ლიკლიკებს წყარო ჭორიანივით,
აბრუნებს წინწკლებს ახალ ამბებად,
მიიკლაკნება ქალის ტანივით
და მისი ხილვა შეგეხარბება.
მაგრამ როდესაც შუადღის სხივი
დააჭერს წყაროს ათასგვარ ისრებს,
იგი ორთქლდება და, როგორც მძივი,
მაღლა გაფრენილ ღრუბლის მთებს მისდევს.
ღამით წყაროსთან გამოვა გველი,
იღებს ხვითოს და აისვრის ცაში.
დავედევნები... მე ერთი ხელით
ხვითოს ვიჭერ და ძალას ვგრძნობ მკლავში.
ჩემში ჩადგება ახალი სისხლი,
საბას არაკით გავთვალავ მცურავს.
გაიფანტება გარშემო ნისლი,
გველი დაჰკარგავს მოშხამვის უნარს.


