|
გარდასულთა ტკბილთა დღეთა მოჩვენება მე შევქმენი, მასში კრთოდა სილამაზე შარავანდედ შუქის მფენი. მასში წმინდა, უჩვეულო, ზეციური ცეცხლის მჩენი, ცისფერ თვალებს ანაზებდა სინარნარე აღმამფრენი.
იდუმალად არრა მქონდა მწუხარე ჟამს ნუგეშმცემი; ნისლით იყო დაბურული ჩემი ზეცა და ედემი, და სალ კლდისკენ მიმართული იმსხვრეოდა რწმენის გემი.
ჰაეროვან და მიმზიდველ ქალწულთ შორის დავინახე. შემდეგ ბევრი ვივაგლახე, მთა და ბარი გადავლახე, მაგრამ მაინც ვერსად ვნახე იმ თვალთ შუქი მოცახცახე!
დემონიურ სულის ლტოლვით გადავევლე მთებს და ტყეებს, ეკლიანი გზის სიძნელე დავძლიე და გადავლახე, მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
ავაშფოთე ზღვის ტალღები, დავარღვიე ტბის სიმშვიდე, ყმაწვილური გატაცებით ზვირთი ზვირთებს დავაჯახე, მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
არყოფნის წიგნს დავუკვირდი, ყოფნის წიგნიც გადავშალე, წავიკითხე ცის ლაჟვარდზე ვარსკვლავთ თრთოლვა მოცახცახე, მაგრამ შენი ნაზი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
გავცილდი ხალხს მოფუსფუსეს, შევიყვარე სიმარტოვე, რომ ოცნების სამეფოში ერთხელ მაინც დამენახე, მაგრამ შენი შორი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე!
იდუმალად არარა მაქვს მწუხარე ჟამს ნუგეშმცემი; ნისლით არის დაბურული ჩემი ზეცა და ედემი და სალ კლდისკენ მიმართული იღუპება რწმენის გემი! |


