|
(ვუძღვნი ჩემის ძმის ვაჟა-ფშაველას ხსოვნას)
სიკვდილი აღარ მახსოვდა, წუხელ ძმა ვნახე მომრჩალი, ცხენით აფხუშოს მოვიდა, გამოვეგებე საწყალი, ძალიან დაწუხებული, როგორც მზისათვის დამზრალი. ხელი მოვხვიე, ვაკოცე, უნდა დამესვა მაშვრალი.
უეცრად დგრიალი დადგა, ხალხით აივსო სახლ-კარი. ეძგერნენ შესაპყრობადა, იმან მანიშნა: „დაჰკარი!“ "გაუშვით, თორემ თავზედა დაგეცით სისხლის ავდარი", დავჭყივლე გაცოფებულმა, ამოვიწვადე ხანჯარი.
ძალს მე და ძალსა ისინი. გაგვიხდა ჯობნებაზედა. უცებ ყორანი მოფრინდა, ვაჟა შეისვა მხრებზედა, და ცისა სივრცეში გაჰქრა, ერთის თვალისა წამზედა. მაინც წამართვეს, მაინცა, აუგ დამედვა თავზედა. ვერ მოვიხმარე ხანჯარი, სისხლი ამესხა ფხაზედა. როსნამდე უნდა გიგონო, მიწამიყრილი ტანზედა?
თვალი მეჭიროს გზაზედა, ცხადად და მალვივ ვიტირო, გული ვაბჯინო ქვაზედა? |


