1907 წლის თებერვალში ფოთში თბილისიდან თეატრალური დასი ჩამოვიდა, დასს თან ჩამოჰყვა ვაჟა-ფშაველა. საღამოები და თეატრალური წამოდგენები იმართებოდა ფოთის საქალაქო სასწავლებლის დიდ დარბაზში.
ქალაქში ხმა გავარდა, ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდაო და სასწავლებელს დიდძალი ხალხი მიაწყდა. პირველ საღამოს რამდენიმე მოწაფემ შევძელით შესვლა. წინა დღით ჩვენმა მასწავლებელმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და ბიოგრაფია გაგვაცნო და ამიტომ ძალიან გვინდოდა ცოცხალი ვაჟას ნახვა.
მართლაც, წარმოდგენის შემდეგ დასის ხელმძღვანელმა ვალერიან გუნიამ გამოაცხადა:
- ლექსს წარმოთქვამს ჩვენი საყვარელი პოეტი ვაჟა-ფშაველა!
ვაჟა რომ გამოჩნდა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაში დაუკრა. ტაშის დაკვრა დიდხანს არ შეწყვეტილა.
ვაკვირდებოდი ვაჟას. აი როგორი იყო:
ეცვა რუხი ფერის ჩოხა, შავი ახალუხი, მაღალი ჩექმები. ქამარზე ეკიდა დიდი და განიერი ხანჯალი. ამ ხანჯალმა ყველანი გაგვაკვირვა, რადგანაც ჩვენში, გურია-სამეგრელოში, ასეთი ზომის ხანჯალს არ ატარებდნენ. მარცხენა ხელი ვაჟას ხანჯლის ვადაზე ედო, მარჯვენა ჩამოშვებული ჰქონდა, შავი თმა შუბლზე ოდნავ ჩამოშლოდა. წარბები სქელი ჰქონდა, წვერი – ხშირი და მოკლე,
აღნაგობა - ძლიერი და ვაჟკაცური. მე გამაკვირვა მისმა თვალებმა: სქელ წარბებს ქვემოდან სხივიან-ნაპერწკლიანი, ფართოდ გახელილნი იმზირებოდნენ, თითქოს შენც გიყურებდნენ და შორსაც იხედებოდნენ.
როცა ტაში დაცხრა, ვაჟამ თავისი ლექსების კითხვა დაიწყო. უბრალოდ კითხულობდა, მაგრამ ამავე დროს მის ხმაში დიდი ძალა იგრძნობოდა.
მეორე ლექსის შემდეგ დარბაზი ახმაურდა: „არწივი“, „არწივი“ წაგვიკითხეო.
ვაჟა უკვე გასული იყო სცენიდან, მაგრამ ხალხი არ ცხრებოდა და ხელახლა იხმობდა სცენაზე.
ვაჟა გამოვიდა, ისევ დინჯად მივიდა რამპასთან.
მხრები შეარხია, მარცხენა ხელით ხანჯალი შეაქანა და დაიწყო: მკვეთრად, მარცვალ-მარცვალ. მისი ყოველი სიტყვა ზარის რეკვასავით გაისმოდა:
„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა“...
მერე ხმას დარდი და სინანული ჩააყოლა:
„ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.
რიგებში აქა-იქ ოხვრა გაისმა. ცხადი იყო, რომ დარბაზმა იგრძნო და დაინახა დაჭრილი არწივი. მე ფოთში არწივი არ მენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ფრინველთა მეფე იყო, ამაყი, ძლიერი და ლამაზი; ყვავ-ყორნები კი ნანახი მყავდა, ამიტომაც ადვილად წარმოვიდგინე ამ სურათის საშინელება. ისიც გამახსენდა, რაც მასწავლებელმა მითხრა ამ ლექსის შესახებ:
- ბიჭებო, იცოდეთ, ვაჟა რომ წაიკითხავს ლექსს „არწივი“, ის არწივი უბრალო არწივი როდია, ის არწივი ჩვენი სამშობლოა, საქართველოა!...
ჰოდა, ახლა, როცა დარბაზში ოხვრა გაისმა, ცხადი გახდა, რომ ხალხმა არწივში დაჭრილი სამშობლო დაინახა.
ხოლო როცა ვაჟამ შესძახა:
„ვაჰ, თქვენს დედასა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა!...“
მარჯვენა ხელი მაღლა ასწია, მარცხენათი ხანჯალი შეაქანა და ყვავებს დაემუქრა, მე მომეჩვენა, რომ თითქოს მაღლა, ძალიან მაღლა აიწია იგი, თვითონაც და მთელი დარბაზიც მის აწეულ მარჯვენას აჰყვა. შემდეგ წამით, სულ ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ის დაჭრილი არწივიც იქ იყო იმ წუთში...
ვაჟას ეტყობოდა, ხალხსაც ეტყობოდა, რომ ეს ლექსი მათთვის არ იყო მხოლოდ ლექსი.
წამიერი სიჩუმის შემდეგ ატყდა ტაშის გრიალი. ვაჟა სცენიდან გავიდა, მაგრამ ტაში არ ცხრებოდა. ხალხი ლექსის განმეორებას მოითხოვდა. ვაჟამ გაიმეორა და ხალხმა ისევ ფეხზე ამდგარმა მოუსმინა.
დაჭრილ არწივში ყველა ხედავდა დაჭრილ სამშობლოს; ჩვენ კი, ბავშვებმა, „არწივი“ მეორე დღესვე ზეპირად ვიცოდით.


