მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
ო, მშვენიერო, მთიების, შვიდის,
შვიდ ფერადოვან გვირგვინს გიკონი
და მიდის, მიდის, უკვალოდ მიდის,
მზეს მინდობილი ქორონიკონი.
სად ხარ, მოგძახი, რეკვენ ზარები,
ნეტავ, ვის იხარ, ვისკენ მარები,
ხვადებს ძუ უხმობს ძუძუ დაჭრილი,
მზეს უგალობენ შიმუნვარები.
ვიცი, კვლავ მოსცემ საზრდელს სულისას,
კვლავ განგელტვიან ღამის ჩრდილები,
ძნებს მოახვავებ სიყვარულისას,
ძნებს - მეძნეურად მოევლინები.
მაგრამ უნდო ხარ... ჰოი, გამენდე,
ჩემო მწყემსო თუ ჩემო მსახურო,
რომ მიმწუხრიდან შუაღამემდე
შენთან ვილმო და ვიჭირნახულო.
ზღურბლზე მოვდგები მწყემსი უდები,
ყრუდ გამიხმობენ ბაღში თუთები,
შენ კი აიკრავ ძუძუს აზღუდით
და ციხესავით ამეზღუდები.
და იჭვნეულად მზერას მომაპყრობ,
თითქო აქამდე არსად გეხილო,
ჩემო ძირო და ჩემო აკვანო,
სულის ზღუდევ და უღელტეხილო!..
ვაი, რად დავთმე ყრმობის კედელი,
რისთვის ვილმე და ვიასპარეზე,
გახსოვს იგი დრო: თვლემდა ედემი,
წლები ვიდოდნენ ზრუნვის გარეშე.
ვიდოდნენ წლები, ნისლი ებურათ...
მაგრამ აგორდა სამოთხის ვაშლი,
ქალნი მზედ მოდგნენ კვლავინდებურად,
„მზეო, ამოდი“ - მღეროდნენ ვაჟნი.
„მზეო, ამოდი!“ - ფშვენდა იფანი,
ხმობდა მთოვარე ნისლოვან ჩქერში,
მზე ბრუნდებოდა ნამაღრიბალი
და ბუღრაობდა სამყაროს ღერძი,
მზე ბრუნდებოდა... თრთოლვით ველოდი,
გულს ვიოხებდი სანთლის ღეროთი
და ნათლიერის უღელტეხილზე
სხივს აღმომავალს გადავცქეროდი.
მაგრამ ვერვ პოვე ცისკრის ქედანი,
ვერ გავანელე ზამთრის ზუზუნი,
ვეღარც გზანი ვცან მევაშლეთანი, -
ვაშლად ვერ ვიტკბე შენი ძუძუნი.
შენდა ვილმოდი თანალმობისთვის,
გარნა რა დამშთა: ამაოდ ვილმე!
ვინ არის შენი ზრუნვის საანი, -
ვიეთთაგანი, რომელი ვინმე...
ხელთაღმპყრობელმან ხელი ამაღო,
ვაი გარჯავ და ვაი ამაგო,
სრა უფანჯროა, ზღუდე უკარო,
კოშკიც - უთვლო და უარდაბაგო.
ცრემლით გიხმობდი მაისის დარში,
შენ სივრცეების გადაღმა დარჩი
და მოწყენილი დღეების წყებას
მიაქარავნებ უდაბნოს ქარში.
მიგაცილებენ პალმის რტოები
ფერისცვალების ქარებად ქროლილს
და ვარსკვლავებით ეოქროები
ქორონიკონის უაზრო რონინს...
მაინც თაფლად ფშვენს შენი სახელი,
მაინც მეთნევი სამოთხის მთვარედ,
ძლივს სინათლისკენ გამოვაგენი,
გა, გამრიგეო, გამოვედ გარეთ!...
ისევ მოვდგები მწყემსი უდები,
კვლავ გამიხმობენ ბაღში თუთები,
შენც კვლავ აიკრავ ძუძუს აზღუდით,
კვლავ კადნიერად ამეზღუდები.
მე კი შენს შუქში დავინაცრები, -
შენი ჩრდილი ვარ! - გეტყვი ბეჩავად,
ისევ ვაშლობენ შენი ვაშლები,
გარნა რა ხელვყრი გაუკბეჩავად.
და მიწყივ ასე: მთიების, შვიდის,
შვიდფერადოვან გვირგვინს გიკონი
და მიდის, მიდის, წვალებით მიდის,
მზეს მინდობილი ქორონიკონი.


