მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
დაბადებიდან მოაქჟამამდე მდევს მოგონება იმჟამინდელი...
ღამეულ ჩრდილში ირხეოდა მინდვრის ალერდი,
გასცქერდი ცარგვალს: კიბე ნათლისა
ყრუდ ქანაობდა მზიდან მთვარემდი
და სიყვარულის მიძინებულ საბაღნაროებს
ჯერეთ უთქმელი სიმღერებით ათავთავებდი.
და იყო ჟამი: ცათა ნათელი
ბნელს განელტვოდა ცეცხლის ისრებით
კვლავ ნათდებოდა არე-მიდამო
სამარადისო გამოფხიზლებით
ახსოვს იგი დღე, ოდეს ცარგვალი
მზის ციაგებით შეაციმციმეს:
შენ, მეუფეო, სითბო დაბადე
და შეუსართე ხორცის სიმწიფეს
სულის სილბო და სიანდამატე.
რა ჟამი იყო: სიტყვა გამანდე,
მეც - გავიძახე ქარში ბინდები,
აწ... ჩასახვიდან მოაქ ჟამამდე
მდევს მოგონება იმჟამინდელი...
გზებზე წყდებოდა ნისლის თარეში...
დღე მიდიოდა, მილივლივებდა,
ყრუდ მიღელავდა ჟამი ნოესი
და ნათლიერის სინარნარეში
სულს ეთნეოდა უსათნოესი.
ო, რა დრო იყო: მღერდა სავარდე,
კვლავ ნანაობდნენ ქარში ბინდები,
მეც... შესაქმიდან მოაქჟამამდე
მდევს მოგონება იმჟამინდელი...
ვინ იფიქრებდა - ბინდის წიაღში
კვლავ აღიძვროდა დისკო ნათელთა
და უჟამურთა განსაკითხავად
ჟამს განკითხვისას განამზადებდა.
თითქოს ყრუდ ვგრძნობდი ცოდვის ზვაობას:
ცას შესტიროდა მინდვრის ალერდი
და საღამოის უსაძრაობას
კვლავ მოლოდინით ვუთვალთვალებდი.
მართლაც ზღვა აღსდგა, ალაპარაკდა,
ცამან მომაგო მწველი იარა,
სერზე შეჰყარა მრევლი ქალაქთა
და ზანზალაკი ააწკრიალა.
ცამ საქანელნი გახსნა ცისანი,
მძლედ გადმოქანდა ცეცხლის ისარი,
ალმან ცაწარღვნა, ღვარმან - ქვეყანა,
ფსკერნი ვერა ვცან უფსკრულისანი.
მივდექ ზღვის პირას, - სისხლი დავლანდე,
ცის კიდეებზე გაკრთა დაისი
და დასავლიდან აღმოსავლამდე
ხმა აგუგუნდა ადონაისი.
აჰა, დღე იგი: სივრცე შექანდა...
მთა განერიდა თვალსაწიერებს,
გარე - მიბრუნდა გუნდი ზეგანთა,
ცის ასაბია გაკრთა კიდეგან,
მზეც სიბნელეში განკიდეგანდა.
ცამ გარდმოიღო გლოვის წერილი,
თვალი თვალს გასცდა დანამდურივით
და სერაფიმი, ფრთებდასერილი,
სერზე შემოდგა ცივი დუმილით...
ო, რა დრო იყო: მიწა ბორგავდა,
ცად გუგუნებდნენ ბნელი ტაძრები,
აწ... გარდასულის მოსახილველად
ძველ ზმანებებში გავიზლაზნები.
გავიზლაზნები, ღამეს გავძახებ,
კვლავ აღიძვრიან ქარში ბინდები,
რომ ზმანებათა სივაგლახეში
ჩნდეს სიმძიმილი იმჟამინდელი.
შენც აღენთები, ჩემო სანთელო,
რომ უცადელი სცადო საცდელი
და ზენაართა სამკვიდროებში
ყრუ ღაღადისით შებარბაცდები:
- ეტლო, დაგეძებ, მარქვი, სადა ხარ:
აღმა ბრუნავ თუ დაღმა დაგორდი,
როგორ აზვავდი, ზღვაო ცოდვისავ,
რა უთავბოლოდ ამომთაგორდი!
როგორ აზვავდი!.. ზღვაზე ქარი ქრის...
კვლავ გუგუნებენ ქარში ბინდები
და... მიმწუხრიდან განთიადამდე
მდევს სინანული იმჟამინდელი...
ჰოჲ, განგებაო!.. სული აღმა რბის,
კვლავ ზენაართა ვანში ვალალებს,
ცად უცნაური როკვენ ციფრები...
ისევ დაღმა მწევს ტვირთი დაღმართის
და უილაჯო ნავკოსალარებს
ყრუ სიმძიმილით ვესამძიმრები...
აქ თავს იყრიდნენ ადამის ძენი, -
დამძიმებულნი ჟამთა დინებით,
ბნელ გალავანთან გლოვდა შროშანი...
ქრებოდნენ გზანი, ჩნდებოდნენ გზანი
და გზათა ზედა ძალმოსილებით
ზვაობდნენ მგზავრნი საწუთროსანი.
ზვაობდნენ მგზავრნი, დუმდა მისანი...
ცას აძრწუნებდა სისხლის ღრეობა
და გალობანი ბნელეთისანი
მზის სინათლეში მიინქრეოდა.
მე კი კლდის პირ ვწექ მკლავდაძაგრული,
სხივს ვაურვებდი ზამთრის გრილოთი
და მწუხარების ლოდზე აკრული
ბნელ სანაპიროს გადავტიროდი...
იელვებს ხილვა: ტრედი ნოესი,
რომ გარდაევლოს ტალღებს ხივილით
და ნათლიერის სისათნოეში
მზე მოაქციოს ზეთისხილივით...
მაგრამ... რად დრტვინავს ლევიათანი,
რად გუგუნებენ ძალნი ზღვათანი,
რად მიუხლტება თევზი ფაცერებს?
წინ წარგიძღვება ჭეშმარიტება,
თუ ჩაგიქრება ბნელი ღადარი
და ცთომილება გიალმაცერებს?
ეჰა, ვინ გვეტყვის: ირგვლივ წყალია,
იქნებ, არც ქარი შემოგვეშველოს,
იქნებ, ღამემაც ცეცხლი წარიღოს!
იქნებ, გზას ავცდეთ ამდენ ღელვაში
და ჭეშმარიტი მცდარად გვეჩვენოს,
ან ცთომილება გვეჭეშმარიტოს?..
აწ ამაოა რჩევა-მტკიცება,
ცამ განითვისა ყოვლი თვისება,
აღარც მრუდე ჩანს, აღარც მართალი,
გზა - ქაოსებში მიიმქისება.
მე კი ზღვარს გავცქერ გაღმიეთისას,
ვით ჩაძიების ბნელი მსახური,
შორს ქვეყნიური მიჯნა ილევა...
გაღმა რა არის: ბინდის საუფლო,
თუ მოკვდავთაგან ჯერარნახული
მზის ხელახალი აღორძინება?..
მაინც, რა არის: მარქვი, ზეცაო,
წარსაცემელი რისთვის იცემა:
იქ დავივანებ მარადისამდე,
თუ ჟამი-ჟამად გამეღვიძება?..
ნავო, სად მიხვალ, მენავისაო,
ცეცხლი ვის კვალზე მიისიცხება,
წა, უმჯობეა სივრცესედაო!
სად, სად მთავრდება მიჯნა მცდარობის,
გზა ჭეშმარიტი სადით იწყება,
თქვი, - გამრიგეო სიმართლეთაო!
თუმცა რას მეტყვი: ბევრი გამანდე,
კვლავ გაუნდობი დაგშთა იმდენი
და შესაქმიდან მოაქჟამამდე
მდევს ხვაშიადი იმჟამინდელი...
მაინც შენ გესავ, შენდა ვიგალობ,
შენ გიმღერიან ჩემი მხევლები,
კვლავ სათნოების აღსაყუდარზე
შენს საკურთხევლებს ვესაკმევლები.
ახლაც შენ გეტყვი, ნათელმეტყველო, -
კვლავ განადიდე შენი დიდება
ცის სინათლეში განდექ მეფურად...
გადავტიროდი, უნუგეშოდ გადავტიროდი...
თითქოს ახლაც ვგრძნობ ძილისბურანში:
კვლავ ბუღრაობენ ქარში ბინდები,
იგივ ქარი ქრის, იგივ გრიგალი,
ზვავიც კვლავ ზვაობს იმჟამინდელი.
ისევ აღზევდა ცოდვა სოდომის,
შობილს განუდგა თვისი მშობელი,
ძრწოდე, ქვესკნელო, გრგვინვა ჩაგესმა:
ცაზე შებრუნდა გუნდი მნათობთა
და განტევების სამადლობელი
ცას შეჰღაღადა უსპეტაკესმა...
ისევ იქუხა, ისევ იელვა:
გველმან დალესა თვისი ნესტარი,
ცა წარიტანა ცათამიერმა,
ხმანი ვერხმობენ უხუცესთანი.
ვეღარც ქარი სძრავს ნისლის ტრამალებს,
ოდენ ზღვის თავზე ზვირთი ვალალებს
და განელტვიან სამკლაურები
მკლავგაცუდებულ ნავკოსალარებს.
შენ კი სადა ხარ, შეგთხოვენ შველას:
შეძრწუნებული ქრისტეანენი
გმინვით უმზერენ ვარსკვლავთა ცვენას,
შველას შეგთხოვენ მუსლიმის ძენი...
მიწად გართხმული იუდეველნი,
უზენაესო, შეგთხოვენ შველას!
შეგთხოვენ შველას, მაგრამ ამაოდ:
რა სამძიმოა მსჯავრის მიგება!..
ნავი მაინც ძრწის, სივრცეს მისტირის,
ბნელ წიაღებში მიიზნიქება.
მაგრავ სად წავა, იძვრის ცარგვალი,
ბნელში მიცურავს ტაძრის კედელი,
გზებს მიამტვერებს ზვირთი თავნება...
და სამეგზუროდ მიჩნეული ნიშანსვეტები
უკიდეგანო სივრცეებში მიინავლება.
აღარც ზღვარი ჩანს, აღარც სამანი,
ვინ აღუმართოს ღელვას ზღუდენი,
ზღვას გადაჰყურებს ნავკოსალარი,
რომ მოიძიოს სავთსაყუდელი.
მე კი ცას გავცქერ ბინდის ბურანში:
კვლავ შეუცნობი როკვენ ციფრები
და სამყაროის არამყარობას
ყრუ სინანულით ვესამძიმრები:
ჰოჲგ ულისთქმაო მენავისაო,
სრბოლას რად გირჩევს ცათა რჩეული,
რას მოგძახიან ზესთა გუნდები...
წახვალ ჩრდილოეთს, სამხრეთს ჩაუვლი,
თუ მაღრიბიდან უკუქცეული
კვლავ მაშრიყისკენ შემობრუნდები?...
დამშვიდდი, სივრცეს ნუღარ ეხლები!..
შენ წახვალ ისევ და მოწყენილი
კვლავ ოკეანის წყევას მოიტან...
მზე ჩადის უკვე... მეწამულ შუქზე
მარტოსულ მგზავრად აირეკლები
წყლის მგლოვიარე უდაბნოიდან.
მზით განანათლე ბჭენი სიბნელის
და დაფარული ჭეშმარიტება
კვლავ გარდმოსახე ცხადარსებულად!..
ზღვაზე მიწყდება ნისლის თარეში,
შორს აღინთება ოქროს კანდელი
და ზურმუხტოვან სინარნარეში
ცის ციაგივით აკამკამდები.
და მეც კვლავ წავალ, ძრწოლვით გავუტევ,
გადიხრებიან ქარშ იანძები.
ცათა ვანს ვპოებ, ცათა საუნჯეს,
ცის საგანძურით დავიგანძები.
იყოს, რამ გამა, კიდეც გამწირო,
ჩემო ბაღოთუ ჩემო ვენახო,
გზა საძნელოა, ტვირთი სამძიმო.
საქმეც - საფრთხო და საფათერაკო...
მაინც მივდივარ, მივიკვამლები,
ძალს მაგებებენ ძალთა ძალები,
დედის სახლს დავთმობ, მამის სამკვიდროს,
ძმის სათვისტომოს გავეკრძალები.
გარნა, რომ მემტროს კეთილმყოფელი,
მტვერმან წარხვეტოს ჩემი ტყე-ველი,
მამამ ძე დაჰგმოს,
ძემან - მშობელი,
იუდეველმან იუდეველი?
- კვლავაც ჩამოვკრეფ წმინდა ასოებს,
მადლი ზეცისა ბადაგს მაწოებს,
მკლავებს დავიკრეფ - ძმასთან სამოყვროს,
მტერთან - სამტროს და სამამაცოებს.
ზღურბლზე მიმღერდეს ცის კრისქედანი,
შენც იქ ედნეთა ხვრელებს ჰხურავდე,
რომ გალობანი მოხარკეთანი
გწვდეს უზენაეს საფეხურამდე;
რომ შემოგადგე, შემოგაშურო,
გზაზე ციური შუქმან შებუროს,
მეტი რა ძალმიძს: საჯე, მსაჯულო,
მართალს ვამბობ თუ უმართებულოს.
ოდენ შენ ძალგიძს, შუქთა ზიარო,
ცის სავანეში ღირსად დავანდე
და სამართალი აამძლიანო
ნათესავიდან ნათესავამდე...
თორემ ჩამოვწყდი... დაშვრა სხეული,
სულმან ისურვა ხორცის მხილება
და სხეულიდან გარე-ქცეული
შენს სათათბიროს ეთათბირება...
გესავ, კვლავ გესავ... ჩრდილში ცხვარი გლოვს,
ღამეს შესტირის ნოეს კამეჩი,
გთხოვ, მეჩანგეო, ჩანგი გალესო...
ცით ანგელოსი გადმოანათებს
და ნათლიერის სიკამკამეში
შენ შეგეყრები, უანკარესო!
და შეგიმღერებ: "მოვედ მშვიდობით!.."
წინ შემეგებე, ბჭეო კლდოვანო,
რომ მეჩანგეთა ბაგემზეობა
შენს შესამკობად ავახმოვანო.
ვაშად აღმოვალ, აღმოვენთები...
მზით აღივსება ღრუბლის ქისები
და სასოების საკურთხეველზე
კვლავ სიმღერებით შეგემტკიცები...


