კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:08

 

I

 

დიამბეგობა - შენ რას იტყვი მკითხველო? - კარგია.

" - ჰმ, ჰმ, ჰმუუ! - ჩუმ-ჩუმად ჩაიცინებ და იტყვი ჩემზედ: - ამის დამწერსაც კი ჰქონია პირში გემოო!" არა თუ?

მე ერთ დიამბეგზედ მოგიყვები ერთს ამბავსა და მაშინ ნახამ, თუ დიამბეგობა ცუდია.

იყო და არა იყო რა, ჩვენგან მეტად შორს და ერთს გუბერნიის პრავლენიის ახლო იყო ერთი დიამბეგი, სახელდობრ ბეჟან ბეჟანის-ძე კალმახიძე. ეს ბეჟანი და ამისი ცხონებული ძმა მათე, რომელმაც დიდი ხანია თქვენი ჭირი წაიღო, ერთ ღარიბ აზნაურშვილის შვილები იყვნენ.

ბეჟანი უფროსი იყო, ცხონებული მათე კი უმცროსი ყოფილა. ორივე უდედმამოდ ძალიან პატარები დარჩომილიყვნენ. ქვეყანაზედ ამათ აღარავინ ეგულებოდათ ერთის ბიძის მეტი, რომელმაც იმთვენი მზრუნველობა გასწია ობლებზედ, რომ კანტანისტებად მიაბარებინა და ცოტაოდენი მამული კი, რომელიც ამ ობლებს წილადა ხვდებოდა, ის კი პატრონს ჩააბარა, ესე იგი, წაართო და გაყიდა. მოდავე ვინ იყო? მაგრამ ობლების შემწე ღმერთიაო.

ბეჟანმა და მათემ, რაკი წერა-კითხვა ისწავლეს, დაჰკრეს ფეხი და ჩამოვიდნენ ქალაქში. ქალაქში საწყლები, უსახლკარონი, უპატრონოთა დაეთრევოდნენ; ხან სად ეყარნენ, ხან სად, ბევრჯელ შიმშილიც და წყურვილიც გამოიარეს, მაგრამ ბოლოს კი ბეჟანს ბედმა გაუღიმა. თურმე სადღაც ერთს გუბერსკის პრავლენიის სტოლნაჩალნიკს სომეხს გამეგობრებოდა ჩვენი ობოლი ბეჟანი.

იმ სტოლნაჩალნიკსა პრავლენიაში რვამანეთიანი ადგილი ეშოვნა. რაკი რომ განაწესეს მწერლის ადგილას, ბეჟანმა პირი მოარიდა თავის საწყალს ძმას, აღარ მიიკარა ახლო, ერთხელ სახლიდამაც გააგდო: წადი, მე რა მაქვსო, რომ შენც შეგინახოო. ამ დღიდგან ძმები ურთიერთს განშორდნენ და სიკვდილამდე აღარ შეყრილან.

ბეჟანი მეტად ბედნიერად მსახურებდა. მეორე წელსვე თექვსმეტი მანეთი გაუხადეს ჯამაგირი; ამას გარდა, რადგანაც ხერხიანი ბიჭი იყო და ძალიან მალე მიხვდა ჩინოვნიკობის ეშმაკობას, ერთს სოვეტნიკსა ახლო დაუახლოვდა. ის სოვეტნიკი ძლიერ პატიოსანი კაცი ყოფილა, როგორც თითონ ბეჟანი იტყოდა ხოლმე. თავის დღეში თურმე მოჩივართან თითონ არ დაიჭერდა საქმეს, სულ ის სომეხი სტოლნაჩალნიკი იყო ხოლმე ამის ავან-ჩავანი, და ზოგჯერ წვრილმანებში ბეჟანიცა. ასე რომ თითონაც ცხოვრობდა - ამბობდა ხოლმე ბეჟანი - და ჩვენც გვაცხოვრებდაო.

ბეჟანი დიახ მოხერხებული ყმაწვილი დადგა, მეტად შეაყვარა თავი იმ პატიოსან სოვეტნიკსა, სახლშიაც დადიოდა და შვილებს ზოგს რას, ზოგს რას მიუტანდა ხოლმე თავის ცოდვილი ხელით ნაშოვნი ფულით ნასყიდსა. თითონ სოვეტნიკი, ლმობიერი დროული კაცი, რასაკვირველია, სიამოვნებით უყურებდა ამ სამაგალითო ყმაწვილს კაცსა, რომელმაც უფროსის პატივი აგრე ხშირად და კადნიერებით იცოდა.

- ”შენ მაგ სიმდაბლით და უფროსის პატივისცემით შორს წახვალო”, - ეტყოდა ხოლმე კეთილი სოვეტნიკი. მაგრამ ბეჟანი სხვარიგად ფიქრობდა მაგ საგანზედ და შორს წასვლაზედ. - ”შორს რა მინდაო, - იტყოდა ხოლმე გულში, - ჯერ საქმე ცხვირწინა მაქვსო; ჯერ ის სომეხი უნდა გავგზავნო შორსაო, მერე ჩემს მგზავრობაზედაც მოვიფიქრებო”.

- ბეჟანს თვალში ეკლად უჯდა თავისი კეთილმყოფელი სტოლნაჩალნიკი. ხედავდა, რომ იმისი გზიდამ ჩამოცლა მეტად არგებდა ბეჟანსა. მაგრამ როგორ ჩამოაცალოს, რომ სოვეტნიკს ისე მჭიდროდ გულში უზის? უამისოდ უბრალო ქაღალდსაც ხელს არ აწერს? როგორ ჩამოაცალოს? ამის ფიქრში იყო ბეჟანი დღე და ღამ.

ამ ფიქრმა უფრო მაშინ დაუწყო ღიტინი, როცა სტოლნაჩალნიკის პომოშნიკობის ადგილი გაიხსნა იმ სომეხის სტოლში და როცა სომეხის და სოვეტნიკის ცდითა ჩვენ ბეჟანს მისცეს ის ადგილი. ბეჟანს ჯამაგირიც მოემატა ეხლა და ოფლის და შრომის ფასიცა, ესე იგი წესიერი შემოსავალიცა.

ეხლა სოვეტნიკთან რომ მიდიოდა ხოლმე, იმის შვილებს კამფეტებს და ნაკუწებს კი არ წაუღებდა, ეხლა ფრიად საგრძნობელი საჩუქრით მივიდოდა ხოლმე. მაგალითად, შობა დღეს სოვეტნიკის ცოლს ერთი კაი მძიმე საკაბე მიართო, თითონ სოვეტნიკს რვა ჩაფი კაი კახური შავი კუპრივით ღვინო; ახალ წელიწადს უფრო ამაზედ უკეთესი ძღვენი.

- შორს წახვალო, - ეუბნებოდა დროული სოვეტნიკი მწყალობელის ღიმილითა; - ჯერ რა ხარო...

- ოცდაერთისა გახლავარ, - დაუმატა ბეჟანმა თავმოწონებით.

- ოცდაერთისა!.. - წამოიძახა კეთილმა სოვეტნიკმა: - ჯერ ტუჩებზედ რძეც არ გაგშრობია და სუყოველიფერს მიხვედრილი ხარ. ცოდო არ არის, შენისთანა ნიჭს მაღალი სწავლა არ მიუღია!... შენ რას იტყვი, ანნა კარლოვნა? - მიუბრუნდა ცოლს სოვეტნიკი.

- მე იმას ვიტყვი, რომ ამისთანა საკაბის ამორჩევა გამოცდილს დედაკაცსაც არ შეუძლიან, - უპასუხა ცოლმა. - რასაკვირველია, მაგისთანა ჩინოვნიკი ბევრი არ გეყოლება, ეგრეთი ერთგული, თავდაბალი, პატივისმცემელი. არა, სიდორ კარპიჩ, - სამაგალითოა ჩვენი ძვირფასი ბეჟან ბეჟანიჩი.

ბეჟანი ადგა და მძიმედ თავი დაუკრა და თავის პლუტური თვალებით ამდენი იეშმაკა, რომ ცრემლიც მოიდინა, მითამ მეტის ლმობიერებისაგან. სოვეტნიკმა ეს რომ დაინახა, ადგა, ცუნცულით მივიდა და შუბლზედ აკოცა: ვოტ ლიუბლიუო! - ამისთანა რბილი გული მეტად მოეწონა თვითონაც ლმობიერს სოვეტნიკსა, - აი, კაცი ეს არის! - დაიწყო სოვეტნიკმა, - პირფერობით არ ვამბობ, ბეჟან ბეჟანიჩ! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ცრემლი გულწრფელია. საწყალო, ობოლო!

მგონია, იმას ფიქრობდი, ცრემლი რომ მოგივიდა, რომ თუ კაცი ვარ - თქვენგანა ვარ, და მადლობით სავსე გულმა ანნა კარლოვნას სიტყვაზედ ცრემლი წამოგაღვრევინა. მე მესმის შენი კეთილი გულის მოძრაობა, ბეჟან ბეჟანიჩ! მაგრამ ესეც კი უნდა იცოდე, რომ ეგ საკვირველი სამსახურის ნიჭი არა გქონოდა, ჩვენი შემწეობა შენ კაცად არ გაგხდიდა.

დიახ, ჩემო საყვარელო, ბეჟან ბეჟანიჩ! ბედნიერია ის ნაჩალნიკი, რომელსაც შენისთანა ხელქვეითი ჰყავს, რომელმაც იცის, რომ კაი თესლი ქვიანს ადგილას არ დაეცემა! ჩვენ რა? ჩვენი რა მადლობელი უნდა იყო? ჩვენი სვინიდისი, ჩვენი პატიოსნება, ერთგული სამსახური - იმას მოითხოვს, რომ შენისთანა კაცები, ქვეყნისა და ხელმწიფისათვის გამოსაყენი, სინათლითა ვძებნოთ და წინ წავიყვანოთ. ეგ ჩვენი ვალია, ჩემო ძმაო! ჩვენი რად უნდა იყო მადლობელი?

- რას ბრძანებთ, ბატონო! - უპასუხა თავმოკატუნებით და ცბიერულად ბეჟანმა: - კაცადაც თქვენ გამომიყვანეთ და სიკეთის შეძლებაც თქვენ მომეცით. მე ერთს საწყალს ობოლს, უბრალო აზნაურშვილს სად შემეძლო, რომ თქვენისთანა მაღალ განათლებულს კაცთან, არამც თუ მცირედი საჩუქარი, არამედ სიტყვის ჩამორთმევა გამებედნა. მე ეხლა უნდა თქვენის ფეხის ნატერფალსა ვკოცნიდე და არა თქვენთან ვიჯდე და ვლაპარაკობდე.

თქვენ ასეთი კეთილი ბძანებულხართ, რომ არც კი გინდათ ჩემი კაცად გამოყვანა თქვენ დაიბრალოთ, მაგრამ ეს ცოდვილი გული, სადაც ჯერ ღმერთია და მერე თქვენ, ისე არ დაბრმავდება, რომ თქვენი მოწყალების სხივები არ დაინახოს. ღმერთი გადიხდის თქვენ სიკეთეს და ეს ობოლი თავი, თუ ცოცხალი დარჩა. მე სხვასავით არ გახლავარ, რომ თვალი თქვენკენ მეჭიროს და გული სხვისაკენ. მე თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვარ უკუნით უკუნისამდე.

- გმადლობ, გმადლობ, სამაგალითო ყმაწვილკაცო! - თქვა სოვეტნიკმა და გაუშვირა ხელი. ბეჟანი მივარდა ხელსა და ხარბად აკოცა.

- დიახ, ჩემო ბეჟან ბეჟანიჩ! კეთილი და პატიოსანი გული კარგია. მადლობელი ვარ, მადლობელი, რომ რაც იმედი მქონდა შენზედ, ყოველივე გამიმართლე. მაგრამ ესეც კია, ჩემო საყვარელო ბეჟან ბეჟანიჩ, რომ საკვირველი ბედი მაქვს ხელქვეითების ამორჩევაში. აი, ის ცხონებული ივან ანდრეიჩი, ხომ გახსოვს, ანნა კარლოვნავ, რა კაცი იყო! მე შენ გეტყვი, ბეჟან ბეჟანიჩ, რომ საოცარი გამოცდილი ჩინოვნიკი იყო. მინამ ის ცოცხალი იყო, მე თავისუფალი ვიყავ, კეთდებოდა თავისთავად საქმეები. ძალიან სვინიდისიანიც იყო.

სოვეტნიკმა გადაიწოდა თავი ბეჟანისაკენ, ბეჟანმაც მოწიწებით და ხელქვეითურად მიუშვირა მარჯვენა ყური. სოვეტნიკმა წასჩურჩულა:

- ასეთი სვინიდისიანი იყო, რომ ჩემის ულუფიდამ, ასე იფიქრე, მარტო მეხუთედს თუ აიღებდა, თორემ მეტს თავის დღეში არა. “არაო, მე ამაზედ მეტის ღირსი არა ვარო, - იტყოდა ხოლმე საწყალი. მოკვდა და ოთხასი თუმანი ნაღდი ფული დაუგდო ცოლ-შვილსა, გატლეკილი კი მოვიდა; სულ ოთხი-ხუთი წელიწადი არ ყოფილა ცხონებული გუბერნსკის პრავლენიაში. ასეთი ცოლშვილის მოყვარული და მოცადინე კაცი იყო! ღმერთმა აცხონოს!

- ეს ივან ანდრეიჩი; - დაიწყო ისევ ხმამაღლა: - იმის მერე ეგ შენი სტოლნაჩალნიკი პერანგოვი შემხვდა. თუმცა სომეხია, მაგრამ არ არის ურიგო კაცი. ბეჟანმა უნდოდ ჩაიცინა და პლუტურად გაიქნივა თავი. სოვეტნიკმა შენიშნა ესა, მაგრამ ყური არ ათხოვა.

- აქაური ავიც იცის და კარგიც, - განაგძელა სოვეტნიკმა, - ყოველ სომეხს ისე იცნობს, როგორც თავის ხუთ თითს; ამ პრისტავების და პოლიციისა ხომ არც ერთი საქმე არ გამოეპარება, ყველას ჩემი შიშით ისე იმსახურებს, როგორც ყმასა და, რასაკვირველია, მეც არ მივიწყებს. არა, გამოსადეგი კაცია!

ბეჟანმა ისევ უნდოდ ჩაიცინა და ისევ ისე პლუტურად გაიქნივა თავი.

- შენ ეს მეორედ თავი როგორღაც გაიქნივე, ვცდები თუ?

- როგორ გაგიბედავთ, რომ მოგახსენოთ, სცდებით-მეთქი, - შეაპარა სიტყვა ბეჟანმა და მერე ჩუმად დაუმატა: - ეშმაკი კაცია.

- როგორ?

- აბა მე იმაზედ ცუდი როგორ უნდა გითხრათ, ლუკმა პური თითქმის იმან გამიჩინა. დღეს თუ ბედნიერება მაქვს თქვენთან ყოფნისა, იმის მეოხებითა მაქვს. მართალია, დღეის იქით თქვენი მფარველობაც მეყოფა, მაგრამ დღევანდლამდინ ლუკმა პური იმისგანა მქონდა, თორემ თქვენ კარგად მოგეხსენებათ.

- მართალია.

- მამას არ უქნია ჩემთვის იმოდენა სიკეთე, - დაიწყო ისევ ბეჟანმა ოსტატურად, - რაც იმან მე მიყო. უბრალო გომში ვეგდე, გუბერნსკი პრავლენიაში ალაგი მიშოვნა, თქვენს მაღალ განათლებულ პირთან გამაცნო, მას დღეს აქეთ იმან მაცხოვრა. ერთის სიტყვით, მეორედა მშვა ბედნიერებისათვის და თქვენის პატივისცემისათვის; - აბა იმაზედ ცუდი როგორა ვთქვა, ეგ ხომ სულის წაწყმედა იქნება, მაგრამ თქვენი სიყვარული, თქვენი ერთგულება, თქვენი ბედნიერება ჩემს სულზედ უფრო მეტად მიღირს.

თქვენი ერთგულება, თქვენი პატივისცემა და სიყვარული თუ გამაბედვინებს თქმასა, თორემ სხვა არაფერი. წეღანაც მოგახსენე, ჯერ ღმერთი და მერე თქვენა ხართ ჩემთვის, მაგრამ ღმერთთანაც კი პირშავად გამოვჩნდები და თქვენთან კი არა, სულს წავიწყმენდ, მამის მგზავს კაცს გავცემ, თქვენ მტერს კი არ გავახარებ. ის თქვენ გატყუებთ. ღმერთო, შეგცოდე, მაგრამ ნუ გააჩენდი ისე, რომ კაცს ერთი უფრო მეტად უყვარდეს, ვიდრე მეორე!

- ეგ რა თქვი? პერანგოვი მე მატყუებს! - წამოიძახა სოვეტნიკმა: - ის პერანგოვი, რომელიც მიკიტანხანებში ათენებდა ღამეს და რომელიც დღეს მე კაცად გამოვიყვანე!.. არ დავიჯერებ, კაცი ამისთანა უმადური არ იქნება.

- აბა მე რად უნდა ვსთქვა ჩემს კეთილმყოფელზედ ავი, მაგრამ რა უყო, რო თქვენი ერთგულობა ძალას მატანს!.. - შეუკეთა ცეცხლი წამალსა ჩვენმა ხერხიანმა ბეჟანმა.

- თქვი, ჩემო ერთგულო ბეჟან ბეჟანიჩ! მერწმუნე, არ დავივიწყებ, რომ თუ არ ჩემი ერთგულება და პატივისცემა, შენისთანა პატიოსანი კაცი არ გასცემდა თავის კეთილმყოფელსა და მამის მაგიერსა! თქვი, ვიცი რომ შენთვის ძნელია მაგის თქმა, ვიცი რო გული გეტანჯება, მაგრამ ნუ გეშინიან, არც მე ვარ უმადური.

- ეჰ, ღმერთო კი მაპატივე, - ამოიოხრა ბეჟანმა, - ყველაფერს მოგახსენებთ: იმ დღეს რო სომეხი კაცის კვლაში გარია ტყუილად პრისტავმა, ხომ ეს საქმე იცით?

- დიახ, კარგად.

- სლედოვატელად რომ ბძანდებოდით, დელოპროიზვოდიტელად პერანგოვი არა გყვანდათ?

- პერანგოვი მყვანდა.

- მაშინ იცით რამდენი თუმანი დაატრიალა იმ სომეხმა?

- ას ორმოცდაათი. ორმოცდაათი პრისტავმა აიღო, ოცდაათი პერანგოვმა და სამოცდაათი მე მერგო.

- სამასი თუმანი ტრიალებდა: ასი თუმანი პრისტავმა აჰკრა, ოცდაათი კვარტალნიმ, ასი თუმანი პერანგოვმა. ღმერთო შეგცოდე, - ჩემ კეთილმყოფელზედ მართალი უნდა ვთქვათ ამათი სიყვარულის გამო, - ასი თუმანი პერანგოვმა აიღო, სამოცდაათი თქვენ მოგიტანათ. ამას გარდა პრისტავსაც ოცი თუმანი დასტყუვა თქვენ სახელობაზედ: სოვეტნიკმა შეგიტყოო, რომ ტყუილად გადააბრალეო კაცის კვლა სომეხსაო. ის კი არ ვიცი, რა უყო. იქნება თქვენ მოგართოთ კიდეც და მე ტყუილად ცოდვაში ვდგებოდე.

- არა, არ მოუტანია. მაშ კარგი, მე ვუჩვენებ იმას ეხლა. ხვალვე შევუდგები იმის თადარიგს. მადლობელი ვარ, ბეჟან ბეჟანიჩ! მაგ ერთგულების ჯილდოდ იმისი ადგილი შენ უნდა დაგრჩეს.

- ღმერთმა დამიფაროს! მართალია, თქვენი მოწყალების ღირსი არა ვარ, მაგრამ ჩემი კეთილისმყოფელი უნდა გააგდოთ და მე იმის ალაგას დამსოთ, ნუ იქთ მაგასა, თქვენი ჭირიმე, ჩემგან ნუ გაუბედურდება ისა და მე რაც გინდა მიყავით. აბა თქვენვე იფიქრეთ, გეთაყვანე: ის, ვიცოდე, რომ უადგილოა და მე კი იმისი ადგილი დავიჭირო!.. ის ჩემი მეორე მშობელი, ბატონო!

- ო, სულგრძელო ადამიანო!.. მე მიკვირს შენი კაიკაცობა!.. ეხლა მესმის შენი ჩემდამი ერთგულება. ერთი მცირედი განძრახვაც არ გქონია შენს თავზედ, და თუ გაეცი შენი მამის მაგიერი, მარტო ჩემის ერთგულების გამო გაეცი. არა, ბეჟან ბეჟანიჩ! ჩემი სტოლნაჩალნიკი შენა ხარ დღეის იქით და არა პერანგოვი. თუ ჩემი მამობა გინდა, უარს არ მეტყვი.

ბეჟანი ხელზედ მივარდა და დიდხანს ზედ დაკდომით ჰკოცნიდა. - ნუ გააუბედურებთ, შენი ჭირიმე! ნუ იზამთ მაგასა, ნუ დაღუპავთ! მართალია, თქვენი წყალობით ფულიც ბევრი აქვს, მშიერი არ მოკვდება, მაგრამ მე არ მინდა, რომ მე ვიყო იმის უბედურების მიზეზი, შენი ჭირიმე, ივან კარპიჩ! ჩემი მამის მაგიერი იყო!..

- ეხლა მე ვიქნები მამის მაგიერი, ჩემო გულკეთილო ბეჟან ბეჟანიჩ! ცუდი კაცის გზა ის არის, წავიდეს და დაიღუპოს!

- დაღუპვით რად დაიღუპება, თქვენი მოწყალება ფული ბევრი აქვს, მაგრამ…

- მაშ რაღა გინდა, თუ ეგეც იცი. არა, თუ გიყვარდე, პერანგოვი გულიდამ ამოირეცხე, თუ ჩემი თავი გინდა. როგორც ყმა ორ ბატონს, ისეც შვილი ორ მამას ვერ ემსახურება და არც გაგონილა. თუ გიყვარდე, სტოლნაჩალნიკობაზედ უარს ნუ მეტყვი.

- სტოლნაჩალნიკობაზედ უარს როგორ მოგახსენებთ, მოწყალებაზედ უარს ვინ იტყვის, მაგრამ ჩემთვის სულის წაწყმედა არის, რომ ის გააგდოთ და მე იმის ადგილას დავჯდე.

- თუ გიყვარდე-მეთქი.

- აბა, რაკი მაგას მიბძანებთ, თუნდა ადუღებულს ნავთში ჩავვარდები. ნება თქვენი აღსრულდეს! ღმერთო, შენცა ხედავ, გულთამხილავო, რომ მე არც მტრობით, არც ავკაცობით ეს არ მომსვლია, არც იმის უბედურობა მდომნია, მაგრამ რაკი ასე მოხდა და ჩემი მოწყალე ივან კარპიჩი თავის სიყვარულს მაფიცებს მე უღირსსა, რომელიც მათის ფეხის ნატერფალის ალოკვის ღირსიც არა ვარ, მეტი რა გზა მაქვს!

ესა თქვა თუ არა, ისევ მივარდა და აულოკა თითქმის დამჭკნარი და უცოდველი ხელი დროულს ივან კარპიჩსა.

 

II

 

პერანგოვი თუმცა დიდი ხანია ხედავდა, რომ ბეჟანი და ივან კარპიჩი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთსა, მაგრამ აინუნში არაფერი მოსდიოდა. ”აბა, ბეჟანი როგორ მიღალატებსო. სომეხი რომ იყოსო, კიდევ ეჭვი მექნებოდაო, ქართველი მაგას არა იქსო”, - ამბობდა ხოლმე პერანგოვი, თუმცა თითონაც სომეხი იყო.

მაგრამ ცუდი ქართველსაც გამოუვა ხელიდამ და სომეხსაც, თუკი თავზედ კაცი ხელს აიღებს. მერე ბეჟანი იმის თითქმის შინაური იყო. ისე შევიდოდა იმის სახლში და გავიდოდა, როგორც თავის საკუთარს ოჯახში; მერე ბეჟანმა შვილიც მოუნათლა და ცბიერი სომეხი პირველად მოტყუვდა ქართველისაგან, მერე რარიგად! თოკიდამ გამოშვებული კაცი ხომ ცუდია და ცუდი, მაგრამ თუ ქართველმა თოკიდამ დაისხლიტა თავი, იმაზედ უარესი არა მილეთის კაცი არ იქნება.

ჩვენი ბეჟანი ერთს საღამოზედ დაღონებული შევიდა პერანგოვთან. პერანგოვი პერანგის და მის ამხანაგის სინაბარას იჯდა და ბეჟანის ნათლულს ათამაშებდა მუხლზედ.

- ოჰ, პარუნ ბეჟან! - შესძახა გულწრფელად პერანგოვმა: - ვა! რას დაგიღრეჯია ეგ სახე?

- ცუდი მახარობელი ვარ, ჩემო ავეტიქ! - უთხრა ფარისევლურის მწუხარებით ბეჟანმა. საწყალს და მხდალს სომეხს ფერი ეცვალა: - ანა-ხანუმ, ერთი ყმაწვილი ჩამომართვი!.. გასძახა ცოლსა.

- ერთი მითხარ, რის მახარობელი ხარ?

- ვიღასაც სოვეტნიკთან დაუბეზღებიხარ; მოვკვდი, ეს რომ შევიტყე.

სომეხი გაშრა. რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ვერა თქვა და ისე პირგაღებული დარჩა. პატარა ხანს უკან თავზარმა რომ გაუარა, გაფითრებულმა თქვა:

- რა მითხარი, ვერ გავიგონე.

- ვიღასაც სოვეტნიკთან დაუბეზღებიხარ და გამოგდებას გიპირობს. მე ეს ნამდვილად ვიცი და, როგორც შენი ერთგული, გატყობინებ, რომ შენი თავდარიგი დაიჭირო.

- ვა!.. დახე ბედის ტრიალსა!.. მე რა დანაშაული მაქვს მერე?

- რა ვიცი, შენ გეთაყვანე! მე რომ მკითხო, შენ ივან კარპიჩისათვის სიკეთისა და ერთგულობის მეტი არა გიქნია რა, მაგრამ ხომ იცი, ჩემო ძმაო, ივან კარპიჩი რუსია, კაცის გატანა და სიკეთის ხსოვნა იმათ არ იციან. მოვიდოდა ვინმე, ერთს რასმეს ცილს შეგწამებდა. ისიც, როგორც იცი რუსის ამბავი, გამოძიებაში არ შევიდოდა და დაიჯერებდა.

- აგრე იქნება. მაშ დავიღუპე, რაღა?

- ღმერთმა ნუ დაგღუპოს! დაიღუპე კი არა, შენ რა გიჭირს, ჩემო ავეტიქ, შენის ცოდვილობით და კაიკაცობით ერთი ორიოდე გროში გაიჩინე და ფეხებზედ გკიდია ყველაფერი, მე უნდა ვიცე თავში ქვა, რომ თუ ვინიცობაა შენ დაგითხოვეს, მფარველი და შემწე აღარ მეყოლება, მეც დღესა თუ ხვალე პანჩურსა მკრავენ და გამომაგდებენ. აბა მე ვიქნები დაღუპვილი, აი! სოფლად მოარული გლახა გავხდები. შენმა უბედურებამ მე დამღუპა, მე! ვინ იყო ის იუდა, რომ ამისთანა საქმე ჩაგვადენინა და გულზედ ხელები დაგვაკრეფინა? ღმერთმა მოჰკითხოს სააქაოსაც და საიქიოსაც!

- შენ ისე ლაპარაკობ, ასე გონია, ჩემი საქმე მართლა ხელიდამ წასულიყოს. ვა! განა გასწორება არ შეიძლება?

- არა მგონია.

- ფულს მივართმევ.

- ახლოც არ მიგიკარებს.

- მაშ შენ ვერას მიშველი?

- აბა, რა გიშველო? შენ იმისთანა ამაგი და ჭირნახული გაგიწევია ჩემზედ, რომ შენის გულისთვის წყალშიაც რო გადავვარდე, ცოტა იქნება, მაგრამ მაგით რა გეშველება?

- მაშ მე ახლო აღარ მიმიშვებს!.. - თქვა გულამოჯდომით საწყალმა პერანგოვმა, - კიდეც იმიტომ! ეს ორი კვირაა, არც ერთი საქმე ჩემთან არ დაუჭერია. სუყოველდღე მტუქსავს, ჯავრობს, ყველა ქაღალდსა წუნსა სდებს. თურმე ნუ იტყვი, იუდა ისკარიოტელი შესჯდომია, ბეჟან! ნუ გამიწყრები კი, და რაც მე დამიშორა, მას აქეთ შენ დაგიახლოვა, - ჰა? რა ვიცი?.. ეშმაკია… ქვეყანაა…

- რაო? - მითამ იწყინა ბეჟანმა და მითამ გულიც მოუვიდა, - კაცის ცოდვაში ნუ დგები, ავეტიქ! ღმერთი ყველაფერსა ხედავს, სულს ნუ წაიწყმედ. ჩემზედ გაქვს ეჭვი, ჩემზედ? შენს ბეჟანზედა, რომელიც შვილივით შეიმჩნივე და კაცად გამოიყვანე? ავეტიქ, არ მეგონე შენ მაგისთანა, მშვიდობით! ცული რომ დაგეკრა თავში და გაგეხეთქა, მოწამლული ისარი რომ გულში გაგეყარა, - ის კი გამთელდებოდა, მაგ სიტყვით ნატკენი გული კი თავის დღეში არ გამთელდება.

მშვიდობით, ჩემო ავეტიქ, ჩემი თავის სიკვდილი მერჩივნა, მინამ მაგ სიტყვების მოსმენა. აბა როგორ უნდა დაგაყვედრო, მაგრამ დრომ მოიტანა და ვიტყვი: შენის გულისთვის ამ ორი კვირის წინად ძაღლსავით ხელები მილოკნია, ცრემლით მიხვეწნია, რომ შენ არა დაგმართოს რა და შენ ეხლა მაგას მეუბნები. მე კი გაპატივებ მაგასა, იმიტომ რომ მეორე მამა ხარ ჩემი. სიტყვა ის არის - ღმერთმაც გაპატივოს! მშვიდობით!

ესა თქვა თუ არა, ბეჟანი მითამ-და გულნატკენი წამოდგა და დააპირა გარედ გამოსვლა. ავეტიქამ კალთა დაუჭირა და ისევ დასო. ავეტიქას, რადგანაც პირველმა შიშმა სრულიად გაუარა, თავისი გამოცდილი ჭკვა მოუბრუნდა.

- ახარ, რას ჯავრობ, შე დალოცვილი? - უთხრა თამამად ავეტიქამა, - ის ზღაპარი აღარ გახსოვს, რომ ერთმა გლეხკაცმა გველი სიკვდილისაგან დაიხსნა და გველმა სიკეთის მაგიერად ყელში წაუჭირა და კინაღამ არ დაახჩო, ვა! ის კაკალი აღარ გახსოვს, რომელმაცა თქვა, რომ ცხელ პაპანაქებაში მოვლენო, მოიგრილებენო ჩემ ჩრდილშია, მერე ტოტსაც მამტეხენო და ისე წავლენო. ვა! კაცი ამისთანაა, ჩემო ბეჟან! მეც მიქნია მაგისთანა საქმე, რასაც შენა გწამებ, ვა! სიკეთისათვის სიკეთე ვის უქნია? ახარ, ამისათვის რად ჯავრობ?

- იქნება შენ გექნას, - უპასუხა თავმოწონებით ბეჟანმა, - და ბეჟანი კი მაგ ცოდვაში არ ჩადგება.

- მაშ სახელი და დიდება შენ კაცობას, თუ არ ჩადგები, მაგაზედ რად ჯავრობ?

- მე მაგაზედ კი არა ვჯავრობ, ის მეწყინა, რომ შენ, რომელიც ათასს მამას მირჩევნიხარ და რომელსაც შვილივით შეგინახვივარ, ისე როგორ გამომიმეტე, რომ ჩემი ღალატი გულში გაიტარე. აი, ჩემი გულისწვა რა არის, ჩემო კეთილმყოფელო ავეტიქ! ახლა შენ არ იცი, მართალი კაცისათვის მაგისთანა ცილი რა ძნელია!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen