მე არ ვიცი ჩემი გენეალოგია,
მაგრამ ვიცი, რომ ჩემს წინაპრებს
პოეტის სახელი არც კი გაუგიათ
და ლაფნით იბამდნენ შინაურ წრიაპებს.
მათი ხელობა ნადირობა იყო
აქამდის, ახლა კი მათმა ნაშიერმა
რაღაცა ლექსების წერას ხელი მიჰყო,
დაღალა თვალები წიგნებზე მშიერმა.
ზოგჯერ გაიღვიძებს სურვილი მძინარე
დათვებს გავედევნო წრიაპით მთაში....
მაგრამ ვიცი, დამღლის სისხლი მომდინარე
და შიში ჩადგება დაღალულ თვალში.


