(შემოკლებით)
I
ვისაც საქართველოს მთიან ადგილებში თუნდაც რამდენიმე დღე უცხოვრია, სამუდამოდ ჩარჩება ხსოვნაში იქ გატარებული დრო.
წარმტაცია ჩვენი ქვეყნის ბუნება ამ მხარეში, მაგრამ უფრო მეტად აქ შობილი და გაზრდილი ადამიანები მხიბლავენ. რაინდული სული, კეთილშობილება და სხვა მრავალი კეთილი თვისება ახასიათებს მათ. როცა შენ სვანის სტუმარი ხარ, მშვიდი ძილი გქონდეს - დარწმუნებული იყავი, რომ მთელი ოჯახის გული და თვალი შენკენაა მოპყრობილი და ყველას ერთი საზრუნავი აქვს - როგორმე შენ გასიამოვნოს.
ერთ ზაფხულს ჩემს მეგობარს - ეგნატე გუბლიანს ვეწვიე ზემო სვანეთში. ჩემი მასპინძელი - დინჯი, გონებამახვილი, საამოდ მოსაუბრე შუახნის კაცი - ყოველნაირად შეეცადა, გავერთე.
ერთხელ ეგნატემ სანადიროდ წასვლა შემომთავაზა.
- თუ კლდეებზე სიარულს შეძლებ, ჯიხვზე წავიდეთ, თუ არა და, დათვი მოვინადიროთ. ეს ტყე არც ისე შორსაა. ახლა იქ ჟოლო მწიფდება, დათვები მას ეტანებიან და მხოლოდ ჩვენს სიმარჯვეზეა დამოკიდებული, რამდენს დავხოცავთ!
უმალვე შეუდგა თადარიგს, რამდენიმე გამოცდილი მონადირეც მოიწვია და ერთ ცისკარზე, ჯერ კიდევ ბინდბუნდში, გავუდექით გზას. დარწმუნებული ვიყავი, გამარჯვებული დავბრუნდებოდით.
ნაშუადღევი იყო, როცა სანადირო მთასთან მივედით. წინასწარ ვტკბებოდი იმ სიამოვნებით, რომელიც აქ მომელოდა.
მაგრამ რა ხანმოკლე აღმოჩნდა ეს სიხარული!
აღარსად იყო შეგულებული ტყე, აღარც ჟოლოს ბუჩქები. მოტიტვლებული ქვიანი ხრიოკი, მეტი არაფერი!
ყველა გაოცებით იხედებოდა გარეშემო. მათ თვალებში გულისწყრომა და დანაღვლიანება ამოვიკითხე.
- არა, ამის მეტად სანადიროდ წამსვლელი აღარა ვარ, - ხელი ჩაიქნია ეგნატემ, - დათვი და ჯიხვი კი არა, მალე ჩიტიც სანატრელი გახდება ჩვენს ტყეში! მაშ, რა იქნება, როცა ასე დაუნდობლად იჩეხება ტყეები! წყალმა ლამის სულ ერთიანად ჩამორეცხოს მთელი მიწა და ბალახიც ფეხს ვეღარსად მოიკიდებს. ჯიხვს, მართალია, კლდოვანი უყვარს, მაგრამ ქვით კი არ საზრდოობს. წავიდა ჩვენი მთებიდან ნადირი... იქნებ, დარჩა სადმე თითო-ოროლა, მაგრამ მალე ისიც გადაიხვეწება.
სხვა გზა არ იყო - უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. ასე ფუჭად ჩაგვიარა იმედმა.
ხმაგაკმენდილნი მოვდიოდით უკან. ერთ ადგილას კვერნამ გადაგვირბინა, მაგრამ ფიქრადაც არავის მოსვლია მისთვის ესროლა. დათვის და ჯიხვის მაგიერ სოფელში კვერნა რომ მიგვეტანა, სიცილს დაგვაყრიდნენ.
კლდოვანი მთა რომ გავიარეთ, შორს, გორაკის ძირში, ლანდად გამოჩნდა სოფელი. მაშინვე დაღლილობა ვიგრძენი.
- ახლა ცოტა ხნით დასვენებაც შეიძლება, - მივმართე თანამგზავრებს და მიწაზე მოვიკალათე.
გავცქეროდი გარემოს და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი.
II
ფრთების ძლიერმა ფათქუნმა შეწყვიტა ჩემი გარინდება. როცა თავი ავწიე, ორბი დავინახე. რამდენჯერმე შემოუარა მან ორ მთას შუა ჩაჩეხილ ნაპრალს და შემდეგ სადღაც გადაიკარგა. იმავე წამს შორიახლოდან რაღაც წრიპინი მომესმა და მოულოდნელად მახლობელი კლდის ნიშში ორბის ბუდე შევნიშნე. ვეღარ დავძლიე სურვილი და იმ ადგილს მივაშურე.
- რას ჩადი, დაბრუნდი! - მომესმა ეგნატეს ხმა.
ყურს არავის ვუგდებდი. კლდეზე ავცოცდი და ბუდეს წავადექი. შიგ ორბის ორი ბარტყი იყო. ჩემს დანახვაზე ორივემ დააღო მოყვითალო ნისკარტი და ერთმანეთს მიეკრნენ.
- ხელი არ ახლო! - ისევ მომესმა ქვემოდან შეძახილი.
იმავე წუთში დავინახე, როგორ გადაუფრინა ორბმა კლდეს. ცხადია, ეს დედა ორბი იყო. ბარტყები უბეში ჩავისხი და ფრთხილად დავიწყე დაშვება. უცბად ისევ დედა ორბი დავინახე. მას თან მოჰყვებოდა მეორე, უფრო მოზრდილი.
- დაყარე ეგ ოხრები, გაეცალე მანდაურობას! - ძლიერი ხმით მომაძახა ერთმა მონადირემ.
გამეცინა ამგვარ გაფრთხილებაზე. რა უნდა ექნა ჩემთვის ფრინველს, თუნდაც ისეთს, როგორიც ორბია!
სანამ გაუნძრევლად ვიდექი და თვალს ვადევნებდი, ორბები გარშემო წრეს ავლებდნენ; მაგრამ, როგორც კი ნაბიჯი გადავდგი, მამალი ორბი უეცრად ჩემკენ დაეშვა და ისე ახლოს ჩამიქროლა, რომ ჰაერის შერხევა ვიგრძენი.
ისევ დამიარა თავი და ეტყობოდა კვლავ თავდასხმას აპირებდა, რომ ქვემოდან თოფის ხმა მოისმა.
ორბი მოწყვეტით დაეცა ჩემ გვერდით კლდის შვერილზე. მან უმალვე ძალა მოიკრიბა, აფრენა სცადა, მაგრამ მხოლოდ ცალი ფრთის გაშლა შეძლო, მეორეს მიწაზე მიათრევდა და სისხლი სდიოდა. მოტეხილი ფრთით ხვეტდა მიწას და გააფთრებული ჩემს საკორტნელად იწევდა.
კლდეს მიკრული, ფეხით ვიგერიებდი თავგამეტებულ ფრინველს. ბოლოს გადავისროლე მისკენ ბარტყები და კლდიდან სასწრაფოდ ჩამოვცოცდი.
- კიდევ კარგი, უვნებლად დააღწიე თავი! - მითხრა ეგნატემ, როცა სამშვიდობოს ჩამოვედი.
ჩემს კეთილ მასპინძელს მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიგრძენი, რომ უკმაყოფილო იყო.
მდუმარედ გავყევი თანამგზავრებს. როცა უკან მოვიხედე, დავინახე, დედალი ორბი კლდის თავზე ტრიალებდა. შორიდან მისი სევდიანი ყორყოტიც გავიგონე.


