასა, რომელიც ხელში ეჭირა და საშინელის ხმითა ჭყიოდა; ხაბაზს აელაპლაპებინა თორნე, რომელშიაც უნდა გამოეცხო გამტკიცული პური.

ეს მზადება იმისთვის იყო, რომ თამარი, ეხლა ფრიად მოხუცებული ხნიერობისაგან და გამოვლილის მწუხარებისაგან, სწორედ იმ დღეს მოელოდა თავის დედისერთა შვილსა, რომელსაც რუსეთში შეესრულებინა სწავლა და ამ ორი კვირის წინად მოსულიყო ქალაქში. ჯერ დილა არ გათენებულიყო, რომ გახარებული თამარი წამოდგა იმ დღეს ქვეშაგებიდამ და სანატრელის შვილის მისაღებად თავდარიგი დააწყო.

ამავე თავდარიგისათვის აქეთ და იქით დაფაცფაცებდა თამარზედ უფრო მოხუცებული გამდელი, რომელსაც ერქვა თითია. ეს თითია იყო ერთი იმ ძველებურ გამდელთაგანი, რომელთაც მუდამ უღელი დამონებისა და კირთება უანგარიშო მორჩილებისა დააკარგვინებდა ხოლმე თავის საკუთარის ბედნიერების გრძნობასა, დაავიწყებდა თავის საკუთარ თავსა, ოჯახსა, ნათესავობასა და თავს დაადებინებდა იმ სახლისათვის, რომელსაც ბედი დაუნიშნავდა და რომელშიაც უდრტვინველად დაასრულებინებდა თავის ყოფა-ცხოვრებასა უქრმოდ, უშვილოდ და უსახლკაროდ.

მე ჟრჟოლა მამდის ხოლმე, როცა მომაგონდებიან ის საკვირველნი, ერთგულობით განთქმულნი გამდელნი, ის თავის თავისათვის დაკარგულნი, დათრგუნვილნი, ამომშრალნი, ცოცხალმკვდარნი ადამიანები.

- ქა, თითიავ, - იძახოდა ოთახის კარებში გადმომდგარი თამარი: - თითიავ, ერთი აქ შემოიხედე, სადა ხარ?

- აქა ვარ, ქალბატონო, - ხმა მოსცა თითიამა საგამდლო ოთახიდამა: - ფქვილსა და თაფლს ვამზადებ ფალუსტაკისათვის. ჩემს დიმიტრის პატარაობისას ძალიან უყვარდა ჩემი გაკეთებული ფალუსტაკი.

- ერთი ჯერ აქ შემოდი, თავდარიგი დავაწყოთ, სიხარულისაგან ლამის ტვინი გამომელაყოს. ერთი აქ შემო.

პატარა ხანს შემდეგ თითია, სიბერისაგან დაპატარავებული, შემოგოგდა თამარის ოთახშია.

- თითიავ, - უთხრა თამარმა: - მითამ ჩემი დიმიტრი დღეს მოვიდეს? უი, ვენაცვალე იმის ლამაზს თვალებსა!

თითია ჩამოჯდა ტახტის პირსა, ჯიბიდამ ამოიღო შავი გამდლური კრიანოსანი და ხელში საანგარიშებლად გაიმართა.

- ქალბატონო, ცხენები როდის გაუგზავნეთ?

- ოთხშაბათს.

- დღეს რა არის?

- სამშაბათი.

- ოთხშაბათი ერთი, - ჩააგდო თითიამ კრიანოსნის მარცვალი, - ხუთშაბათი ორი, პარასკევი სამი, შაბათი ოთხი, კვირა ხუთი, ორშაბათი ექვსი, ესეც სამშაბათი შვიდი. სამი დღე ბიჭებს აქედამ დაუგვიანდებოდათ, ეს სამი დღე გამოვიდეთ, ახლა სამი დღე იქიდამ სიარულს მოუნდებიან, - ეს სამი დღეც გამოვიდეთ, ერთს დღესაც ქალაქში შეასვენებდნენ ცხენებსა, - ეს ერთი დღეც გამოვიდეთ, - ჩამოაგდო თითიამ უკანასკნლი დანიშნული მარცვალი და თქვა: - ბარი-ბარში გამოვიდა, დღეს უთუოდ მოვლენ. მერე თითონაც მეეწერა, რომ უთუოდ მოვალო.

- შენი კი არ ვიცი და მე კი, სწორედ გითხრა, ჩემო თითიავ, გული თავის ალაგას აღარ მიდგება სიხარულისაგან, - უთხრა თითიას თამარმა.

- ვენაცვალე ჩემს მაცხოვარს, - მიუგო თითიამ, - რომ ჩემი დიმიტრის ნახვას კიდევ შევესწრები. გმადლობ შენ, ყოვლად მოწყალეო ღმერთო და ნეტარხსენებულო ღვთისმშობელო დედავ!

თითიამ გულზედ ხელი დაიკრა და პირჯვარი გადიწერა.

- მოეწერა, სამშაბათს მოვალო, - ესეც სამშაბათი. ღმერთო, ეს დღე ისე არ დამიღამო, რომ ჩემი დიმიტრი არ მაჩვენო. ჩემო თითიავ, მე და შენ იმ ხანშია ვართ, რომ ჩემის დიმიტრის ერთის დღით წინ ნახვა ჩვენთვის დიდი რამ არი. უი, გენაცვალოს, შვილო, შენი მოუთმენელი დედა!

- მართალია, ქალბატონო, მაგრამ მე, რაკი იმასა ვნახავ, თუნდა მაშინვე მოვკვდე, ბევრს არას ვინაღვლი.

- რას ამბობ, დედაკაცო!.. სიცოცხლე ეხლა გვინდა, რომ დღედაღამ ჩემს დიმიტრის ზედ დავხაროდეთ. აქამდის რა იყო ჩვენი სიცოცხლე? ორი გამოყრუებული ბებრები ვისხედით ბუებსავით ამ ოთხ კედელშუა და ეს წუთისსოფელი ხან გვაკვნესებდა, ხან გვატირებდა. ეხლა კი, ”ღმერთო, ზოგჯერ პატიჟთა მომცემო, ზოგჯერ კეთილთა მზათაო”, ვენაცვალე შენს მადლს, რომ ამ ბედნიერ დღეს შემასწარ.

ეს თქვა თუ არა, თამარმა, მიიბრუნა პირი სახატესაკენ და სასოებით პირჯვარი გამოისახა. ამასობაში სიჩუმე ჩამოვარდა. თითიამ ჩაღუნა თავი და რაღაცაზედ ჩაფიქრდა. ხშირად ჩაღუნულს თავს ისევ მაღლა აიღებდა და შეხედავდა თამარს, რომელსაც დაეკვირვა თვალი ხატებისათვისა და ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქო ჩუმად ლოცულობსო. თითიას ეტყობოდა, რომ თქმა უნდა რისამე და არც უნდა, თითქო მორცხობსო.

- თითიავ, - მოუბრუნდა პატარა ხანს შემდეგ თამარი, - რაზედ ჩაგიღუნავ თავი? ეგ ჩვენს სიხარულს დღეს არ უხდება.

- ქალბატონო, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, ერთი რამ მინდა გკითხო და რიდი კი მაქვს: მართლა ეგრე მოეწერა დიმიტრის, რომ ”ჩემს საყვარელს თითიას, ჩემს მეორე დედასაო, გულმხურვალედ მოვეხვევიო?”.

- იმის ნახვა არ მეღირსოს, რომ მართალია. ამის გამგონეს თითიას, ამ საწყალს ბებერს, სიტყვა შეეკრა, სიხარულისაგან გული ამოუჯდა; ეტყობოდა, რომ თვალში ცრემლი მოერია, მაგრამ ცდილობს თავის შემაგრებას. ბოლოს კი გულმა ვეღარ გაუძლო, ტუჩები აუთრთოლდა, ნიკაპი აეწურა და აუკანკალდა და ორი მარგალიტი ცრემლი ობლად გადმოუცვივდა დამჭკნარს ლოყებზედა. თითიამ სწრაფლად მოიწმინდა სიხარულისა და მადლობისაგან გარდმოდენილი ცრემლი.

- თითიავ, ქა, რა გატირებს, - უთხრა ღიმილით თამარმა, - აბა ერთი ადეგ, სალომე, თევდორე და მზარეული აქ დამიძახე, შენც აქ შემოდი.

თითია წამოდგა და გავიდა გარედ.

- საწყალს გამდელს რარიგად იამა, რომ ჩემმა დიმიტრიმ ეგრე მოიწერა, - თქვა თამარმა, - სიხარულისაგან ცრემლი თვალში ვეღარ შეიმაგრა საწყალმა.

სალომე - გოგო, მოურავი თევდორე, მზარეული და თითია შემოვიდნენ. თითია ისევ ჩამოჯდა ტახტზედ, სხვანი კი ფეხზედ იდგნენ.

- შენ, ჩემო სალომე, - ბძანა თამარმა, - ჩემი დიმიტრის ოთახი ლამაზად დაგავე, აბლაბუდები ჩამოწმინდე, დიდი ორხუა გააბღერტინე და იმით იატაკი მოჰფინე.

- ქალბატონო, - გააწყვეტინა სიტყვა თითიამ, - ფეხთა ქვეშ სულ წახდება დიდი ორხუა.

- რას ამბობ, დედაკაცო, ჩემი დიმიტრის ფეხთა მეც გავეშლები, არამც თუ ორხუას დავიშურებ. შენ, ჩემო სალომევ, ისე მოიქეც, რასაც მე გეუბნები. მეორე პატარა ორხუა ტახტზედ გაშალე, ზედ დააფინე ახალი ქეჩები, ქალაქიდამ რომ მოვატანინეთ; ხავერდის მუთაქები რომ გვაქვს, თავსა და ბოლოში დააწყე. ვინძლო, ჩემო სალომევ, ოთახი ლამაზად მოურთო, ფაქიზად დაახვედრო.

- ბატონი ბძანდებით, - უპასუხა სალომემ, - სხვას ხომ არაფერს მიბძანებთ?

- არა, ჯერ კიდევ მამიცადე, იქნება მომაგონდეს რამე. შენ, ჩემო თევდორევ, ეზო ლამაზად დააგვევინე. შე ავო კაცო, როგორ ვერ მოასწარ ხეივნის გაახლება, სულ ჩამოწოლილია. ჰო, მართლა, სალომევ, ის კაი სტოლი რომ გვაქვს, ფანჯრებშუა დაუდგი.

საწერ-კალამი და ფოშტის ქაღალდი სტოლზედ დაუწყე. თევდორევ, თავლაც დააგვევინე.- თავლას რა დაგვა უნდა? - მოახსენა თევდორემ, - იქ ხომ არ შემობძანდება?

- რა ვიცი, შვილო, იქნება თავლის ნახვაც მოუნდეს. პატარაობისას იმას ცხენები ძალიან უყვარდა. ახლა, თითიავ, სადილად რა გავაკეთებინოთ, იქნება სადილადმოვიდეს ჩემი დიმიტრი.

- რაც უყვარს, ის გავაკეთებინოთ, - უპასუხა თითიამ, - აქ ყოფნაში ძალიან უყვარდა ჩიხირთმა, ჩიხირთმა გავაკეთოთ. მე კი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მარტო ჩემი გაკეთებული ჩიხირთმა უყვარდა.

- განა ჩიხირთმას მე კი ვერ გავაკეთებ? - თქვა წყენით მზარეულმა, - ასეთს ჩიხირთმას გავაკეთებ, რომ თითიას თვალითაც არ ენახოს.

- უი, მეხი კი დაგაყარე მაგ სულელს თავზედა, - წააყარა ქოქოლა თითიამა, - ვერ უყურებ? არ ენახოსო! არა, ქალბატონო, ჩიხირთმა და ფალუსტაკი მე უნდა გავაკეთო. ვიცი, რომ სხვის განაკეთს ის ისე მადიანად არ მიირთმევს.

- კარგი, თითიავ, შენ ჩიხირთმა და ფალუსტაკი გააკეთე, შენ კი, - მიუბრუნდა მზარეულს თამარი, - ლამაზი გოჭი დაკალ, ცივად მოხარშე, კარგი ინდაური შეწვი და შაქრის პურებიც გააკეთე. ჰო, მართლა, თევდორევ, ხაბაზსა უთხარი, რომ პური გამტკიცოს და კარგი შოთები დააკრას, ჩემს დიმიტრის შოთები ძალიან უყვარდა.

თითიავ, ღვდელი უნდა დავიბაროთ, რომ ჩემი დიმიტრის მოსვლის უმალ პარაკლისი ვახდევინოთ.

- არ იქნება ურიგო, ოღონდაც, პარაკლისი უნდა ვახდევინოთ, - მიუგო პასუხად თითიამ.

- მაშ, თევდორე, ერთი ვინმე გაგზავნე ღვდელთან, რომ შინ იყოს და დიმიტრის მოსვლის უმალ აქ ამოვიდეს. ეხლა წადით, ყველამ თქვენ-თქვენი თავდარიგი ნახეთ.

თითიავ, შენ აქ იყავ, ყველას უთხარი, რომ ვინც პირველად მახარებს ჩემი დიმიტრის მოსვლას, კაცი იქნება, - კაი ჩოხას უყიდი, გოგო იქნება, - კაი კაბასა.

სალომე, თევდორე და მზარეული გავიდნენ.

- თითიავ, შენც უნდა მაირთო დღეს. შენი ჭირიმე, ჩემი დიმიტრის გამოგზავნილი ახალი კაბა ჩაიცვი.

- უი, რას მიბძანებ, ქალბატონო! მეტად მხიარულია, ჩემ ხნიერობას არ მოუხდება ვინ რას იტყვის! არა, მე ახალი თალხი კაბა რო მაქვს, იმას ჩავიცვამ.

- არა, თუ გიყვარდე, დიმიტრის გამოგზავნილი კაბა ჩაიცვი.

- რას ბძანებთ, გეთაყვა, სიცილად არ ვეყოფი ხალხსა.

- თუ დიმიტრი გიყვარს. დღეს, ჩემო თითიავ, ჩვენი, ბებრუხანების, ქორწილია, მეც პატარძალსავით მოვიპრანჭები, ჩემს ქვრივობის აქეთ სოსანი კაბა არ ჩამიცვავს და დღეს მეც იმის ჩაცმას ვაპირობ. თუ დიმიტრი გიყვარს, ჩემო თითიავ! იამება, რომ მხიარულად დავხვდებით.

- ბატონი ხარ, რაკი ეგრეა, ჩავიცვამ, ამაზედ უკეთესს დღეს სადღა შევეყრებით, ჩავიცვამ, თქვენმა მზემ.

- მადლობელი ვარ. მაშ ეხლა წადი, შენ შენი საქმე ნახე და მე ხატებს ჩამოვიღებ და გავწმინდავ, ვენაცვალე ამათ მადლს, რომ ჩემი შვილის ნახვას მაღირსებენ.

თითია გავიდა. თამარი წამოდგა ტახტიდამ, მივიდა სახატესთან, მოიყარა მუხლი და ხელებაწვდილი დიდხანს და დიდხანს ლოცულობდა.

ეს ამბავი იყო თექვსმეტს მარიამობისთვეს, დილის ხუთს საათზედა.

 

II

 

თამარის სახლში ყოველიფერი მზად იყო დიმიტრის მისაღებად, მაგრამ თითონ დიმიტრი არსაით ჩანდა. თამარი და თითია მორთულები ისხდნენ ფანჯარასთან, რომლიდამაც მთელი ეზო ჭიისკარებამდინა ჩანდა, და მოუთმენლად შეჰყურებდნენ წინ გაზიდულს საურმე გზასა.

ის დღეც დაღამდა. საწყალი თამარი და თითია არ მოშორებიან ფანჯარასა, მინამ მოხშირებულმა ბინდმა არ დაუშალათ ყურება. მხოლოდ მაშინ ჩამოეცალნენ საწყალნი ბებრები ფანჯარას და მოწყენილის სახით დასხდნენ ტახტზედა.

დაიდგეს თამარმა და თითიამ შუაში სანთელი, ამაიღეს კრიანოსნები ხელში სათამაშებლად და გასართობლად. იმ ოთახის სიჩუმესა კრიანოსნების მარცვლის ერთმანეთზედ ცემა არღვევდა. გაჩუმებულნი და სევდიანი ბებრები ხან ერთმანეთს შეხედავდნენ ხოლმე, ხან უნებლიეთ მიიბრუნებდნენ თვალს ფანჯრისაკენ.

ვახშმობაც მოვიდა, მაგრამ დიმიტრი არსად იყო. - თითიავ, - წამოიძახა ბოლოს თამარმა, - მგონი დღეს აღარ მოვიდნენ. ლამის დიდი ვახშმობაც მოვიდეს.

- ჰო, ჰო, ლამის მოვიდეს დიდი ვახშმობა. უი, ტყუილუბრალოდ არ წამიხდა ჩიხირთმა! მერე ასეთი გამოვიდა, რომ თავისთავს თითონ შეჰსჭამდა. დიდი ხანია მაგისთანა ჩიხირთმა მე არ მამსვლია. თქვენ მაინც მიგერთოთ, ქალბატონო!

- რა მაგისი მცხელოდა, სიხარულისაგან დღეს არც კი დავნაყრებულვარ. მე მაინც იმედს არა ვკარგავ, იქნება ამაღამ მოვიდნენ.

- იქნება მოვიდნენ, მაგრამ ჩიხირთმა მაინც აღარ ევარგება. აბა, დილით გაკეთებული საჭმელი, მერე ჩიხირთმა, ვახშმისათვის რაღად გამოდგება. ჩემს დიმიტრის ეგონება, რომ თითიას ჩიხირთმის გაკეთება დავიწყებიაო. თქვენმა მზემ, ქალბატონო, თუ უწინდელზედ უკეთ არა, ნაკლებ არც ეხლა ვაკეთებ. ფალუსტაკს კი არა უშავს რა, თუნდა ორი კვირაც დარჩეს. ფალუსტაკიც კარგი მომივიდა.

ბებრები კიდევ ჩაჩუმდნენ. დადგა დიდი ვახშმობაცა. ბოლოს მამალმაც იყივლა. არც ერთს ბებერს დიმიტრის ლოდინში ძილი არ მორევია. ბიჭებსა და გოგოებსა დიდი ხანია ეძინათ მუშაკის ძილითა. ეზოში თუ სახლში არაფერი ხმაურობა არ ისმოდა.

თამარმა გადიწყვიტა იმედი დიმიტრის მოსვლაზედა, მაგრამ ძილს მაინც არ აპირობდა. თითია გვერდით უჯდა და ხანდიხან გაეხმაურებოდა. უეცრად კარებმა იგრიალა და ერთი თოთხმეტიოდ წლის პატარა ბიჭსა ტყაპანი გასძვრა თამარის ტახტის წინ. ბებრები შეკრთნენ.

- ქალბატონო, ქალბატონო, - ყვიროდა წაქცეული პატარა ბიჭი, - ქალბატონო, ჩოხა, ჩოხა!

- უი, გაგიწყრა ღმერთი, შე კუჟნავ, შენა, - წამოიძახა თამარმა, რაკი იცნო თავისი მეძროხე, - გულები არ დაგვიხეთქა ამ წყეულ-შეჩვენებულმა. რამ გაგაგიჟა, ამ მამლისყიულისას რისთვის მეეთრიე აქ?

- ჩოხა, ჩოხა, ქალბატონო, - იძახოდა დაღალული პატარა ბიჭი, რომელიც ამ ლაპარაკში წამოდგა და დაგლეჯილის ჩოხის კალთით იწმენდდა ცხვირიდან წამსკდარს სისხლს: - ქალბატონო, ჩოხა, ჩოხა!

- რა ღმერთი გასწყრომია ამ ბიჭსა, ეშმაკის დაკრულსა ჰგავს. ბიჭო, რა ჩოხა, რას მიედ-მოედები? თითიავ, ერთი უშველე, ხომ არ გაგიჟებულა.

- არა, ღმერთმან იცის, ქალბატონო, არ გავგიჟებულვარ. თქვენ რომ ჩოხა დაჰპირდით, ვინც მახარებსო.

- მერე? - ჰკითხა ელდანაცემსავით თამარმა.

- მერე ისა, რომ ის ჩოხა ჩემია.

- ბიჭო, თქვი ერთი რას ამბობ, ლამის გული დამელიოს.

- მე მინდოდა, რო ეგ ჩოხა მე მრგებოდა. დაბინდდა თუ არა, მე წაველ და ჭიისკარებთან დავწექ. თუ მოვლენ-მეთქი, მე პირველად გავიგებ.

- მერე მოვიდნენ? - ჰკითხა ღელვით თამარმა.

- მოვიდნენ, ქალბატონო, მოვიდნენ. ჭუკალას ხმა ვიცან, იმან დაიძახა, ვინა ხართ, კარი გააღეთო. მე მაშინვე აქეთ გამოვიქეცი.

- კარი არ გაუღე? - ჰკითხა ისევ თამარმა.

- იმისთვის ვისა სცალოდა, მე მაშინვე მახარობლად გამოვწკრინდი, კარი ისევ გაუღებელი დარჩა. ჩოხა მე უნდა მიბოძოთ.

მოისმინა ეს თუ არა თამარმა, გატაცებულსავით წამოვარდა ტახტიდამ თითიაც, თითქო თავს ზარი დაეცა, ხან ერთის კარისაკენ გაცუნცულდებოდა, ხან მეორისაკენ და არ იცოდა რა ექნა. თამარი კი გამოვარდა გარეთ და საშინელის ხმით ყვიროდა:

- სალომე, თევდორე, ხაბაზო, ვინა ხართ, მოვიდნენ, მოვიდნენ, არიქა, კარები გაუღეთ.

ამ ხმაურობაზედ ბიჭები და გოგოები გამოცვივდნენ გარეთ და ჭითკარებისაკენ  გასწიეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen