ამ ქვეყანაზე ბიჭი ბევრი ყოფილა, მაგრამ ის რომ იყო, ტყუილია! შინაურებსაც და გარეულებსაც გული გაწყალებული ჰქონდათ იმის კითხვებისაგან.
ადამიანი თუ მჩხრეკელია და მძიებელი, აბა, რა დასაძრახისია, მაგრამ უბედურება ის იყო - პასუხს ვერავინ ვერ აძლევდა.
ან გინდაც, რა უნდა ეპასუხათ აი, ამისთანა კითხვაზე:
- რატომ აქვს უჯრას ნეტავი მაგიდა?
ყველანი გაკვირვებულნი შლიდნენ ხელებს, ამას რას გვეკითხებაო, და ამაოდ ეძებდნენ პასუხს.
უჯრა ყუთია, რასაც გინდა ჩააწყობ და შეინახავო, - უხსნიდა ზოგიერთი. ეგ მეც ვიცი, ოღონდ უჯრას მაგიდა რატომა აქვსო, ის მაინც თავისას გაიძახოდა. ატყობდნენ - იმასთან ლაპარაკი წყლის ნაყვა იყო, და თავს გაანებებდნენ ხოლმე.
ერთი ხანობა ახლა ის ამოიჩემა, კუდს რატომა აქვს ნეტავი თევზიო, მერე - ულვაშს კატა რატომა აქვსო. ყველაფერს უკუღმა კითხულობდა.
გადიოდა დრო, იზრდებოდა ბიჭი, იყლარწებოდა, მაგრამ წინანდებურად ისევ სულ იმის კითხვაში იყო, ეს რატომაო, ის რატომაო. როგორც პატარაობისას, ახლაც უკუღმა იცოდა შეკითხვა, და მეტსახელად "რატომელა უკუღმართოს" ეძახდნენ.
არა, აქ გაჩერება აღარა ღირს, ვერც ერთ ჩემს კითხვაზე პასუხს ვერ მაძლევენო, მწვიტინს მოჰყვა გაწიწმატებული რატომელა, მერე წავიდა, მთის წვერზე დასახლდა, აიშენა ქოხი და აღარც არავინ დამშლელი ჰყავდა, აღარც მოპასუხე. იდგა და იგონებდა ათასნაირ თავსამტვრევ კითხვებს. ყოველ კითხვას კოხტად აწიკწიკებდა საერთო რვეულში, პასუხს კი ვერასოდეს ვერ პოულობდა.
ანდა, აბა, რა პასუხი უნდა ეპოვა, როცა რვეული ათასი სისულელით ჰქონდა აჭრელებული. აი, წაგიკითხავ, რა ეწერა:
"რატომა აქვს ჩრდილს ნაძვის ხე?"
"ღრუბლები ნეტავი რატომ არავის არა სწერენ წერილებს?"
"საფოსტო მარკები ლუდს ვითომ რატომ არა სვამენ?"
ბევრი ფიქრით რატომელას ტვინი გაეხვრიტა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა და სულ ახალ-ახალ კითხვებს იგონებდა. თანდათან კარგა დიდი წვერიც წამოეზარდა. გაპარსვა კი არც უფიქრია. ადგა და კიდევ ერთი ახალი კითხვა მოიგონა:
"სახე წვერზე რატომ ამოდის ნეტავი?"
ერთი სიტყვით, რაღა ბევრი გავაგრძელო, პირწავარდნილი აბუეტი იყო. ბოლოს, როცა გადახვანცარიკდა და ჩვენი ჭირი წაიღო, ერთმა განთქმულმა მეცნიერმა საგულდაგულოდ შეისწავლა მთელი იმისი ასავალ-დასავალი და საკვირველი რამ აღმოაჩინა.
რატომელა ბავშვობიდან თურმე უკუღმა იცვამდა წინდებს, წაღმა ერთხელაც არა სცმოდა თავის სიცოცხლეში და ამიტომ იყო, სუყველაფერს შებრუნებულად რომ კითხულობდა.
- აბა ერთი დაიხედე ფეხებზე, შენ კი ვითომ სწორად გაცვია წინდები?
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


