საღამოს სიომ დააცხრო გვალვა,
დახრილმა ტოტმა ასწია თავი,
ცქრიალა სხივმა, მზის ნაჩუქარმა,
ქალის სინაზით აკოცა ყვავილს.
მონადირის წინ შეჩერდა ძაღლი,
მოელაქუცა განაბულ პატრონს,
შემდეგ გახედა თავთავებს დახრილს
და კუნელის ჯაგს მიეჭრა ახლოს.
უყნოსა წყნარად, ასწია ფეხი,
თითქოს შენანდა ფოთლები მწვანე,
დააყურადა მწყრების მოძახილს
და შეერია მღელვარე ყანებს.
შეჩერდა, ყელი წინ წაიგრძელა,
აფრინდა მწყერი, გავარდა თოფი,
ჩიტებმა შეჰქმნეს ალიაქოთი,
მწყერი ყანაში დაეშვა ნელა.


