კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:22

 

იყო და არა იყო რა, რა ვამჯობინოთ ყველას?

იყო ნახევარქათამა, - დაუძმობილდა მელას.

ბევრი იარეს თუ ცოტა, გაწყდა მელიის რჯული,

გზაში ნახევარქათამას, მოაყვანინა გული.


ეწყინა ნახევარქათამას, ახედ-დახედა ცერად,

უთხრა: - გაჩერდი, მელია, თორემ ჩაგყლაპავ ხელად! -

მელას სიცილი აუტყდა: - ხო-ხო, ხი-ხი და ხა-ხა!

აბა, ჰე! თუ არ ჩამყლაპო, შე მათხოვარა გლახა! -


- მაშ, ჩაგყლაპოო ნამდვილად? - არ დაგადგესო ჯაფა!

- რომ ჩაგყლაპოო ადვილად?! - ჰო, ჩამყლაპეო აპა! -

გაბრაზდა ნახევარქათამა, სისხლი მოაწვა ყელში,

წამოექოჩრა მელიას - ასე ვიცითო ჩვენში:


უცბად ჩიჩახვი დაბერა, კისერი წაიგრძელა,

ბლის კურკასავით ჩაყლაპა მელია გაიძვერა...

და გზა კვლავ მარტომ განაგრძო, ტყე-ტყე გზა ედო გრძელი;

მიდის ნახევარქათამა, უცბად შემოხვდა მგელი.


- ამხელა უღრანს რა გალევს, - ეგების ერთად გვევლო!

თუ ძმობა იცი, არ გერჩი, დავძმობილდეთო, მგელო! -

ტყე ბნელია და დიდია, წვეროებს იქნევს ცაში;

დაძმობილდნენ და მიდიან, მიბაასობენ გზაში.


ბევრი იარეს თუ ცოტა, გაწყდა რუხი მგლის რჯული, -

მგელმაც ნახევარქათამას მოაყვანინა გული.

ეწყინა ნახევარქათამას, ახედ-დახედა ცერად:

- მგელო, შენც გირჩევ, გაჩერდე, თორემ ჩაგყლაპავ ხელად! -


რუხ მგელს სიცილი აუტყდა: - ვინ ვის ჩაყლაპავს ვნახავ!

აბა, ჰე, ვინც არ ჩამყლაპოს, შენ მათხოვარა გლახა! -

- მაშ, ჩაგყლაპოო ნამდვილად? - არ დაგადგესო ჯაფა!

- რომ ჩაგყლაპოო ადვილად? - ჰო, კი! სცადეო აპა! -


გაბრაზდა ნახევარქათამა, სისხლი მოაწვა ყელში,

წამოექოჩრა ავაზაკს, ასე ვიცითო ჩვენში,

უცბად ნისკარტი აძგერა, სიცილი წაამწარა,

ბლის კურკასავით ჩაყლაპა, მელასთან ჩააბრძანა...


გზა ისევ ტყე-ტყე განაგრძო, შიში არა აქვს ბინდის;

მიდის ნახევარქათამა, მიდის, მიდის და მიდის.

წინ დათვი შემოეყარა, დათვმა ბილიკი დათმო;

ჰკითხა ნახევარქათამამ: - რაო, ჩაგყლაპო, დათვო?!


დათვს ჩაეცინა, თავისთვის ჩაიბურტყუნა რაღაც;

რაც მგლის და მელის თავს მოხდა, იგივე მოხდა აქაც:

წამოექოჩრა დათუჩას, ასე ვიცითო ჩვენში,

ბლის კურკასავით ჩაყლაპა, ჩაისრიალა ყელში...


მიდის ნახევარქათამა, მიდის, მიდის და მიდის;

ახლა ზღვა შემოეყარა, ესმის გრიალი ზვირთის;

შეწუხდა ნახევარქათამა, ზღვა არ ენახა დიდი:

- რა ვქნა, ფრენა რომ არ ვიცი, ზედ გავიდეო რითი?!


ჯერ შორით მოვლა არჩია, დრო სჭირდებოდა რასაც,

მერე თქვა: - ხარჯი ხარჯია, მოდი, ყლუპს ვუზამ ზღვასაც! -

პირი დააღო, ჩაყლაპა, მზეზე ზღვის ფსკერი გახმა

და ჰა, ნახევარქათამა მშრალად გავიდა გაღმა...


მიდის ნახევარქათამა, მიდის, მიდის და მიდის;

კაცი არა ჩანს, ვაგლახად დამკარებელი თითის.

უცბად მოესმა, ჩიჩახვში კვნესენ ვაის და ვუის -

დათვი, მელა და მგელი დამდუღრულივით ყმუის:


- ეს ზღვა რა ოხრად გინდოდა, რას ჩაგვახრჩვეო ზღვაში,

ამოგვიშვი და სამივე ყმად დაგიდგებით მაშინ!

ბაყბაყ-ნახევარქათამა ხარ და კიდევაც გქვიან,

ამოგვიშვი და გვიყმეო, სანამ არ არის გვიან! -


იცინა ნახევარქათამამ: - ტყუილუბრალოდ ყმუით!

ამოგიშვათო იქნება, თუ იქნებითო ჭკუით!.. -

და გზა კვლავ მარტომ განაგრძო, მიდის, მიდის და მიდის;

კაცი არა ჩანს, ვაგლახად დამკარებელი თითის.


ანაზდად გლეხკაცს წაადგა, - იგინება და ყვირის,

ხან თავში ხელებს წაიშენს, ზის მინდორში და ტირის.

გაკვირდა ნახევარქათამა: - რა შეგემთხვაო, მითხარ!

რა გაყვირებსო, გლეხკაცო, რა გატირებსო? - ჰკითხა.


- როგორ თუ რა მატირებსო, დაგვაწიოკა გზირით -

ხელმწიფე გვიზის ისეთი, მთელი ცხოვრება ვტირით!

ცოლს კაბა მე არ მიცვია, ზედ არ მაცვია ჩოხა,

ხელმწიფის კაცებს ბალღისთვის წაურთმევიათ ძროხა...


- წაურთმევიათ ძროხაო?! - ჰო, მარჩენალი გახლდათ!

- ხელმწიფის კაცებს ნამდვილად?! - ჰო, ხელმწიფისას ნაღდად! -

გაჯავრდა ნახევარქათამა: - მორჩი ტირილს და ღრიალს,

მიმასწავლეო ახლავე, ეგ ვინ ხელმწიფე გდია!..


გლეხმა ტირილი შეწყვიტა, უთხრა: - გადივლი გორას,

სასახლე უდგას, ხელმწიფე ფარჩის ლოგინში გორავს. -

მიდის ნახევარქათამა, ბრაზით კიდევაც ღელავს,

ხედავს, ხელმწიფის სასახლე კორდზე ათასფრად ელავს.


აუარ-ჩამოუარა გუშაგს სასახლის ბაღთან,

უცბად ლაჯებში გაუძვრა, გალავანშიგნით გახტა.

ქვას მოეფარა, დროდადრო კისერს წამოყოფს დინჯად:

- სულელო ხელმწიფევ! - სულელო ხელმწიფევ! -

პარმაღს ასძახებს ყინჩად.


ჩიტი ვერ გადმოფრინდება გალავანს ხელმწიფის შიშით,

- სულელო ხელმწიფევ!

- სულელო ხელმწიფევ! -

უცბად კი ესმის ძილში.


გამოეღვიძა ხელმწიფეს, ფეხი ფლოსტებში წაჰყო:

- მე თუ ყური არ მატყუებს, ვიღაც თავს იგდებს, ხალხო! -

ძირს ჩამობრძანდა ხელმწიფე, მიჩხრიკ-მოჩხრიკა ეზო.

სწვდა ბიბილოში აბეზარს, აქ ვინ ყოფილა ესო!


და მსახურთუფროსს უბრძანა: - კარი ღიად არ დაგრჩეს,

დღეს საქათმეში ჩაჰკეტე, ხვალ გამოვუტანთ სასჯელს!..

საქათმის კარებს გაუგდეს ბინდში ურდული იფნის;

დაჯდა ნახევარქათამა, ხელმწიფის ქათმებს ითვლის.


ხოლო როდესაც დაღამდა, როცა დაბნელდა კარგად,

ბაყბაყ-ნახევარქათამამ: - ჩვენც გვახსენეო ხალხად! -

თქვა და ჩიჩახვი დაბერა, კისერი წაიგრძელა,

ზეამოუშვა მუცლიდან მელია გაიძვერა:


მელამ ხელმწიფის ქათმები შეახრამუნა ყველა.

გამოუთხარა საქათმეს ძირი და გაქრა ხელად...

კაი სიზმრები ესიზმრა, კაი გუნება აჰყვა -

დილით ხელმწიფემ ინება ნახევარქათამას ნახვა.


საქათმის კარებს მიადგა არხეინად და მშვიდად,

თან გუნებაში ონავარს ათასნაირად სჯიდა.

მაგრამ ურდული რომ გახსნეს, ხელმწიფე დარჩა სახტად:

მარტო ნახევარქათამა, სხვა არაფერი დახვდა.


ცოფები ყარა ხელმწიფემ, გადირია და გაწყრა,

ხოლო ნახევარქათამა იჯდა და თვლემდა საწყლად.

და ბრძანა მაშინ ხელმწიფემ: - კარი ღიად არ დაგვრჩეს,

ბატებთან ჩაამწყვდიეთო, ხვალ გამოვუტანთ სასჯელს!


იფნის ურდული გაუგდეს ახლა საბატის კარებს,

მსახურთუფროსი დაუდგა შუბით ურდულის მხარეს.

მაგრამ ნახევარქათამა, არ წამასწროსო მარცხად,

პატიოსანი კაცივით იჯდა და თვლემდა საწყლად.


ხოლო როდესაც დაღამდა, როცა გამეფდა ბნელი,

ისევ დაბერა ჩიჩახვი, ზეამოუშვა მგელი.

მგელმა ხელმწიფის ბატების ბურტყლიც შეირგო შაქრად,

გამოუთხარა საბატეს ძირი და ისიც გაქრა...


დილით კვლავ გახსნეს ურდული,

დილით კვლავ დარჩნენ სახტად:

მარტო ნახევარქათამა,

სხვა არაფერი დახვდათ.


გადაირია ხელმწიფე, სიმწრით ახტა და დახტა:

- ეგ კაი სული არა ჩანს, უწმინდურია ნაღდად! -

ვეზირთუხუცესს უბრძანა: - კარი ღიად არ დაგვრჩეს,

ახლა ფარეხში ჩაჰკეტეთ, ხვალ გამოვუტანთ სასჯელს!


თანაც დასძინა: - გახსოვდეთ, თუ კიდევ მსგავსი მოხდა,

თუ ცხვარიც ამოგვიწყვიტა, თავებს წაგაჭრით კოხტად!.. -

რკინის ურდული გაუგდეს ახლა ფარეხის კარებს;

თითო ვეზირი დაუდგა ფარეხს ოთხსავე მხარეს;


ტანზე აბჯარი აცვიათ, შუბი უპყრიათ ხელში;

მალ-მალე უჭვრიტინებენ ტუსაღს ფარეხის ხვრელში.

მთელ დღეს გარშემო უვლიდნენ, მთელ დღეს იგდებდნენ მასხრად:

ბაყბაყ-ნახევარაქათამა იჯდა და თვლემდა საწყლად;


ხოლო როდესაც დაღამდა, ზეამოუშვა წყნარად

დათუჩა დათუჩაის ძე, დათუჩაშვილი გვარად.

დათვმა ხელმწიფის ცხვრების მატყლიც შეირგო შაქრად,

გამოუთხარა ფარეხს ძირი და ისიც გაქრა...


და ჰა, დილა რომ გათენდა, უკვე მესამე დილა,

ხელმწიფე ნაზირ-ვეზირით ფარეხს მიადგა ფრთხილად.

მესამედ გახსნეს ურდული, მესამედ დარჩნენ სახტად:

ბაყბაყ-ნახევარქათამა, სხვა არაფერი დახვდათ.


და ბრძანა მაშინ ხელმწიფემ (ჯალათი ედგა მარჯვნით);

- მაგ დოყლაპია ვეზირებს თავი წასჭერით ხანჯლით!

მოკვდეს ნახევარქათამაც, მაგის ლოლიავს მოვრჩით!

ცოცხლად შეწვით და დანივრეთ, აქ მომართვითო ხონჩით!.. -


სცეს ბუკს და საყვირს ჩაბერეს,

მტყუანს და მართალს სჯიან:

ჯერ დოყლაპია გუშაგებს

ბეყერა თავებს სჭრიან;


ახლა ნახევარქათამას ცოცხლად პუტავენ სწრაფად:

ტაფაზე ერბო დაასხეს, ააშიშხინეს ტაფა;

ქალები ნიორს ნაყავენ, ნივრის საწებლის ეშხით

სული მიუდის ხელმწიფეს, პირი სავსე აქვს ნერწყვით.


ბაყბაყ-ნახევარქათამას თვალს არ აცილებს ეჭვით:

- რაც შეიძლება შებრაწეთ, მაგრად და კარგად შეწვით! -

შეწვეს ნახევარქათამა, სწრაფად მოართვეს ხონჩით:

ხელმწიფეს ლუკმად არ ეყო, იჯრა შეუვსეს გოჭით;


იხარეს კარისკაცებმა, ამოისუნთქეს შვებით;

იხარა თვითონ ხელმწიფემ გარშემორტყმულმა ყმებით;

მაგრამ რა ხდება, რა მოსდის, ოფლს რად გასხამსო, ჰკითხეს;

ხვნეშის ხელმწიფე-ბატონი, როგორღაც მუცელს იტკენს.


- მიშველეთ! - უცბად შეჰყვირა, თავს დასდგომიან სნეულს.

- გამჭერით! არსად გაგექცეთ, თვალი ადევნეთ წყეულს! -

მოვის პერანგი გახადეს, ყური მიუგდეს სტომაქს,

ბაყბაყ-ნახევარქათამას სტომაქში ცეკვა-ხტომას.


გაცოცხლებულა წყეული, მუცელში იქნევს ხანჯლებს.

- გამჭერით! - ჰყვირის ხელმწიფე,

გაჭრას ითხოვს და... გაჭრეს,

თავი წამოყო მუცლიდან, არ გთანხმდებითო ზავზე,


- სულელო ხელმწიფევ! - სულელო ხელმწიფევ! -

ხალხს შეჰყვირა და წამსვე

"ფრრ"... - იფრთხიალა, ვეზირებს

გადააფრინდა თავზე...


გავარდა ნახევარქათამა, ატყდა შფოთი და ჯანყი:

- დაიჭით! - ჰყვირის ხელმწიფე, მისდევს ხელმწიფის ხალხი.

- დაიჭით! გზები შეჰკარით! - ლაშქართუფროსი ბრძანებს;

- დაიჭით! - ეპისკოპოსი შორით ამხნევებს ჯარებს.


ას კაცს ლაჯებში გაუძვრა, სამასჯერ ხელი სტაცეს,

წახრა-წამოხრით, ხეთქებით კოპები აზის კაცებს.

გასხლტა და მიჰყვნენ ყიჟინით, მისდევენ ფაცხაფუცხით.

პრიალა მუზარადებით, თორ-აბჯრის რაჩხარუჩხით...


მინდორი გადაირბინა, ტყე-ტყე უღრანში გაძვრა;

თუ დაიჭირეს, იცოცხლე, აქნიან თვრამეტ ნაჭრად!

გარბის ნახევარქათამა, ფეხებქვეშ ქვიშა იგრძნო, -

თავისი გადაყლაპული, უცბად, ზღვის ფსკერი იცნო;


გაღმა ნაპირზე აასწრო, მოუტრიალდა მდევარს,

ზღვა ამოუშვა პირიდან, მოჰყვა ზვირთების თხევას;

ჯირკზე შეფრინდა წყეული, თავის ჯირკიდან ხედავს:

ზღვა ნაგუბარში დგება და ხელმწიფის კაცებს ხვეტავს.


- ყლუპ, - თავს ჩაყოფს და ამოყოფს, ლაშქარი სულსა ღაფავს;

- ყლუპ, - სპასალარი თვალს ქაჩავს, კოხტად მარილწყალს ყლაპავს,

ხელმწიფის ეპისკოპოსსაც უკვე შავი დღე ადგას,

იცოცხლე, ჰქონდეს სათქმელი, - ყლუპ, - ამის მეტი რა თქვას!


ატივტივებენ ზვირთები ნალეწს ფარის და შუბის;

მარტო ჩქაფუნის ხმა ისმის, მარტო ყლაპის და ყლუპის;

ზოგი კისრამდე წყალშია, ზოგი დასულა ფსკერზე,

ზოგს ფეხი აუშვერია, ქალამანს იშრობს მზეზე...


დამარცხებული რა ნახა ხელმწიფე თავის მრევლით,

იხარა ნახევარქათამამ, ჯერ ხომ იცინა ბევრი,

მერე გლეხკაცთან მოკურცხლა, თავზე წაადგა მტირალს;

ის კაცი ისევ ჯირკზე ზის, თავის ძროხაზე გმინავს;


უთხრა: - ადექი, ბეჩავო, რას დაგიღია პირი?!

ხელმწიფემ ჭირი მოგჭამა, ტყუილუბრალოდ სტირი!

ახლა შენც მიდექ-მოდექი, შენც გაინძერი ზოგი,

გასწი და, ძროხა კი არა, შინ მორეკეო ჯოგი!.. -


ეს თქვა და ქვაზე შეფრინდა, მთა-ბარს გასძახა მზიანს:

- ბაყბაყ-ნახევარქათამა ვარ და კიდევაც მქვია!

ჯერ კიდევ გასაზრდელი ვარ, ჯერ წიწილა ვარ ნორჩი,

ახლა სხვა საქმეს დავიწყებ, ხელმწიფის საქმეს მოვრჩი!..


თქვა და ზღაპარიც დასრულდა, დილამ აჯობა ბნელას;

ჭირი იქა და ლხინი აქ, ქვეყნად სიკეთე ელავს;

ზღაპარს ტყუილი აშენებს, სიმართლის ძაფი კერავს...

ამის დამწერს და წამკითხველს - ას წელს სიცოცხლე ყველას!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen