კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:23

 

ძვალი და ტყავი

თორ-აბჯარში გამოხლართული,

მარადი მგზავრი,

სევდიანი მუდამ იერით,

ხარ ტკივილამდე ახლობელი

რაღაც ქართულით,

ვით იმერელი აზნაური გუდამშიერი!

 

ჩემო შეშლილო მეგობარო,

გემშვიდობები!

მეც ცხვირ-პირიდან სიმწრის ძმარი

ისევ მადინეს!

ვერა გავიგე

ამა სოფლის წაგებ-მოგების,

თუმც სიბერემდე,

როგორც შევძელ, ვიშერმადინე!

 

მეც ბევრს ვუკმიე სამკმეველი

ნელი გუნდრუკით,

ბევრი ვეომე

ურჩხულებს და ქარის წისქვილებს...

გადიხარხარებს ღვარძლიანად

ვინმე მუტრუკი,

ოდეს იფეთქებს სიყვარული

და დაიკივლებს...

 

ჩემო დაღლილო მეგობარო,

შევცოდე რადგან,

შენს მეგობრობას ვიბრალებ და 

ბავშვივით მჯერა!

შენ კი საწყალი როსინანტით

ჩაქჩაქებ სადღაც

და დულსინეას სიყვარული 

გაწვალებს ჯერაც!..

 

აი მარადი მარტოობა,

აი სუდარა,

სახეს მწუხარეს რომ გიბურავს

მკრთალი ნათებით...

ისევ ხითხითებს

ღვთაებრივი აისიდორა,

ისევ ჩხავიან მსხვილ ეჟვნებით

შავი კატები...

 

თხემით ტერფამდე  სიკეთე ხარ,

ჩემო კიხანა,

წუთისოფელი,

შენ რომ  ფიქრობ, უფრო ფლიდია!

ბევრმა ააწყო ეს ცხოვრება

როგორც გიტარა

და ახლა სხვისი სატკივარი

ფეხზე ჰკიდია!

 

რაც იყო გუშინ,

რაც გუშინწინ,

ის არის დღესაც,

ისევ ავარდა მედროვეთა მდარე მიზანდა!

წერილ არს: -

„.. სახლსა სალოცველი ეწოდოს ჩემსა,

ხოლო თქვენ იგი გიყოფიეს

ქავბ ავაზაკთა...“.

 

... ამ შუა ღამით

ჩემს კარებთან რამ მოგიყვანა?

შევძლებ, მარადი სათნოებით,

შენით, ვიდაგო?

მაცხოვრის ხატო, გაცრეცილო,

ჩემო კიხანა,

ჩემო საწყალო მეგობარო,

ჩემო იდალგო!

 

... ოდეს  დაადგა

მოკაშკაშე ვასკვლავი ბეთლემს,

შვების ცრემლებით დაენამა 

ღაწვი მარიამს...

ანათებს დღესაც 

საქართველოს მონასტრის კედლებს

სხივი, რომლითაც

ეს სამოთხე ნაწვიმარია.

 

მავანთ სიმრუდით,

მავანთ ქიშპით,

მავანთ ლაყბობოთ,

სამოთხეს ამას,

განქიქებად ნურვინ შებედავს!

სულის სიმტკიცით, 

ღვაწლითა და ლუკმის გაყოფით,

კვლავ ამოდუღდა მარგალიტი

და ცად შედედდა!

 

მაგრამ ისესო,

ოთხი ლურსმნით ჯვარზე გაკრული,

არ შეივედრებს მაძღართ ხორხოცს,

ზრიალით მოთქმას!...

თუ მიაძინებს

საწამლავის წვეთი მზაკვრული

მხატვრის, 

მეომრის,

ხუროთმოღვრის ჯიშსა და მოდგმას!

 

ან ნაღდი დვრინით

ჩვენს სიმღერებს ვინღა იმღერებს,

თუ იშრიალებს დამშრალ ძარღვში

ყაყაჩოს შხამით?!

როს უწვერული

სასიკვდილოდ დანას გიღერებს,

როს კაცის ნაცვლად

დაკოდილი მოღოღავს გვამი?!

 

ღმერთი და რჯული!

მუდამ მძულდა ყველა ჯალათი,

მაგრამ დღეს ვდგავარ განჩინებად,

პერანგით თალხით!

რადგანაც ზოგჯერ პატიება

არის ღალატი

აწმყოს,

მომავლის,

ერისა და მშობელი ხალხის!

 

„... ამოითხარე

თვალი იგი მაცდუნებელი,

რამეთუ საღი,

ცხოვნებითა მით გაგახარებს!!..“

... და მოედანზე

გასისხლული გული ბებერი

ახლად დაკლული მამალივით

ხტის და ფართხალებს...

 

ვინ გვინგრევს ტაძარს,

შვილებს ჩევენსას ვინ ათრიაქებს?..

ვინ გადაჯეგა,

ვინ დაწყევლა მათი გაჩენა?..

შეიბ მახვილი,

დალეწე და დაიქიაქე,

ჩვენიც სისხლ-ხორცის

საშველად და გადასარჩენად!

 

სანამდე მწვანე მაიმუნი

ვერცხლის საყურით,

აქაც გაივლის,

გულისამრევ რწევით მდედრულით!

გვიან იქნება

მაშინ გულზე ხელის ბრახუნი,

გვიან იქნება კბილთა რღჭენა

და საყვედური!..

 

კვალად აღლუმი?!

რა ფასი აქვს ან კი ხატობას,

ოდეს სატკივარს 

მოგუგუნე ზარი სჭირდება!

და თუკი ვინმე

დამაბრალებს დონკიხოტობას,

აღარ ვინატრებ სხვა რამ დაფნას,

სხვა რამ დიდებას....

 

მე ვინ მაღირსებს

შენი დარდით მეც რომ ვიდაგო?!

ვიქნები მარად შენი სანჩო,

შენი მხლებელი...

წინ!

ჩემო გიჟო მეგობარო, ჩემო იდალგო,

შეგაძლებინოს სიყვარულმა

შეუძლებელი! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen