|
აჰა დამეცნეს რისხვით ცანია, ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია, ნეტარ რად მოვვლე ესდენ ხანია, რად არ სიკვდილად ვიქმენ მზანია? რაბამ მწარე არს ესე თქმანია, ვისნი მომაკლდენ თვალთ შედგმანია, გადახდეს მზენი მაღალ გვარნია, ვაჲ , ჰსდიან თვალთა ცრემლნი ზღვანია, მეცა მტიროდეთ მოყვას–ძმანია, მარად მწვენ ცეცხლნი სხვა და სხვანია. აჰა დამეცნეს რისხვით ცანია, ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია.
მსმენელთა გულთა გასაგმირებსა, მიმცა სოფელმან მრავლად ჭირებსა, ოხვრა-სულთქმასა ესდენ ხშირებსა, ვაჲ, ბედთაგანცა განაწირებსა, მიმიღო შვება, არ მცა ლხინებსა, რადგან მაშორვა მნათობთ გმირებსა, ვარ სიცოცხლისა განაპირებსა, ჰხამს გებრალოდეთ ყოვლსა მზირებსა, აწ სავალალოდ ესე კმანია. აჰა დამეცნეს რისხვით ცანია. ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია.
ძნელ სახილველსა, შესაზარესა, სადავითოს მტილს მოფხრულს არესა, მხედველ სისხლისა, ცრემლსა ღვარესა, ვაჲ, ვერ ვსჭვრეტ დიდსა მნათობთ გვარესა, ამად მივეცი დღესა მწარესა, რადგან მზე ჩვენი ჩრდილოთ ჰფარესა, აწ დამქოლვიდეთ არ სახმარესა, სევდით გრაგნილსა ბნელ სამყარესა, აწ, გულო, გქონან ესდენ წვანია. აჰა დამეცნეს რისხვით ცანია, ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია.
მეცა დამფარეთ ღრუბელთ-ნისლთაო, აჰა დანთქმული ჩრდილოთ ზღვითაო, მარად ვაფრქვევდე ცრემლთა ხშირთაო, ვაჲ, განგვაშორნეს მზენი სითაო, ჰყვეს განდევნილნი შორის გზითაო, არ გვაქვს ნუგეში არ თუ ღვთითაო, მას ვევედრები მწარის ხმითაო, მათნი მგონები, გულთა მღონები, მარად მტირალნი მხევალ დანია. აჰა დამეცნეს რისხვით ცანია, ისმინეთ საწყლად გლოვის ზარია. |


