|
ტყის ფართო გზაზე, მახსოვს, ეტლი მიგვაქროლებდა, შენს სუნთქვას ვგრძნობდი ბედნიერი, შენსა მახლობლად. მე გიამბობდი ჩემს მრავალგვარ თავგადასავალს, სიყმაწვილეზე გიამბობდი შთენილი ობლად.
ტყეს ედებოდა გამჭვირვალე და ლურჯი ბინდი, ამ დროს ვიგრძენ, რომ შენ სრულიად ყურს არ მიგდებდი, ეტლის სიღრმეში გადავემხე და ავქვითინდი.
ელვის სისწრაფით გზას გაეკრა ბუქ-ბუქად მტვერი, როგორ უგონოდ მივაფრენდი გზაზე ჩემს სევდას, როგორ უგონოდ ტრიალებდა გარს ყველაფერი.
ხეების გუნდი იქ, ეტლს უკან როგორ რჩებოდა, ისე მწყუროდა ამ დროს ლტოლვა განუსაზღვრელი, ისე მომნატრდა, რომ გზას ბოლო არ ჰქონებოდა.
მოხეტიალე, უთვისტომო, მიუსაფარი, თან მიგვყვებოდა განუყრელად, განუშორებლად, მსუბუქი, როგორც განვლილ დღეთა შორი სიზმარი.
და მე ეგ კვნესა, უსასოო გულში მწვდებოდა, ცრემლი მდიოდა, რადგან ჩემი უკანასკნელი, ჩემი მწუხარე სიყვარული მაგონდებოდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


