ღმერთო - სასოებავ ცრემლით სოველთაო!
ღმერთო - სიყვარულო, ღმერთო ყოველთაო!
ყოველწამიერად შემოშველებაო,
ტაძრის დანგრეულის ახლად შენებაო!
ღმერთო - დედამიწის ნატვრის ახდომაო,
ღმერთო - სიცოცხლეო!
ღმერთო - აღდგომაო!
გულთა ხრიოკთათა ცვართა პკურებაო,
ღმერთო - აღმდგენელო!
ღმერთო - კურნებაო!
ღმერთო დაგმანული კარი შემაღეო,
ღმერთო - მეღვინეო!
ღმერთო - მებაღეო!
ღმერთო ჭეშმარიტო!
ნათლის მდინარებავ!
ძალო უძლეველო!
ჟამთა წინარებავ!
სამთა ერთობაო!
ერთო სამხმიერო!
ღმერთო - შენდობაო!
ღმერთო - სახიერო!
ღმერთო - უსამანო!
ღმერთო - მარადისო!
დიდი მდუმარების დიდო ღაღადისო!!


