კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:18

 

გლეხმა ჰთქვა: „წყეული იყოს

დღე ჩემის გაჩენისაო...

ვერცარა ღმრთისა გავიგე,

ვერც-არა სიცოცხლისაო.

პური არა მაქვს, პურს ვეძებ

კაცი სამოცი წლისაო!

მითომ კი ვშრომობ, თავს ვიკლავ

ათას გვარს საქმეებშია:

რა ხვნა და ფარცხვა, რა თოხნვა

რა ბარვა, თიბვა-მკაშია,

მაგრამ არ იქმნა, ვერ გავძელ

იმ ერთის ლუკმა პურითა,

ნეტავი ცოლი და შვილი

არ გამეგონა ყურითა,

მივდივარ სახლში დაღლილი

და გაწუწვილი ოფლითა,

მხვდება მშიერა ცოლშვილი,

აჭრელებული კონკითა.

ხე-ქვათაც გული დაეწვისთ,

მაშინ იმათის ცოდვითა,

სახლიც სახლია? - რას ჰბრძანებთ?

მთლად გაგოზილა მჭვარტლითა,

საფენს გგონიათ მიაგნოთ,

დღეც რომ ეძებოთ სანთლითა?

მახტას ხელმწიფე არ მაკლებს

და მებატონე ღალასა,

ღვდელი საწესოს... და თემი

ათას გვარს ხათაბალასა.

მაქვს თუ არა მაქვს შეძლება,

უნდა ჭაპანი ვეწიო,

თვითონ დავიწვა, სხვისთვისა

კი სამსახური გავჰწიო!

მთლად სახელმწიფო და თემი,

მე უნდა მეწვეს მხრებზედა,

ვასაზრდოებდე, ფეხებსა

ვიდგამდე ნაწლევებზედა!

ზოგს ას იმდენი მიწა აქვს,

რაც ათასს ჩემფერს არაო,

ღმრთისგან სასწოროდ შექმნილი

იმას ვინ ჩააყარაო?

მთელი ქვეყანა იმასა,

მე ერთი ბოხჩაც არაო?

წაწყმდეს სულით და ხორცითა,

ვინც წილი დააყარაო!

მჩაგრვენ, მივდივარ ჩემთვისა,

ჰდუმან სასამართლოები.

უნდა სამგზავროდ წავიდე,

გზას მიკვრენ საბაჟოები.

მინდა ვთქვა და ვქმნა მეც რამე,

ნება არა მაქვს პატარა,

ლოცვა და ენაც სხვისი მაქვს?

ჩემი ვიქონო რად არა?

ჯალაბობისკენ დავწუხდი...

მაგრამ შინ მისვლა მაშინებს,

აქაცა მჩაგრავს ვინც უნდა,

იქაც კერაზედ მაგინებს!

მაგრამ ვენაცვლე მაინცა,

თავის ბეჩავას სახლასა,

დიდი კაცები თუმც მასში

არ გამიცვლიან თავლასა!

შაქრუასაკენ დავწუხდი,

რათა ხანია ჯარშია,

მომსწვრალი შვილი მამისთვის

დიახ კარგია სახლშია.

რომ წერა-კითხვა ვიცოდე,

გავუგზავნიდი ბარათსა,

მაგრამ გლეხების სახელოდ

მუქთად ვინ გაჰხდის ანბანსა?

კიდევ რამდენი გვაკლია,

მაგრამ ვინ დაფიქრებულა?

გლეხის გონება მის ხნულის

იქით არ გაცილებულა.

თუ ფანჩატური აფარავ,

წვიმა არ ჩაუდიოდეს,

ყევარი ხარი, კამეჩი,

გუთანზედ დაუდიოდეს,

ერთი ათი დღის ნახნავი,

ზედ ყანა მოუდიოდეს,

ნუნუა ერთი საპალნე,

ქვევრებში ჩაუდიოდეს.

მუცელი, სავსე მჭადითა

ჰქონდეს, რომ არა ჰშიოდეს,

თანაც ორ-სამი დედალი,

კარზედ მამალი ჰყიოდეს,

და საღორეში, თუ მასთან

ცხრა-ათი გოჭი ჰჭყიოდეს, -

სხვა იმას აღარა უნდა,

მითომ ბევრი რამ ჰქონია,

და თავის ტოლი დოვლათით,

ქვეყნად არავინ ჰგონია!

შინა და გარეთ სულ ჭუჭყი,

მომურდლულ, მოთანთხლილობა,

შეჰრცხვეს ცხოვრება და კაცი

და მის ოჯახიშვილობა!

რომ რამე უთხრა, მოგიგებს:

„წინაპრებს ესა ჰქონდაო,

თუ ნაჰწავლები არ იყვნენ,

მაშ ის დრო არა ჰჯობდაო?“

სხვათა ცხოვრება წინ გვიძევს,

შიგ ჩვენი ოფლი ჰტანაო,

ცხოვრება სუფთა და ტკბილი

წინ მიდის თანდათანაო.

ვერც სიღატაკემ, ვერც-რა სხვამ

ჩვენ გონთ ვერ მოგვიყვანაო,

უარესს ცეცხლში ჩავცვივდეთ

ჩვენთვის იქნება კარგაო,

რომ ნდომა უკეთესისა,

მაინც რად დაგვეკარგაო?

 

წარჩინებული

 

რას ამბობ, ბიჭო, რადა ხარ

ემაგრე გაცხარებული?

სხვა ვინღა არის, მითხარი

ცხოვრებით გახარებული?

შენ რომ შენს ამბობ, მითომ ჩვენ

რაღა ხეირი გვაყრია,

რომ ჩვენი „ტკბილი ცხოვრება“

ყველას ენაზედ აკრია?

შენ თუ მიწური ქოხი გაქვს,

მე - სახლი სართულებითა,

შენ მჭვარტლიანი, მე შიგნით

მორთული ხალიჩებითა.

შენ თიხის ჭურჭელსაც ჰნატრობ,

მე კი ვერცხლისაც მომწყინდა,

მაგრამ რას შიღავათს მაძლევს,

ოქრო და ვერცხლი რად მინდა!

დღეს-ხვალ ხომ დავიხოცებით

ეს ჟამი გადავარდება,

და ჩემი კარგი ყოფნისა

საბადლო რაღა დამრჩება?

მკვდრებსა, ხომ იცი, მე და შენ

ორთავ მიწაში ჩაგვყრიან.

სამარადჟამო საწოლად,

ზედ მიწას შემოგვაყრიან.

განა შენ ტანჯვით მოჰკვდები

და მე სიამოვნებითა?

იქნებ მე სულითაც წავწყმდე,

შენ წარჰდგე იაღებითა!

 

გლეხი

 

"სიკვდილ-სიცოცხლეს, ყმაწვილო,

მაგრე უცქერი როცაო,

შენი რამ ყველა მე მომეც,

ჩემსას - შენ დაგილოცაო,

ეგ იაღობაც შენ გქონდეს,

ჩემთვის სხვა რამეც ჰკმარაო!"

მაგრამ აქ... უპასუხოდა

ყმაწვილი გაიპარაო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen