ეს ერთი წელიწადია, რაც ანტონა მწყერიაშვილის ჯალაბი ბაბალე ქვეშაგებად არის ჩავარდნილი. არ იქნა, ვერ მორჩა და ვერ - და, სწორედ რომ ვსთქვათ, არც არა იმედია მორჩენისა. კაცმა რომ ჰნახოს, იტყოდა: ეს ამ ქვეყნისა აღარ არის, პირი იმ ქვეყნისაკენ აქვს მიბრუნებულიო.
სულ ოცდაათის წლის დედაკაცია, მაგრამ ბედმა ლამის გამოასალმოს ამ წუთისსოფელს. თვითონ საცოდავ დედაკაცსაც გულმა შეუტყო, რომ დღენი მისნი დათვლილია. თითქო შეეჩვია კიდეც ამ წყეულ, შეჩვენებულ ფიქრს და არც არავის უჩივის, არც არავის ემდურება, არც არავის ესაყვედურება.
– აღსრულდეს, ღმერთო, ნება შენიო, რაკი ასე ინებე, რომ ჩემი ორი ობოლი უპატრონოდ უნდა დარჩეს ამ ტრიალ ქვეყანაზედაო, - იტყოდა ხოლმე უნუგეშო სნეული და გულში რა ტკივილი აუვარდებოდა ამის თქმაზე, ეგ იცის ღმერთმა, რომელსაც ასე უდრტვინველად, ასე მოთმინებით ემორჩილებოდა სასოწარკვეთილი, იმედგადაწყვეტილი საწყალი ბაბალე.
მისი ქმარი ანტონი, კაი პატიოსანი გლეხკაცი, ჰხედავდა ამ ყოფას თავის საყვარელ და ერთგულ მეუღლისას, სწუხდა და თავში იცემდა. ამანაც იცოდა, რომ ყოველი ღონე ადამიანისა უქმია საყვარელი ჯალაბი კვლავ ამ ქვეყნისათვის გამოუბრუნოს.
რა არ იმოქმედა, რა არ იცა თავში, სხვისა სიტყვით და სწავლებით, რა ხარჯი არ გასწია: ეს ხატი რამდენჯერმე არ ალოცვინა, ეს ექიმი არ მოიყვანა ქალაქიდამ, ეს ათასნაირი წამლები არ გაუკეთა, ეს ათსნაირ ბალახებში არ ჩააწვინა, ეს სოფლები არ მისძრა-მოსძრა კითხვითა და ექიმების ძებნითა, ეს ვის არ დაადებინა ხელი, ვის არ ეხვეწა და ემუდარა ჩოქვითა, - თქვენი ჭირიმე, ცოცხალს ნუ გამომასალმებთ ტოლ-ამხანაგსა და ეს ჩემი ერთსული და ერთხორცი დედაკაცი შემარჩინეთ, ამაზე შავებს ნუ ჩამაცმევთო, - მაგრამ არსაიდამ არა ეშველა რა. ბაბალე, როგორც სანთელი, დღედადღე თვალწინ უდნებოდა.
საცოდავი ანტონი, ამისი მნახველი და მაყურებელი, გარეტებულსავით დადიოდა. იმისთვის აღარც სადმე ლხინი იყო, აღარც სადმე ჭირი, აღარც სადმე ერი, აღარც სადმე ბერი, აღარც მეზობელი ვინმე ეხალისებოდა, აღარც მახლობელი. ამ, ლხინში პირველ მოლხინარს, ჭირში პირველ მომჭირნეს კაცს. დღეს თავისთავი მეტხორცად მიაჩნდა ქვეყანაზედ. ქვეყანა მისთვის შეიქმნა უცხო და იგი ქვეყნისათვის, თითქო მარტო ბაბალე ანათესავებდა ქვეყანას და ანტონს ერთმანეთთან.
ღვთის განგებას ანტონი ისე მოთმინებით არ ემორჩილებოდა, როგორც საწყალი ბაბალე. ამის სიტყვებში ჩივილი და სამდურავი ისმოდა.
- დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალიო! - იტოდა ხოლმე, როცა დაუფიქრდებოდა თავის უბედურებას: - შე დალოცვილო, რა დააკლდებოდა ქვეყანას, რომ ამ ახალგაზრდა დედაკაცსაც თავისი პატარა ადგილი სჭეროდა ჩემს პატარა ქოხშიო.
ვის რას ართმევდა, ვის რას აკლებდა, ვის რას უშავებდა, რომ აგრე ადრე და მალე დღე მოუსწრაფეო და სიცოცხლემოუჭარბელს ადამიანს, ჩემს ერთსულად და ერთხორცად შენგანვე ნაკურთხს, ჩემის ხელითვე შავს მიწაში მამარხვინებო. ან რა იყო შენი წყალობა, რომ მაგ დედაკაცს შემყარე, ან რა არის შენი რისხვა, რო ეხლა მყრიო.
ზაფხული იყო, პაპანაქება. საცოდავი ბაბალე იწვა ქვეშაგებში და წინ ხის კუნძზედ უჯდა თავისი უფროსი შვილი გიტო, თორმეტ-ცამეტი წლისა, და ფოთლით ბუზს უნიავებდა. იქავ ახლოს დაცუცუნებდა პატარა გოგო ბაბალესი - თაფლო, ხუთისა თუ ოთხის წლის ბაშვი, დღეს ბაბალე უფრო მიხრწნილი და ღონეგამოლეული სჩანდა.
რამდენსაც დასუსტებული დედა თვალს აახელდა და ამ ორ ბაშვს დაინახავდა, ცრემლი მოერევოდა ხოლმე და ეს ცრემლი მით უფრო ემწარებოდა, რომ ჰცდილობდა შვილებს არ დაენახათ. ნამეტნავად პატარა თაფლომ იცოდა ხოლმე გამოკითხვა: დედილო, რა გატირებს, რომ სტირიო, და ხშირად გულამომჯდარი დედა ვერა პასუხს ვერ ეტყოდა ხოლმე.
გიტო კი, რაკი თვალს შეასწრობდა დედის ცრემლსა, თვითონაც მაშინვე თვალებიდამ ცრემლს წამოჰყრიდა ხმაამოუღებლივ და გული ისე ამოჯდომით დაუწყებდა ძვრასა, თითქო ბუდიდამ ამოვარდნას ჰლამისო. დედას მეტად ემძიმებოდა ამ ყოფაში ჩაგდება შვილებისა და იმათ დანახვაზე თვალში მოსულს ცრემლს, - რომ იტყვიან, - ჰყლაპავდა, ჰმალავდა.
თაფლომ იცუცუნა, იცუცუნა და ბოლოს მიწის იატაკზე რაღაც საქმე აიჩინა და ჩიჩქვნა დაუწყო მიწასა. დედამ შეჰნიშნა, რომ მისი საყვარელი თაფლო ძალიან გულით გაერთო თავის საქმეს და უთხრა გიტოს:
- შვილო, ახლო მოდი ჩემთან, ქვეშაგებზედ შემოჯეგი. გიტო მიუჯდა დედას, გადაწვა, პირქვე დაემხო და ცხვირპირი დამალა დედის გულზე. ბაბალემ ორივე ხელი მოჰხვია თავს, მაგრა გულს მიიკრა და ქოჩორზედ ზედ დაეკონა კოცნითა.
- შვილო, ჩემო კარგო, - უთხრა დედამ, - არვინ იცის ხვალინდელი დღე რას მოიტანს. ყველა ღვთის ნებაზეა, ვენაცვალე იმის მადლს, სიკვდილი და სიცოცხლე ორივ იმის ხელშია. უიმისნებოდ არა მოხდება რა ქვეყანაზედ. შენი პატრონიც და მფარველიც ის არის. ერთი ბეწვიც თმისა არ მოგაკლდება, თუ ღვთის ნება არ არის, და თუ მისი ნებაა - წინ ვერავინ დაუდგება. თუნდ ეგეც არ იყოს, ქვეყანას ვერავინ ვერ შეაბერდება. წესია ქვეყნისა, დედ-მამა...
| პოეზიის გვერდი • • • |


