|
- ვაი სიკვდილო, თურმე სად მელი!- მწარედ ჰკიოდი ღრუბლებში, ნატო, ელვამ მოგვტაცა ყველა სათქმელი, მშვენიერებით ელვაზე მნათო!
ულამაზესო ქართველო ქალო! რა საშინელი მეხი დაგეცა, ჩვენო მზექალო და ნატვრის თვალო!
იყავ ალაზნის უჭკნობი ვარდი, დაო ძვირფასო, ეს რა გვიყავი, რად მოგვიტანე ამდენი დარდი!
სურათი, რასაც გრძნობით ხატავდი, ნატო, კახეთმა ყვავილად გზარდა, ვინ იფიქრებდა, საფლავს ნახავდი!
ატირდებოდა მთაში გიული! მიგყვება ფერფლი გიშრის ნაწნავთა, ცრემლი და ხსოვნა მარადიული.
ქართველი ქალის მაღალი ვალი! ნატვრად ექნებათ ჩვენში ასულებს, - შენებრ სპეტაკი დატოვონ კვალი.
ღრუბლებთან ომში იძახდი ნატო, ელვამ წაგართვა ყველა სათქმელი, მშვენიერებით ელვაზე მნათო! |


