|
ცის და მიწის კარიბჭეს ჰფარავს ქუფრი ნისლები მთებმა მხრებზე მოისხეს მდუმარების მანტია, გამეშორნენ წავიდნენ სხივთა ათინათები ახლა სადღაც შორეულ ცის ქვეშეთში ანთია.
ახლა უფრო ახლოა უფლის ცამდის მანძილი ამ ოცნების მხარეში მე რა უნდა მიჭირდეს? შორს ქალაქის ქუჩებში დადის ჩემი აჩრდილი.
ურწმუნოთა ორგიებს, შიშით განარიდები, სად სოდომის ვასალებს აქვთ ლხინი და ქორწილი სისხლით სავსე ჭურებთან დგას ცოდვილთა რიგები. აქ სინდისის მეხოტბე დადის მხრებჩამოყრილი და უფლის გამყიდველთა დგას კოშკები დიდების.
სადღაც კლდეთა ქვაბულში ვარ და ცეცხლი მინთია აქ ნადირთა ქალღმერთი არის ჩემი სტუმარი, მუხლის ჩოქზე დაცემის დღეს ცდუნება დიდია.
ხან სიჩუმე მეფობს და ღამე ფიქრში ილევა აენთება აისი მწვერვალების კიდეზე, ღამის შავი კრისტალი ქარაფებზე იმსხვრევა.
ოცნებათა რაშები აიწყვეტენ სადავეს მუდამ საოცნებო და გულით დასაფიცარი, ეს ლამაზი მთებია ჩემი ლექსის სათავე.
ჩემთვის მათი სიშორე არ იქნება ადვილი, აქ მწვერვალთა სიმშვიდეს მზის სხივები ჰქარგავენ და აქედან ახლოა უფლის ცამდე მანძილი. |


