(ნაწყვეტები)
* * * * * * *
1886 წელს დავიწყე მუდმივი თანამშრომლობა ყოველდღიურ გაზეთ „ივერიაში“, რომლის რედაქტორად და მეთაურად იყო ილია ჭავჭავაძე. მუდმივ თანამშრომლად იმ დროს ითვლებოდნენ აგრეთვე: გიგა ყიფშიძე, ილია ხონელი (ი. ბახტაძე), სტ. ჭრელაშვილი („სანოს“ ფსევდონიმით), ალ. ნანეიშვილი...
ყველა ერთგულად, გატაცებით ვეკიდებოდით საერთო საქმეს, მაგრამ სულის ჩამდგმელი, გზის მაჩვენებელი, ენის მასწავლებელი მაინც ილია იყო.
უნდა გენახათ, ეს უკვე ხანში შესული კაცი როგორი ახალგაზრდული ხალისით, გატაცებით მუშაობდა ჩვენთან ერთად. სულ იმას ცდილობდა, რომ შეთანხმებით გვემუშავა, გაზეთს ერთი სული ჩასდგომოდა, ერთი მიმართულება ჰქონოდა. მეტადრე მტკიცედ იცავდა ენის სიწმინდეს, სიფაქიზეს, ქართულობას.
* * * * * * *
ქართული გაზეთის გამოცემა იმ ხანებში ადვილი საქმე არ იყო. გზა, რომელიც მაშინ ქართულ მწერლობას უნდა გაევლო, არ იყო ვარდითა და იით მოფენილი.
ეს იყო გზა გოლგოთისა, გზა ეკლიანი გვირგვინისა, გზა ოხვრის და გოდებისა, გზა სიმშილისა და მწყურვალობისა. ამას დაუმატეთ ქართველი საზოგადოების გულგრილობა, კილვა და ღრეჭა, მონარქისტი-რუსების სისინი (მეფისა და სამეფო ხელისუფლების მხარდამჭერი). „ქართველ პატრიოტების“ მიმართ და დაუცხრომელი მტრობა მეფის მთავრობისა. ეს არა კმარა.
გაზეთს წინ ედო კიდევ ერთი განსაცდელი, ერთი სახიფათო ალაგი, სადაც ბეწვის ხიდი იყო გადებული. შედგებოდი ამ ხიდზე და შიში აგიტანდა: აი, ეს-ეს არი, ჩაწყდება ბეწვი და ხიდთან ერთად შენც თან ჩაგიტანს უფსკრულში.
მოდი და ახლა იქიდან ამოსავალი გზა ეძებე! ეს სახიფათო ხიდი იყო მაშინდელი ცენზურა, რომელიც ყოველდღე მაჯლაჯუნასავით გულზე გვაწვა და სულს გვიხუთავდა. ეს იყო ჩვენი სულთამხუთავი, ჩვენი „სული ბოროტი“.
გაზეთს მასალას დავუმზადებდით რედაქციაში. სტამბაში ააწყობდნენ ამ მასალას და კოხტა პატარძალივით მორთავდნენ, მაგრამ ვერ დავბეჭდავდით და მკითხველს ასე მოკაზმულ-მორთულს ვერ მივუძღვნიდით. ჯერ გაზეთს უნდა გამოევლო კიდევ ერთი გალიპული, საშიში გზა; ეს გზა მიგვიყვანდა ხოლმე იმ ალაგას, რომელსაც სახელად ერქვა ცენზურა. ვისხედით და ველოდით გულის ცახცახით, რა სახით დაგვიბრუნდებოდა შინ ეს წვითა და დაგვით შემზადებული გაზეთი.
აგერ მოგვიტანეს გაზეთიც. დავხედავდით და გულს ელდა ეცემოდა. გაზეთი გაზეთს აღარ ჰგვანდა. სულ წითელი მელნით იყო შეთუთხნული, ჯვარედინად გადახაზულ-გადმოხაზული. ეს იმას ნიშნავდა, რომ წითელი ხაზებით გადაჯვარედინებული ადგილები უნდა ამოგვეგდო და სხვა რითიმე შეგვევსო. ეს არც ისე ადვილი იყო. დავღონდებოდით, დავძმარდებოდით, - გაზეთის ამგვარად გამოშვება შეუძლებელი იყო: მოცდენილ ყანას მოგაგონებდათ, ალაგ-ალაგ რომ მოტიტვლებული ადგილები ჩანს.
ილია თავს მოიკლავდა, ასე დამახინჯებული გაზეთი საქვეყნოდ გამოტანილი რომ ენახა.
დაგვეტოვებინა ცარიელი ადგილები და შენიშვნა მიგვეცა, რომ „საცენზურო პირობათა გამო“ გაზეთი ამ სახით გამოდის, – ნება არ გვქონდა კანონის ძალით.
შეიძლებოდა კიდევ სხვა გზით შველა. ამგვარ შემთხვევისათვის დამზადებული და აწყობილი გვქონდა სათადარიგო მასალა, რომელსაც ჩავაკვეტებდით ხოლმე წაშლილების ალაგას. იყო კიდევ მესამე გზაც: წავსულიყავით ცენზორთან და ან ხვეწნით, ან მუდარით, ან მოსაზრებით დაგვეჯერებინა, დაგვერწმუნებინა, რომ წაშლილ ადგილებში არავითარი საშიში და საწინააღმდეგო ვისიმე არ მოიპოვებოდა.
ამგვარ შემთხვევისათვის „სამწუხარო მსხვერპლად“ განწირული გვყავდა გიგა ყიფშიძე:
- აბა, გიგა, ჰე დაიძარ და სულ ბრიგინ-ბრიგინით გასწი ლუკასთან (ასე ვეძახდით ცენზორს) და შეეწირე ზვარაკად საკურთხეველსა ზედა „ივერიისასა!"
ცენზორად, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ქართული მწერლობის ჯალათად, დანიშნული იყო მაშინ ლუკა სტეპანიჩ ისარლოვი. ეს კაცი იყო ქონდრის ტანისა, ბაჯაჯღანა, მახინჯი სულითაც და ხორცითაც, წვერ-ულვაშ მოპარსული, ფლიდი ენის პატრონი.
რომელ არქივში გამონახეს და გამოამზევეს ეს არაკაცი, არ ვიცი... ლუკა ნამდვილი ძველი დროის პოლიციელი იყო: გულით გაქვავებული, ჭკუით გამოფიტული, ვერც შენი წრფელი სიტყვა, ვერც შენი საღი სჯა, ვერც ხვეწნა და მუდარა ვერ მიაღწევდა იმის გულსა და ტვინსა. ამას სწამდა და სჯეროდა მხოლოდ ნება და ბრძანება თავის წარმომავლენისა, დანარჩენს კი ამისთვის ერთი ბისტის (სპილენძის წვრილი ფული) ფასიც არა ჰქონდა.
აი, ამისთანა კაცთან გავგზავნეთ საწყალი გიგა და ნუ გაიკვირვებთ, თუ შინ ხელცარიელი დაბრუნდა, დაღონებული, დაძმარებული. გიგას დანახვაზე უსიტყვოდ მივხვდით, რომ მოხდა ის, რასაც მოველოდით. წუწუნის და ჩივილის დრო აღარ იყო, ლუკას ლანძღვა-გინებასაც აზრი არ ექნებოდა.
სხვა გზა არ იყო, საქმეს უნდა შევდგომოდით, შენახული, დაზოგილი მასალა უნდა გამოგვეყენებინა.
მოვიწვიეთ სათათბიროდ ჩვენი დიომიდე, სტამბის მეტრანპაჟი (დამკაბადონებელი), დაუღალავი, წარბშეუხრელი მუშაკი, რომელიც ჩვეული იყო ლუკას ამგვარ ოინებსა.
საქმე გაჩარხდა.გაზეთი თავის დროზე გამოვა...
* * * * * * *
...სოფრომ მგალობლიშვილმა მუდმივ მუშაობას თავი დაანება. იმის მაგიერ უნდა მოგვეწვია ვინმე.
სწორედ ამ დროს ვაჟა-ფშაველა უადგილოდ დარჩა და, რადგან მე და გ. ყიფშიძე კარგად ვიცნობდით, ვარჩიეთ ილიასთან მოგველაპარაკნა და ვაჟა რედაქციაში მოგვეწვია მუდმივ თანამშრომლად. რა გამოვიდა ამ თანამშრომლობიდან, ქვემოდ გაიგებთ. ჯერ კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გაგაცნოთ ვაჟას ვინაობა.
ვაჟა-ფშაველა ლიტერატურული ფსევდონიმია. ნამდვილი მისი გვარი იყო ლუკა რაზიკაშვილი. ლუკა მღვდლის შვილი იყო, სოფელ ჩარგალიდან. ეს სოფელი ფშავეთის ერთ მივარდნილ ადგილშია, უწინდელ თიანეთის მაზრაში. ლუკას სამი ძმა კიდევ ჰყავდა. ორი მათგანი - თედო და ბაჩანაც, მწერლები იყვნენ.
თედო მოხდენილად სწერდა უფრო საყმაწვილო პატარ-პატარა მოთხრობებს; ბაჩანა დიდად ნიჭიერი პოეტი იყო და ზოგიერთი მისი ლექსი სიმძლავრით და პოეტური აღმაფრენით ვაჟას ლექსებს არ ჩამოუვარდებოდა.
ვაჟას მამაზე ბევრთაგან გამიგონია, რომ ბუნებით დიდი ჭკუის კაცი იყოო, წიგნის მოყვარული და დიდი მცოდნე ქართული ისტორიისა.
სხვათა შორის, იმას მიაწერდნენ იმის ახსნას, თუ საიდგან წარმოსდგა სიტყვა ხევსური, სახელწოდება მთიელთა ერთი ნაწილის მცხოვრებლებისა. ასე ხსნიდა თურმე ვაჟას მამა:
როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიკლო და გაანადგურა იერუსალიმი და ებრაელები განფანტა მთელ დედა-მიწის ზურგზე, ბევრი ამათგან გადმოსახლებული იყო აგრეთვე კავკასიონის მთების ხევებში, და აი სწორედ ამ ხევში დასახლებულ ებრაელებს უწოდეს სახელად ხევის ურიები, ანუ, ცოტა შემოკლებით - ხევსურები. აქედან თითონ ამ ადგილებსაც დაერქვა ხევსურეთი.
არ ვიცი, პატივცემულ ვაჟას მამას რომელ „ისტორიულ წყაროდგან“ ჰქონდა ამოღებული ეს ცნობა, მხოლოდ ეს კი ეჭვს გარეშეა, რომ ამის მთქმელს ჭკუამახვილობა ეტყობა და უფრო კიდევ დიდი ფანტაზია. იქნება მამისაგან გამოჰყვათ მის შვილებს ის პოეტური ფანტაზია, რომელმაც ასეთი ზეაღმტაცი ფრთები შეისხა მეტადრე ვაჟას ნაწარმოებში.
ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი სოფელ თონეთში, რომელიც მანგლისის ახლოს მდებარეობს... ეს ასე მოხდა: ვაჟა მასწავლებლად იყო თონეთის სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ექვემდებარებოდა. ერთხელ საზოგადოებას ქაღალდი მოუვიდა, საიდანაც ვცანით, რომ ვაჟას რაღაცაზე ჩხუბი მოსვლია მანგლისში მყოფ ჯარის აფიცრებთან და ხელის შეხებით შეურაცხყოფა მიუყენებია.
საზოგადოებამ დაადგინა, გაეგზავნა მმართველობის რომელიმე წევრი ადგილობრივ საქმის გამოსაკვლევად. მე მაშინ საზოგადოების მდივნად ვიყავი და მე მომიხდა თონეთში წასვლა.
აქ ვაჟას ნაამბობიდან შემდეგი გავიგე: თონეთში სამი რუსის აფიცერი მოსულიყო და დუქანში ქეიფი გაემართათ, მიეწვიათ ვაჟაც.
სმის დროს ერთ აფიცერს რაღაც არასაკადრისი სიტყვა ეთქვა ქართველების შესახებ; ეს ვაჟას შეურაცხყოფად მიეღო და სილა გაერტყა ამ აფიცრისთვის. ატეხილიყო ჩხუბი, აურზაური, ვაჟასთვისაც ბევრი ეცემათ, მაგრამ ამასაც არ დაეკლო. გაეშველებინათ და ამით გათავებულიყო საქმე.
თუმცა მაინცდამაინც დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, საქმე ცუდად დატრიალებულიყო. რაც უნდა იყოს, მაინც აფიცერი იყო შეურაცხყოფილი.
ვაჟა თვითონაც გრძნობდა ამას და მითხრა: „თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება მოელის ჩემის გულისათვის, მე თვითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობას, მაინც გული არ მიდგება ამ გადაყრუებულ ადგილას.“
ვაჟას სკოლაში ჰქონდა ბინა და მეც მასთან ჩამოვხდი. საღამოს, ოჯახობამ რომ მოისვენა, მე და ვაჟა მარტო დავრჩით. ვაჟამ ლაპარაკი ჩამოაგდო „ივერიაზე“ და, სხვათა შორის, მკითხა: - აი, ლექსები და პატარა მოთხრობები მაქვს დაწერილი და „ივერია“ ხომ არ დამიბეჭდავსო.
მერე გამოალაგა დიდრონი რვეულები და წამიკითხა ჯერ „შვლის ნუკრის ნაამბობი“, საყმაწვილო მოთხრობა, მერე პოემა „მოხუცის ნათქვამი". ჩემს აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვუთხარი:
- შე კაი კაცო, თუ მაგისთანა ძვირფასი მარგალიტები მოგეპოვებოდა, აქამდინ რას ინახავდი ძუნწივით ზანდუკში ჩაკეტილებს. მომეცი, ხვალვე წავიღებ „ივერიაში", დიდის სიამოვნებით დავბეჭდავთ და სასყიდელსაც! (ჰონორარი) მიიღებ.
ვაჟა ნასიამოვნები დარჩა, მხოლოდ მითხრა: - მოთხრობა უკვე გავგზავნე საყმაწვილო ჟურნალში დასაბეჭდად და „მოხუცის ნათქვამს“ კი ცოტა კიდევ გადავათვალიერებ. ჩქარა მე თვითონ ჩამოვალ ქალაქში და ამეებსაც ჩამოვიტან. სხვებიც ბევრი მაქვს ნაწერიო, - და მაჩვენა ერთი კარგა მოზრდილი რვეული...
ტფილისში დაბრუნებისას ერთხელ კიდევ გადავიკითხე საყმაწვილო ჟურნალში დაბეჭდილი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და იმ დღესვე მოვათავსე „ივერიაში“ რეცენზია, სადაც, სხვათა შორის, ვამბობდი: - ასეთი მოთხრობის დაწერა შეუძლია მხოლოდ დიდ ნიჭს. ამ მოთხრობას ერთგვარი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც დიდი, ისე პატარა მკითხველი. და სწორედ ეს არის უტყუარი საბუთი ნიჭის სიდიადისა...
ილიამ რომ ეს რეცენზია წაიკითხა, შემოვიდა რედაქციაში და გვითხრა: აბა, ერთი მაჩვენეთ ეგ მოთხრობაო.
წავუკითხეთ; კითხვის დროს ილიას სიამოვნების შუქი გადაჰკრავდა სახეზე. კითხვა რომ გავათავეთ, ილიას აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა: წარმავალმა დიდმა ნიჭმა გულით იგრძნო მომავალი დიდი ნიჭი.
- კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან, შორს წავა, შორს! - გაიძახოდა ილია თავისი ჩვეულებრივი შორსმჭვრეტელობით.
შემდეგ, ცოტა გვიან, ვაჟამ თავისი „მოხუცის ნათქვამი“ მოგვიტანა „ივერიაში“ დასაბეჭდად. რედაქციაში შევიკრიბენით თანამშრომლები. ხელნაწერი წავიკითხეთ. მკითხველის მოვალეობა კისრად ედო გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს (წირვის დროს ფსალმუნების მკითხველი) ვეძახდით.
გიგამ თავისებურად, გრძნობით გადააბულბულა.
- გიგა, აბა, ერთი კიდევ გადაიკითხე, - ეუბნება ილია.
გიგამ გადაიკითხა, ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა. მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები:
- არა, ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!
ვაჟას რედაქციაში მოწვევა მუდმივ მუშაობისათვის გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ილია ცოტა ეჭვობდა და გვეუბნებოდა:
- კარგსა ვშვრებით, გამოგვადგება? ან კიდეც რომ გამოგვადგეს, ცოდო არ იქნება, მაგისი ნიჭი გაზეთის მუშაობაში ჩავკლათ?!
მართალს ამბობდა ილია. აქაც წინასწარ გრძნობამ არ უმტყუნა მას, და მალე თვით ვაჟამ მოგვცა პასუხი ზემოთ მოყვანილ საეჭვო საკითხზე.
ვაჟამ რედაქციაში იმუშავა მხოლოდ სამი დღე. ვაძლევდით გადასაკითხად და გასასწორებლად კორესპონდენციებს, ვათარგმნინებდით პატარა წვრილ ამბებს რუსულ გაზეთებიდან. ორ დღეს მუშაობდა, თუმცა იმის მუშაობას დიდი ხალისი არ ეტყობოდა.
მოვიდა რედაქციაში მესამე დღეს. ცოტა ჩაფიქრებული იყო, მივეცი რუსული გაზეთი, მოვუხაზე ერთი ადგილი უცხოეთის ცხოვრების ამბებიდან და ვუთხარი:
- აბა, ლუკა, ეს ადგილი მალე გადათარგმნე, თორემ სტამბა ძალას გვატანს და მასალა კი ცოტა გვაქვს.
მე საქმეებში გავერთე და ვაჟა დროებით გადამავიწყდა, მომაგონდა და ვუთხარი:
- რა ჰქენ, ლუკა, გადათარგმნე?
წინ დაწერილი ქაღალდი ედო. ვიფიქრე, ეს სწორედ ნათარგმნი იქნება-მეთქი და ხელი დავავლე გადასათვალიერებლად. დავხედე - ლექსია.
- ეს რა ამბავია, ლუკა? - ვეკითხები.
- თარგმნის სამაგიეროდ ეგ ლექსი დავწერე. თარგმნის მაგივრობას გასწევს.
ამავე დღეს ვაჟამ გამოგვიცხადა, რომ რედაქციას თავს ანებებს: მე აქ მუშაობას ვერ შევძლებო.
რედაქციას თათბირი ჰქონდა და ასე გადავწყვიტეთ: მიგვეცა ვაჟასთვის თვეში ხუთი თუმანი და ვაჟას, სამაგიეროდ, ევალებოდა თვეში რაიმე ნაწარმოები უსათუოდ მოეწოდებინა.
ვაჟა აიბარგა და გასწია თავის ჩარგალში. დაუბრუნდა არწივი თავის საყვარელ მთებს.
ვაჟა სინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. დროგამოშვებით ჩამოდიოდა ვაჟა ტფილისში ხურჯინაკიდებული ცხენით. ხურჯინში ელაგა საგზალი: ხორცი, პური - ტფილისში საცხოვრებლად - და ლექსები, მოთხრობები, პოემა და კიდევ სხვა ნაწერები ფშავლების ცხოვრებიდან.
დაუტოვებდა ყველა ამას რედაქციას და ისევ გაემგზავრებოდა თავისი საყვარელი მთებისაკენ. და ასე და ამგვარად მთის კაცი ვაჟა ჰკვებავდა სუსტს ქართულ მწერლობას, როგორც მთის პატარა ნაკადული, მდინარედ ქცეული, რწყავს და სულს უდგამს ბარის გადამხმარ დედა-მიწას.


