(ბალადა)
შუაღამისას ადგება ქარი,
რომ ცას შეუდგას შავი სვეტები,
შუაღამისას ადგება ქარი
და ისევ თავი გამემეტება.
ადგება, როგორც თეთრი ირემი,
ჩემი ოცნების ჩუმი წვალება
და უღიმღამო ცის ნაპირები
შესთავაზებენ მთებს მოკრძალებას.
შენ მხვდები ამ დროს, თუ უფრო ადრე
და გზები შენი ქვეყნად ვინ იცის,
ვინ იცის, რამდენ მზესა და ავდრებს
შეხვდებით შენ და ქარი თბილისის.
ირიბ ქუჩაში ხელადით, მწვადით
დაგხვდება კინტო შეითანს ზემოთ:
„აქეთ მობრძანდით, აქეთ მობრძანდით,
აქეთ მობრძანდით, ოსტატო ჩემო!“
მოგროვდებიან ქუდებმაღალნი,
მტრედის ქამრებით, ვერცხლის მტრედებით.
არ აგაღელვებს მათი ყაყანი
და სიჩუმეშიც არ გახელდები.
ერთი კარტივით გადაშლის მტკაველს,
გთხოვს, გემუქრება, რომ შეგაჩეროს:
„რა დაგიშავე რა დაგიშავე,
რა დაგიშავე, ოსტატო ჩემო?!
რისთვის გამკიდე, როგორც სიონში
ყვითელ ჩარჩოში ჰკიდია ჯვარცმა,
რას მემდურები, რას მიჩიოდი,
რა გაწყენინე მტრედივით კაცმა?!
რბოდნენ დღეები უამინდოდა,
ბოლოს შევიცან სიკვდილის გემო.
მე სამუდამო ძილი მინდოდა,
რად გამაცოცხლე, ოსტატო ჩემო?!
ჩარჩოში ვზივარ, ვწყევლი გაჩენას,
მოვლენ, მსინჯავენ დარდიმანდულად.
შენმა ყალამმა, შენმა მარჯვენამ
ეს რანაირი დარდი მარგუნა.
თითქოს შეკრულან საქმით, მუნათით,
ყოველდღე მოდის ხალხი - დუნია.
გაყიდული ვარ, როგორც სურათი,
და ჩემი სულიც გაყიდულია.
მომეხვევიან, შეკრავენ წრესა
და მიღიმიან თეთრი ქალები.
მოიწონებენ მარჯვენას შენსას,
მე კი არავის შევებრალები.
და მხოლოდ ღამით, როდესაც ცაში
შეირხევიან ვერცხლის მტევნები,
დავტოვებ ჩარჩოს, გავდივარ კარში
და ჩემს ძველ თბილისს ავედევნები.
გავრბივარ... სწორის ძებნას ვუნდები,
მწეწავენ ფიქრთა შავი გედები.
გათენებისას ისევ ვბრუნდები
და შავ ჩარჩოში ჩავიჭედები“.
...და გთხოვს, ოსტატმა კინტოს უსმინო
შორს კინტოსავით მტკვარიც ხრიალებს.
ხელადა ტყდება, იქცევა ღვინო
და თოვლის სუფრას ასისხლიანებს.
მთაზე მთვარეა და ნარიყალა,
დაბლა მეტეხი, შენ და ისინი.
ნარიყალიდან მთვრალი ნიკალა
გითვალთვალებს და ჩუმად იცინის.
გარბიხარ, ლანდი, როგორც დიდება,
მოგდევს, შრიალებს თოვლის სირბილე,
და მხოლოდ ერთს არ გაუკვირდება
გუდიაშვილის ჩქარი სირბილი.


