მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
ცით ჩამომესმა ჰანგი ქებული: -
ნეტავ რად გინდის ოქროს ხამლები,
თუ მავანთაგან განქიქებული
კვლავ სიბნელეში ჩაიკვამლები!..
მიეთ-მოეთთა ზრუნვის საგანი
კაბას ვამსგავსე - მორთულს ფაქიზად:
ტოტს იგრძელებდა ვიეთთაგანი
და მიითრევდა დასაძრახისად.
ხოლო ვიეთნი - თითქოს ხავერდის
ცხრაკლიტულებში ტანჯვით ვლიდიან,
ვერ იგუებდნენ ოქრო ქსოვილებს
და მტკივნეულად განელტვიდიან.
მაგრამ ამაოდ... მოვალს მოზარე,
ბნელ სასახლეში სანთლებს ამინთებს:
ვეღარც სტავრას ვჭვრეტ, ვეღარც ჯვალოებს,
ვერც სამეუფო დიბა-ქლამინდებს...
...აჰა, გაბრწყინდა ფარჩა ველების,
ჟამო, კვლავ ჟამობ - უთქვამთ დროისთვის;
მაგრამ მოდგება გუნდი მსთველების
და მწუხარებაც მალემოისთვის:
რომ დამაშვრალი დისკო მთვარისა
ბნელ კორტოხებზე შედგეს უძრავად,
რომ ბანოვანთა ძუძუ-თაფლობა
მტვერს შეენივთოს შეუსუდრავად,
რომ მწვერვალებზე ნისლი შექანდეს,
დგეს მსაჯულება მსჯავრის მიგებად,
რომ განეთვისოს განძი მეგანძეს,
მზე განუტევოს თვისმა დიდებამ,
დრო სივრცეებში განკიდეგანდეს,
მშვენიერება - დაშთეს კიდეგან...


