|
ვნებიან ბაგით მწიფე ნაყოფს კოცნის აგვისტო და ლეღვის ხეებს მზე დამცხრალი ედება ხიბლად... გაჰყურებ დაისს, სრულყოფილი როგორც ავგუსტა - და მაღალ ყელზე სერდოლიკი ბრიალებს წითლად!..
საღამო მშვიდი, თანდათან ქრება მოყვითალო ბაღი ჭაღივით... - მემღვრევა სისხლი სევდიანი თვალების ბინდით და გარდიგარდმო გაფატრული ვარ ყივჩაღივით!..
თავზე გადგამ სანთლებით გვირგვინს, მოგკიდებ ხელს და მოგატარებ გალობით გელათს... ...მზე ჩადის მშვიდად და შეწამლული ვენახებს იქით ღარის წისქვილი დარჩენია მიდამოს მძევლად...
მე და შენ რომ თავზე გვეხუროს, სარჩენად მინდი გვეყოფოდა ერთი ბათმანი - მაგრამ სხვისია, დიოფალო, საუბედუროდ, ბეჭდებით მძიმე შენი ხელი და ხელთათმანი!..
ნიამორის ნუკრივით კრთები და გინდა უხმოდ ამარიდო დარიშხანს მწარეს... მსხმოიარ ტოტზე მოიკეცა საღამომ ფრთები და ჭრიჭინობლის წყნარი სევდა მოფინა არეს...
დგახარ ახლა და გარინდებით ყურს უგდებ ტაროსს, ფოთლის ფაჩუნს, ძვრას ნიავისას... - და ხარ მოსილი შეღამების ლურჯი ბინდებით ნატიფი, როგორც ტყუპის ცალი მარიამისა!.. |


