კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 09:08

იყო ერთი ბებერი თაგვი. ტყუილი რა სათქმელია, მართლა იყო. თანაც სორო სამკითხველოში ჰქონდა. ადგა ერთხელ და დიდი ხნის უნახავ დისწულებთან გაკუნკულდა. ისინი ძირგავარდნილ ჭურში ცხოვრობდნენ და ამ ქვეყნისა არა გაეგებოდათ რა.

- ეჰ, თქვენც იტყვით, ვცხოვრობთო! მჭადიდან ნახშირი ვერ გამოგიღიათ, - ეუბნებოდა ბებერი თაგვი თავის ბუტუსურა დისწულებს. - წერა-კითხვა მაინც გესწავლათ, თქვე მამაცხონებულებო!

- შენ ვინ შეგედრება, სათაგვეთის იმედო! - შესწრუწუნებდნენ თაგუნები.

- თქვენ ისე გატყობთ, ალბათ, კატის ხორცი არც გიჭამიათ.

- არა. ჩვენში პირიქით ხდება. აქ კატები მიირთმევენ თაგვის ხორცს.- უწიგნურები ხართ და ეგ იმიტომ მოგდით, ბენტერებო. აბა, მე მნახეთ, რა გემრიელად ვაკნატუნებ ფისუნიას ძვლებს! ერთს დავაფრინდები ხოლმე და მორჩა, დაკნავლებასაც ვერ ასწრებენ. მაშ, რა გგონიათ, თქვე უშნოებო, თქვენა!

- გემოთი რანაირია ნეტავი?

- გინდ ქაღალდი გიჭამია, გინდ მჩხავანა კატის ხორცი, სულ ერთია. ცოტა მელნის გემო კი გაჰკრავს. მაგრამ კატა არაფერი, თქვენ ის მითხარით, ძაღლის ხორცი თუ გიჭამიათ?

- უიმე, რას ამბობ!..

- რას ვამბობ და გუშინაც ერთი კარგა მოზრდილი ნაგაზი შევახრამუნე. ჩემხელა მარტო კბილები ჰქონდა. მივეპარე, ყანყრატოში ვწვდი და, არც დაუწკმუტუნია, ისე გავათავე.

- ძაღლი რაღა გემოსია?

- ისიც ქაღალდივით საჭმელია. აი, მარტორქას ხორცი თუ გაგისინჯავთ?

- გაგვისინჯავს კი არა, მარტორქა თვალითაც არ გვინახავს. ისიც არ ვიცით, რომელ ყველსა ჰგავს, გუდისას თუ ჰოლანდიურს.

- ეგრე რამ დაგიბნელათ ტვინი, ყველსა და მარტორქას ვეღარ არჩევთ! არც

სპილო გიჭამიათ? - აცივდებოდა მწიგნობარი ბიძა უბირ თაგუნებს. - არც მღვდელი გაგიძიძგნიათ? არც მეფის ასული? საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე მაინც არ გიგემიათ, თქვე მართლა საცოდავებო?

ნაძვის ხის ხსენება და კატის კრუტუნის გაგონება ერთი იყო. კატა თურმე იქვე ვარცლთან იწვა და, თაგვის ტრაბახი რომ შეესმა, წამოხტა. პატარა ღნავალა კნუტი კი არა, უკვე გამართული ჭრელი ციცა იყო. ვაი, იმისი ბრალი, ვისაც ბრჭყალს მოახვედრებდა. ულაშაწკეპილს ბალანი შავად ჰქონდა აშლილი.

კატის ხმა გაიგონეს თუ არა, უნდა გენახა, რა დღეში ჩაცვივდნენ შიშნაჭამი თაგვები. ზოგი საით გარბოდა, ზოგი საით. გასწრებაზე იყვნენ. სამკითხველოს ბებერი თაგვი კი ერთ ადგილას გაქვავდა. ელდანაცემი ვეღარც აქეთ მიბრუნდა, ვეღარც იქით.

კატას ბევრი არ უფიქრია, ისკუპა და თვალის დახამხამებაში თათებშუა მოიქცია, მაგრამ შეჭმით არ შეჭამა, ჯერ გამასხარავება დაუპირა:

- შენ ის თაგვი არა ხარ, კატებს რომ ახრამუნებ? - ჰკითხა ხატაურამ.

- დიახ, ბატონო, ის გახლავართ. ოღონდ უნდა მოგახსენოთ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სამკითხველოში გავატარე და ალბათ გამიგებთ, რის თქმაც მინდოდა...

- გავიგე, ძალიან კარგად გაგიგე. შენი დღე და მოსწრება იდექი და სურათებიან წიგნებს ღრღნიდი!

- ბევრი არა, პატივცემულო ციცუნიავ, სულ რამდენიმე წიგნი მექნება დაღრღნილი. ისიც მეტი სწავლის წყურვილით...

- ისემც შენ რას გეტყვი! წიგნები მეც მიყვარს, მაგრამ ღრღნა სად გაგონილა!

მაგ ხნის თაგვი დახატულ კატასა და ნამდვილს ერთმანეთისაგან უნდა არჩევდე. აბა შენ რა მარტორქას შემჭმელი ხარ!

უცებ საიდანღაც ობობამ ჩამოიარა. თაგვის იღბალზე კატამ იქით გაიხედა. კატის გახედვა იყო, და წიგნებნაჭამი ბაქიბუქა თაგვი ტყვიასავით გასხლტა, სამკითხველოსაკენ გავარდა დარეტიანებული. თაგვზე გაბრაზებულმა კატამ კი საწყალ ობობას გაჰკრა კბილი.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen