მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
სევდის ვანსა ვზი, ისევ მოგიხმობ,
შენ კი შორად კრთი, შორით ინთები...
- ო, რამ შვენიერ ხარ, რარიგ ეროვანი!..
ღამეა ქოხში, გარე-გარე ცხმობენ ბინდები,
მე მოგენდობი, სასოებით მოგერინდები...
რად მეკრძალვიან, მშვენიერო, შენი თვალები?
მარქვი, ვისი ხარ, ვისკენ მარები!
სხვათა ვანს ჰპოებ, სხვისკენ გაუტევ,
სხვის პალატებში ჩაიგმანები;
ჩაიგმანები...
ჩაიგმანები...
- მე კი შენსკენ ვილტვი, სულთა საესავო,
რისთვის დამაწიე კრულვა ამისთანა:
მზემან განმიახლა დღენი ურვისანი
ცამან სინანული გამითანისთანა.
გამითანისთანა...
გამითანისთანა...
მარქვი, რად დაგმეს ჩემი სახელი,
მზის საუფლოდან რატომ გამრიყეს,
ცად ქერობინებს გავეზრახები,
ყრუდ შევღაღადებ არსთა გამრიგეს;
გარნა ამაოდ: დარი არ დარობს,
ვარდის ფურცელი ქარმა დაცრიცა...
მხოლოდ ჟამი-ჟამ განიხვნება ცათა კარები,
თუმც სავალალოდ მორღვეულა ყელი ტაძრისა
და სიბნელეში მითვლემილან ნატაძრალები...
ტყეც მითვლემილა, თვლემენ ბაღები,
მაგრამ კვლავ მძლეობს ძალი მეფურად:
კვლავ მესანთლები, მებაზმაკები, -
გზას განმინათლებ უწინდებურად...
და სულთა შიგან აღმენთება შენი ღადარი,
მესმის შენმიერი ჩქამი...
გარდმოავლინე მშვენებანი მშვენებათანი,
რამეთუ ახლოა ჟამი!
ახლოა ჟამი, სასურველო, ახლოა ჟამი!..
ჰა, გარდმოსულხარ, მოგყოლია მიმწუხრის სევდა,
ოქრო, ოქსინო - მოგიღიეს მაღლით სკივრებად,
გარნა კვლავ წარხვალ წარსახვეტად სასოთა ჩემთა,
კვლავ განმიდგები სალმობათა გასატკივრებად;
მე კი... შენ გვედრი, - ისევ მალხინო,
ისევ მეტკბოდა მე ანდამატო...
ისევ შემიხიზნო, ისევ შემიფარო,
ისევ შემივედრო - შენგნით უვედრები...
ყოვლად უცნაურო, ყოვლის მეცნიერო,
კვლავაც გაგენდობი, გაგეუმეცრები.
და შეგღაღადებ: - წყალი გაეცი,
რომ კვლავ მზარდო და მატანკენარო,
სხივს აზეურებს უზეშთაესი,
მეც აღმაზევე, ზესთა ზენარო!
მეც აღმაბრწყინე, ზესთა ზენარო!..
ზესთა ზენარო!.. ზესთა ზენარო!..
ფრთეო ნათლისავ, გადმოფრინდი უცხო ფრინველად,
ზეარსებულის განმიცხადე არსი პირველად,
რომ უმეცარმან საცნაური გავიცნაურო
და მოგეახლო უხილავის მოსახილველად.
შენ კი... სადა ხარ, საით მიგელავ,
მარქვი - სად იშვებ განთიადამდე!..
- ხეო, ედემს დანერგულო,
მორჩო ხეო ვარდისაო,
განმარიდე ძველთაძველი სევდა!
სულთა შიგან შე-რა-შენდეს
სვეტი შარავანდისაო,
იჩქარე მოახლებად ჩემდა!...
რამეთუ ახლოა, რამეთუ ახლოა, რამეთუ ახლოა ჟამი...
...კვლავ მომიბრუნე ბედის გელაზი,
უცხო ზმანებად ისევ მიზმანე,
მო, ცისიერო, ცისარტყელაში
მომეცისკრე და მომეცისმარე!..
რამეთუ ახლოა, რამეთუ ახლოა, რამეთუ ახლოა ჟამი!..
გარდმოდგი კიბე, - მშვენიერი იგილატანი,
ნუვის უფლიედ მოიხილოს შენი ხატება...
შენდა უფლობენ უფლებანი უფლებათანი
გარნა ვის ძალუძს დაფარულის გამოცხადება?
- მოდექ, მოდექ, მომაგებე სურნელება ნარდისაო,
წამის ყოფით განმარიდე სევდა!..
სულთა შიგან შე-რა-შენდეს სვეტი შარავანდისაო,
იჩქარე მოახლებად ჩემდა! -
... რამეთუ ახლოა ჟამი... ახლოა, ახლოა... რამეთუ ახლოა ჟამი!..
ნაზია შენი რხევა, - ნაზთაგან უნაზესი,
შენდა მოითქმის მუტრიბთაგან შესხმა პირველი...
და დაფარული მშვენებისადმი
მზირად დამდგარა შენი მზირველი...
შენ კი... სადა ხარ, საით მიგელავ,
მარქვი, - სად იშვებ განთიადამდე!..
სად ხმობ, - ვარდი ფშვენს... წყალი ვაპკუროთ,
დაუდგრომელო, რომელდ უდგრები!
მეც მოგიმღერებ საგაზაფხულოდ,
ბადაგს მოგცემ და მოგეფუტკრები.
მოგეფუტკრები, სიყვარულო, მოგეფუტკრები!..
თუმცა - ვინ მბოჭავს ანდამატივით,
მღერად ვის უჩანს ჩემი გოდება!
ძალი შემწევსო, - მომდევს ქადილით,
თან უსიამოდ მექოთქოთება.
მაგრამ რას ვაქნევ: ზესთა კრებული
ძალს გარდმომივლენს მაღლით ფარულად,
შენ - სინათლეზე ამხედრებული,
ქვე მოისწრაფი ნიავქარულად.
იჩქარე, მეუფეო განთიადისაო, იჩქარე მოახლებად ჩემდა!
მეც მოვისწრაფი, მაღლა მოვილტვი,
რომ ამოვლახო კიბე ფრიალო
და მწუხარების საუფლოიდან
ფრთეს მეუფისას შევეხმიანო.
ისწრაფე, მეუფეო სიყვარულისაო, ისწრაფე მოახლებად ჩემდა!..
...ჰა, ჩამობრწყინდა შენი ნათელი,
ხელში გიპყრიეს ლერწმის ღერები,
ცისგან იხვნება საგუმბათენი
და მეყვსეულად მომემღერები:
- გიხაროდენ, ძმაო ჩემო, მიწყდა ეტლის ჟღარუნი,
სძალი შენი სანეტარო ძილმან მიაძილისა,
რამეთუ ტკბილია შენი სიყვარული,
უფროის თაფლისა და უფროის ღვინისა...
გიხაროდენ, გიხაროდენ. სხივი მოდგა, ჰოიდა,
ანგელოსი მოირხევა ზეთისხილის რტოითა.
მაგრამ... რას გვიმღერს ოქროს ლატანი,
რას გვიგალობენ უფლებანი უფლებათანი:
- მზემან დიდებულმან ძალი მოიცაო,
ძალი მოიცაო... ჰოიდა, გიხაროდენ!
ბნელი განანათლა მიდამოისაო, მიდამოისაო...
ჰოიდა, გიხაროდენ!..
ძმამან მოიხედა, დამან მოიხედა,
ცამან - სიყვარულით გარდამოიხედა,
ჰოიდა, გიხაროდენ! სძალი გამობრწყინდა
ცათა გალავნებით, ცათა გალავნებით...
ჰოიდა, გიხაროდენ!
სძალო, მოვჯარდებით, მოგექარავნებით, მოგექარავნებით...
ჰოიდა, გიხაროდენ!..
გიხაროდენ, გიხაროდენ, სხივი მოდგა, ჰოიდა,
ანგელოსი მოირხევა ზეთისხილის რტოითა!..
- გიხაროდენ, სძალო ჩემო, მიწყდა წვიმის წკარუნი,
შუბლი შენი სიყვარულის დაფნამ მოადაფნისა,
გიხაროდენ, - სულმან იტკბო შეუღლების სიხარული,
უფროის ღვინისა და უფროის თაფლისა.
გიხაროდენ, გიხაროდენ: სძალი მოდგა, ჰოიდა,
ანგელოსი შემოიქცა ზეთისხილის რტოითა!..
...დღეს გასრულდება ცასთან კამათი,
აწ შემობრუნდი, ჩემო თიკანო,
მოიღეთ ღვინო, მოდგით ჭამადი,
მზით ამიმღერეთ საოსტიგანო!..
ილხინე, მაყრიონო მექორწილეთაო,
განიხარე ხარებათა ზედა!..
...გარნა ვიეთნი სხვათა ქარვიან
ღვინის ფიალებს გესლით ფარვიან,
პირს აღაპყრობენ განსაქიქებლად
და უსჯულოებს განეკრძალვიან.
ნუ შეიჭირვებთ, მოდარბაზენო, ნუ შეიჭირვებთ!
ილხენდეთ, იშვებდეთ და განიხარებდეთ!
- რომ საზღაური იზღოს ყოველმან,
ყველამ მიიღოს წილი თავისი,
გულით უნდომ თუ მისანდობელმან
კვლავ მოიხმაროს მოსახმარისი...
ილხინე, მაწვიერო მექორწილეთაო,
იგალობე მგალობელთა შინა!
ღვინით აკურთხე ძალთამძლეველი,
შვების ჟამია, სიტკბოს ეწიე,
სარკინოზი ხარ, სადუკეველი,
მემიზგითე თუ მეეკლესიე!..
იმღერდე, მესიტყვეო მექორწილეთაო,
იგალობდე მგალობელთა შინა!
- აღავსეთ კათხა! - ბრძანებს ბატონი,
- ხემ სიკეთისამ ისევ იკეთა,
კვლავ აამზევეთ სადარბაზონი,
დასნი ამღერეთ მემუსიკეთა!
დასნი ალხინეთ მემუსიკეთა!..
- მემუსიკეთა... - მემუსიკეთა...
შემოდექით, მუტრიბებო, დასნო, კვლავაც იამეთ!
აამღერეთ სანთურები, - ცამდე აახმიანეთ,
- ცამდე აახმიანეთ!
- ცამდე აახმიანეთ!..
ადიდებდეთ მზესაო, - ყოვლის გამრიგესაო,
ჰანგთა შესხმა-შეფენით, გალობათა შეფენით,
სინათლიდან სინათლემდე მეფეს მიეგებენით,
წართქვით: - ჰალელუია!
წართქვით: - ჰალელუია!
წართქვით: - ჰალელუია!
ვანი მომეც, მთოვარეო, ვანსა შიგან მოვანეო, -
ვანსა შიგან მოვანეო, ჰალელუ!
შეფრთხიალდით ვარსკვლავები,
მზეო, შეიფრთოვანეო, - მზეო, შეიფრთოვანეო, ჰალელუ!
დასნო: - ჰალელუია!
ისევ: - ჰალელუია!
ჰოიდა: - ჰალელუია!
...დიდებაი ძალსა შენსა, ძალო, - ყოვლადდიდებულო!..
აჰა, გაბრწყინდნენ კაბა-ჯუბანი,
ვაქოთ: - ჰალელუ,
ჰალელუ! ჰალელუია! - მოვალს უფალი,
ჰალელუია, ჰალელუ!...
...ისევ შენ გვედრი, - შვება მომაგო,
უკეთურის წინ აღსდგე მთებურად,
ჩემო მწეო და ჩემო ქომაგო,
შენ გეაჯები უწმინდებურად.
გული შენსკენ რბის, სულიც გსასოებს...
შენ დაგიგდია ცათა რიგები,
ყრუდ განუდგები სადარბაზოებს, -
მზეს უხმაუროდ განედრიკები.
მე კი კვლავ გესავ, - ნათლად მებურო,
გულმან გული სცნოს, თვალმან - თვალიო...
თუმცა... ვინ მოდგა, ყოვლადქებულო,
ვინ მოგიმღერა სალიტანიო?
- „ჰალელუია!“ - დასმა გიმღერა,
თუ ანგელოსმა წართქვა ოსანა!
- „ჰალელუია!“ - ჩემი სიმღერა
შეგემერცხლა და შეგეფრთოსანა...
ხმა გესათნოვა შეწირულისა,
- „ჰალელუია!“ - წარვთქვი თავიდან,
- „ჰალელუია!“ - ლოცვა სულისა
კვლავ აღვავლინე სალოცავიდან.
შენ კი... ცის კარვებს რიდე ახადე,
ისევ გაბრწყინდა შენი სახატე
და მარტოობის უდაბნოიდან
მე - დამაშვრალმა შემოგღაღადე...
მიბრუნდი, სულო, დამწუხრებულო,
მზის სავანეში დაებინადრე!..
მალე მეუფე მოადგება დაშლილ გალავნებს,
ყოფნა-არყოფნის საწიერზე მიჯნას განავლებს...
შენც აიკეცე სამეუფო შენი კარავი
და წარუყევი ზეგარდმოის სეფე-ქარავნებს.
წარსდეგ, ჟამი ხმობს, - სახლეულმა მოგინაკლისა,
ღვთის საუფლოში ახმიანდი, ჩანგო ხმიერო!
ნურას ნუ იგლოვ, მოწეულა ჟამი გაყრისა
და მომგებელსაც მოუგია სამაგიერო.
ასეა, ასე: წყალი ზღვისკენ რბის,
თავი მიილტვის შესართავისად,
ზვარი მეზვრეს და სტვირი მესტვირეს -
ყოველს მიეზღოს ღირსად თავისად...
ქმედებას ჩვენსას შემოქმედი ჩვენვე გვაყუდნებს,
მიადგებიან მესაყდრენი ბოლო საყუდრებს,
სულსაც მიიწვევს მაწვიერი საღვთო ტაბლაზე
და წილს თავისას უდრტვიველად მიუსაკუთრებს.
მაინც ნუ შიშობ: აჰა, საგზალი,
გზად წარგიძღვება უფლის მხევალი,
ყრუდ მიიქცევა ჟამი როკვისა,
შენც მიაქციე მისაქცევარი.
უკვე მზე გისმენს, ბაგე ლაქარდო, -
კრთის ძოწეულის პირსაბურავით,
მე კი რაგ იყო, რითი გაგართო...
სთველი გასრულდა, ჩემო სულამით!
სთველი გასრულდა, ქარობს ქარცივი,
ცას დასათხევი დაუთხევია...
შორით ციმციმებს უხილავის წმინდა სალარო,
თხემის გადაღმა კიდევ თხემია,
თხემს გარდაევლე, გარდამავალო!
მაშ, განემზადე! უკვე მინელდა
შენი კანდელის ჩუმი კიანთი,
წყალო, წარუყევ წარსადინელთა,
მზევ, სამზეოში შემომზიანდი!..
მარცხნით წყევა გდევს, მარჯვნით - კურთხევა,
ხმამ მსაჯულისამ გიხმოთ სამთავე,
ნუღა ახანებ: წარსდეგ ნათლის წინ
და სიმღერებად შეეთავთავე!
წარსდეგ, რას აქნევ, შეიბურე რიდე-მანდილით,
ჰკითხე: რად ქმედობს ხელი მქმედელის,
სად მიიქცევა ყოვლი ქმნილება...
შენი ცხოვრების მიწურვილიც მიდის ლანდივით,
ყრუ ზმანებათა საუფლოში მიიჩრდილება.
მიიჩრდილება, ცისკენ მიღელავს,
იქ განცხადდება ნება ბატონის,
ზღურბლს მოადგება არსთა გამრიგე
და ყოველივეს აწონ-დაწონის.
ბრძანებს - მზე ჩავა, ჩაიღრუბლება,
სათნო ბატკნებად აქცევს ტყიერებს,
თხიერს მყარად ხდის მისი უფლება,
მყარს - წამის ყოფით განათხიერებს...
ასეა, ასე: წყალი ზღვისკენ რბის,
თავი მიილტვის შესართავისად,
ზვარი მეზვრეს და სტვირი მესტვირეს...
ყოველს მიეზღოს ღირსად თავისად...
შენ კი... ვის ელტვი, დაუდგრომელო,
სად მიგაქროლებს ცნობისწადილი?
სრბოლა ჟამისა დაგაოკებს ასრე უბადოს;
ნებამან მისმან გაანელოს შენი ქადილი
და საუკუნო სიბნელეში მიგაჩუმათოს...
ნეტავ, ვინ გირჩევს, - არსი რომელი,
ჩემო სისხლო და ჩემო ახურო,
რომ ადონაის გარე-მდგომელი
ძეს ადამისას მოემსახურო!
ძრწი დაღდასმული, ლაფში გასვრილი,
შენდა არ უფლობს ცათა უფლება,
სად მიიქცევა შენი გზაწვრილი,
ვის საუფლოში მიიმწუხრება?
ცამან მიტომ გშვა, მიტომ იზარდე,
რომ შეგეღწია ზესთა მხარეში
და ყოფილიყავ უკუნისამდე
მზის მშვენებათა პირისფარეში.
მაშ, განემზადე! - უკვე მინელდა
შენი კანდელის უხმო კიანთი,
წყალო, წარუყევ წარსადინელთა,
მზევ, - სამზეოში შემომზიანდი!..
გესმის? - ზარი ხმობს უდაბნოიდან,
მიიზლაზნება მტვერში აქლემი,
შენ კი... სად დახვალ, გზადაბნეულო,
ვის ბილიკებზე მიიკლაკნები?
რად განუტევე შენი ფარეში,
რად მოისროლე მწყემსის არგანი,
სად ჩაიმუხლე, რომელ მხარეში,
სად აიმძუვნე ძუძუ-ბარკალი!..
ისევ მზე გისმენს, ენალაქარდო,
კრთის ძოწეულის პირსაბურავით,
მაგრამ რა გიყო, რითი გაგართო...
სთველი გასრულდა, ჩემო სულამით!
სთველი გასრულდა... მაინც იმღერდე:
ჰალელუია, ჰალელ, ჰალელუ,
ქება შევკადროთ ცათა ნეტარსა, სულამით!
იქნებ, ღამეში მწყემსის სამოსი შემოგეძარცა,
შემოგეძარცა, შემოგეძარცა... სულამით!
ახლა სადა მწყსი, უკვე ჟამია მწურისა,
სხვათა კარვებში ფუჭად სახლობდი, სულამით!
აჰა, განიხვნა კრეტსაბმელები უფლისა,
მიუახლოვდი, მიუახლოვდი... სულამით!
მიუახლოვდი, ბრწყინავს სალარო,
თხემზე მინელდა ნისლის თარეში,
მწირო, - შორი გზით გარდმომავალო,
მთას მოსდგომია უნეტარესი.
სხივს გადმოგითვლის, გადმოგიწონის,
ნაყოფს ვაზისას გისთვლის მებაღე,
შენც... განიბრწყინე კალთა ბისონის,
კვართი სულისა განისპეტაკე!
მაშ, განემზადე! - უკვე მინელდა
შენი კანდელის ჩუმი კიანთი,
წყალო, წარუყევ წარსადინელთა,
მზევ, - სამზეოში შემომზიანდი!
შემომზიანდი: უკვე ჟამია მწუხრისა,
ამა სოფელში ღირსად სახლობდი, სულამით!
აჰა, გაბრწყინდა კრეტსაბმელები უფლისა,
მიუახლოვდი, მიუახლოვდი... სულამით!
ნუღა აყოვნებ: გახსენ საჭურჭლე,
წარსაცემელი უხმოდ წარეცი,
მზე მიწურვილმან მოიხილე შენი მშობელი
და მთოვარეთა მოვანების სინატარეში
აღმოუტევე საღამოის საგალობელი.
თორემ მზე წავა, წაიქილიკებს,
სერზე მოდგება ბინდის მოზარე,
შენც შეემღერე ნათლის ბილიკებს,
შუქს ზეგარდმოულს შეეფრთოსანე!
გზა საშურია, წასვლა დროული...
წა, მოიძიე მრევლი ციერის,
სთქვი მარადისთან საწუთროული,
გაღმელს უამბე გამოღმიელის!...
ასეა, ასე: წყალი ზღვისკენ რბის,
თავი მიილტვის შესართავისად,
ზვარი მეზვრეს და სტვირი მესტვირეს...
ყოველს ეგება ღირსად თავისად.
თუმცა... ვინ გალობს დილის ნათელში,
სხივში ვინ იშვებს შუაღამისას,
ვინ გარდამოდის შუქთა კრებულად!..
აღსდეგ, სულამით, დაუბრუნდი კერას მამისას,
მის სავანეში მოივანე კვლავინდებურად...
აჰა, ზარიც ხმობს, ბრუნავს მახვილი...
ჩარიგდებიან ბნელში მდევრები,
შენც შეერთვები შესართავისებს,
ზვარს მეუფისას შეემტევნები.
მაშ, განემზადე! - უკვე მინელდა
შენი კანდელის ჩუმი კიანთი,
წყალო, წარუყევ წარსადინელთა,
მზევ, - სამზეოში შემომზიანდი!..


