|
წვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე, ქარი ვედრებით კარებთან დგას: “გამიღეთ კარი!” რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის მზიანი ჩრდილი, რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა, ჩემი სიზმარი!
ჩემი ფიქრები! დროო ბოროტო, სად დამარხე ოცნება წყნარი? მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა, რომ მოგეწამლა ყვავილოვანი სიყმაწვილე და ჩემი ქნარი?
ცისა დასავალს, სადაც იშლება მოღუშული ღრუბელთა ჯარი... ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ ცაცხვის ხეები და გულმოკლული ქვითინებს და ქვითინებს ქარი...
მოგონებები, წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი და ძველი ღვინო... ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ დავთვრე მოგონებებით, რომ მეც საზარლად ვიქვითინო და ვიქვითინო.
მე ჩემი ბედი, რად დამიმსხვრია სიყმაწვილის წრფელი სიამე... სადაა ჩემი ყვავილები, სადაა რწმენა? ზეცავ სასტიკო, მიპასუხე, მითხარი რამე! |


