კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:39

 

მარინა ცვეტაევა-ეფრონს

 

მთარგმნელი: ნატო ინგოროყვა

* * * * * * *

 

ჰოი, სამყაროს სვე, მარინა, ვარსკვლავთა ცვენა! 

არ ღირს სამყაროს ასავსებად თავის გაწირვა, 

ვიღაც შორეულ ვარსკვლავისკენ მზირალი ცერად 

ფეხს წამოიკრავს და სიწმინდეს აღუვლენს წირვას, -

რომ სამყაროში ყველაფერი არის თამაში, 

რომ თვით საწყისშიც მხოლოდ თავისთავისკენ ვილტვით, 

და თუმც, არავინ გვეგულება შემწედ ამაში, 

გადაბმულნი ვართ სივრცის დვრილებს მაინც მჭლე ფილტვით.


ტალღები მარინა , ჩვენ ზღვა ვართ, 

ლივლივი მარინა, ჩვენ ცა ვართ. 

მიწა ვართ , მარინა, მღერა ვართ ტოროლის 

და თუკი ვინმეა, ჩვენცა ვართ, 

წყვდიადში ელვარე ჰოროლით. 

ეს აღტაცება ბავშვური, სინანულს არ ითვალთმაქცებს, 

თუმც ჩვენი სიმძიმე და შური სიმღერას ჩივილად აქცევს. 

ღმერთებიც ითხოვენ დროდადრო შექებას 

და მოწაფეთა მსგავსად, ეს წახალისებაც სულს დაელექება, 

გარჯა არ ჩაგვივლის ნავსად.


ჩვენ ხომ არაფერი გვეკუთვნის, ღმერმანი, 

გინდ სასარგებლო, გინდ საზიანო, 

და ხელისცეცებით დავეძებთ ერთმანეთს, 

მარტოსულობა რომ გვქონდეს საზიარო... 

მსუბუქი ხელები, ნაზი გახელებით, როგორ ეფერება 

დაუკრეფავ ყვავილებს ყელზე, 

ტახტზე უარის თქმისას ვით იღებენ მსხვერპლს მეფეები 

ვნახე კომ-ობოში ნილოსის ნაპირებზე. 

ვეხებით კრძალვით, რაც ნაზია და რაც ლამაზია, 

თითქოს ანგელოზებივით გადასარჩენთა კარებს 

ნიშნით აღვბეჭდავდეთ - ყველას ეხება: 

სულებს-ავსულებს, გულებს-ავგულებს, ქარებს-ავქარებს 

არ გაბედოთ ავად შეხება!


ეჰ, მარინა, განდეგილები ვართ როგორი, 

სამუდამოდ გზააბნეულნი ვართ როგორი, 

საუკეთესოს ძებნაში ვტოვებთ ნიშანს და მორჩა. 

და ეს ჩანაფიქრი მორცხვი, რომელიღაც ჩვენგანს რომ ემძიმოს, 

უმალ გავბედავთ, მივიდეთ და ხელი შევახოთ,


ის კი შურს იძიებს ჩვენზე და დაგვღუპავს. 

მის სასიკვდილო ძალაუფლებას ყველანი ვამჩნევთ. 

ის თავაზით და იშვიათი ძალმოსილებით 

უბრალო მოკვდავთ გვაქცევს იმად, ვინაც 

გაუძლო არყოფნას და სუნთქვას გამორჩა. 

შენ იცი ხშირად ვით მიგვერეკებოდა 

უხილავი ბრძანება განწმენდის სივრცეში.


მიგვერეკებოდა: ჩვენ? ხელახალი დაბადებისათვის. 

ჩვენი წინათგრძნობა კი დახუჭული თვალების წამწამთა ჯარში 

შეკრებდა ადამის მიტოვებულ მოდგმას 

და გადამფრენი ჩიტების გზით ჩვენს ყველა 

მფრინავ გარდასახვას აადევნებდა.


მათ, ვისაც უყვართ არ უნდა იცოდნენ 

ასე მრავალი რამ დაცემის შესახებ. 

ეჰ, ტაძრის გუმბათიც საფლავის თაღია, 

დაძველდეს, მარინა, საფლავი, იწვოდნენ 

სიბრძნის და განცდების პირველად შეძახილს 

თუ ვერ დაუხვედრეს გულები მათ ღია.


დრო შეყვარებულებს ვით ლერწმებს გადახრის, 

ჩაუწნავს გვირგვინებს თავღია საფლავში, 

მაისის ნიავი გულისგულს გადახსნის, 

რომ ამაოება სუნთქვაში ჩაფლავდეს. 

(ო, როგორი ახლობელი ხარ მარინა, 

ქალური ყვავილობა აალებულ ბუჩქის... 

მე აქ ვარ ღამის ქარში 

შენ რომ გეხვევა დაზაფრული.) 

ღმერთები თავის მოკატუნებაში 

უხსოვარი დროიდან იყვნენ გაწაფული.


ჩვენ კი ამ ჟამთა სვლაში, ვით მთვარის ორი დისკო, 

ვკისკისებთ თუმცა, ახალმთვარიობისას. დამიჯერე, 

ვერვინ დაგვიბრუნებს მთლიანობას, 

მხოლოდღა ჩვენი ეული ნაბიჯები 

ძილდამფრთხალ დედამიწაზე.

 

მთარგმნელი: ლულუ დადიანი

* * * * * * *

 

ო, წარმავლობა სამყაროს შინა, მარინა, ცვენა ვარსკვლავებისა! 

მას იოტასაც კი ვერ შევმატებთ, გადავიხვეწოთ რომელიმე 

ვარსკვლავზე თუნდაც სამარადჟამოდ ყველაფერი გამოთვლილია. 

თვით ვარდნითაც კი წმინდა რიცხვი არ შემცირდება.

უარმყოფელი ვარდნა ყოველი, დასაბამამდე აღწევს და სრულქმნის 

და თუ ეს მხოლოდ თამაშია, მსგავსთა ტრიალი და ჩანაცვლება,

სახელიც არსად მოიძევება და თუ ნაგრამიც ვერ იგულვებს ვერსად საყუდელს?


თუ ტალღებია, მარინა, ზღვა ვართ, თუ უფსკრულია, მარინა, ცა ვართ. 

მიწა - მიწა ვართ, გაზაფხული ათასჯერადი, აღმოხდენილი ჰანგი, 

სიმღერა, ტოროლებივით თვალშეუდგამ სივრცეში გვტყორცნის

ჩვენ აღტკინებით ვიწყებთ, ჰანგი კი უკვე სრულად აღგვემატება,

მოულოდნელად სიმძიმე ჩვენი სიმღერას დადრეკს გოდებისაკენ. 

თუნდაც გოდება, უმრწემესი აღტკინება არ არის განა ლტოლვა მიწისკენ?


მიწიერ ღმერთებს ხოტბა სწყურიათ თურმე, მარინა. 

უცოდველნი არიან ღმერთნი, ქებას ელიან მოსწავლეთა გულმოდგინებით. 

შევასხათ ხოტბა, საყვარელო, დავიხარჯოთ ქება-დიდებით. 

არაფერი ჩვენ არ გვეკუთვნის. მხოლოდ ოდნავ თუ შევეხებით ხელუხლებელ

ყვავილებს ყელზე. მე ეს ვიხილე კომ-ომბოში, ნილოსის პირას. 

ასე, მარინა, მსხვერპლს გაიღებენ მხოლოდ მეფენი, საკუთარ თავის უარმყოფელნი.

ვით ანგელოსნი ჩამოივლიან და დასახსნელთა კარიბჭეზე ნიშანს სტოვებენ,

ასე ვეხებით ყოველივეს, რაიც ნატიფად მიგვაჩნია, ან გვეჩვენება.


ო, რამდენად შორს, ოი, რარიგად დაბნეულნი ვართ ჩვენ, მარინა. 

თავად უღრმესი სულიერი საბაბის დროსაც. მანიშნებელნი, სხვა არაფერი.

ეს უწყინარი საქმიანობა, თუ ჩვენთაგანი რომელიმე 

მეტს ვეღარ იტანს და თავს გადასდებს შესარკინებლად,

მყის შურს იძიებს და მოაკვდინებს. მსახვრალ ძალას რომ ფლობდა, 

აკი ვამჩნევდით ყველა, მის დახვეწილ, ნატიფ ქცევასა

და უცნაურ ძალისხმევაში, რომელიც ცოცხლებს გადარჩენილ 

გვქმნის არსებებად. არყოფნა. უწყი, თუ რარიგ ხშირად 

მიგვაქანებდა ბრმა ბრძანება, კვლავდაბადების ყინულოვანი 

წინარესივრცით... მიგვაქანებდა: ჩვენ? უთვალავი თვალით აკინძულ,

შენივთულ სხეულს, უხვად დაფენილ ქუთუთოებქვეშ ურჩად შეხიზნულს. 

ეზიდებოდა მთელი მოდგმის გულს დანარცხებულს. 

მძლევარ ფრინველთა მიზნისაკენ, 

ეზიდებოდა ჩვენი ლივლივა გარდასახვის ნაკრებ სახებას.


მეტრფეებმა კი, მარინა, ოღონდ არაფერი უნდა უწყოდნენ

სიკვდილის არსზე. მუდამ ცინცხალი სიყმაწვილე შეინარჩუნონ. 

მხოლოდ მათ საფლავს სჭირდეს სიბერე, მხოლოდ სამარე 

ჩაუფიქრდეს, დაიკრას თალხი მტირალი ხის ქვეშ. 

მოიგონებდეს გარდასულ დღეებს. 

მხოლოდ სამარე ჩაიქცეს მათი. ისინი კი, მოქნილები დარჩნენ ლერწივით;

კი, რაიც მათ დრეკს განუზომლად, მორკალავს კიდეც 

სრულქმნილ გვირგვინად.


თუმც განაქარებს მაისის ქარი! მარადიული შუაგულიდან, 

სადაც შენ სუნთქავ და ალღოც გიგრძნობს, მათ წარიტაცებს სულ ერთი წამი.

(ო, როგორ გიგებ, მდედრო ყვავილო, ასეთივე

წარუვალ ბუჩქზე ამონაყარო. რა ძალით ვერწყმი ღამეულ ჰაერს, 

ღამღამობით რომ გელამუნება). ოდითგანვე ფლობდნენ ღმერთები 

ნახევრებთან პირმოთნეობას. ამ წრებრუნვაში მომწყვდეულებმა 

გავიმთლიანეთ საკუთრივ თავი, ვით დისკოები სავსე მთვარისა. 

მცხრალი მთვარის ჟამს, თუნდ ახალი მთვარის კვირაშიც, 

სისავსეს ვერვინ დაგვიბრუნებდა, თუ არა მხოლოდ 

მარტოეული სვლა საკუთარი, ძილგამკრთალი მთა-ველის თავზე.

 

მთარგმნელი: მარინა გოგოლაშვილი

* * * * * * *

 

ვარსკვლავთცვენაა, ო, მარინა, სამყაროს დანაკარგი.

ყველაფერს ითვლის და აწესრიგებს კოსმოსის ქარგა.

ამაოდ მივდევთ, ჩვენ მათ ვერც ვიხსნით, ვერც გავმრავლდებით,

ჩვენი დაღუპვით არ მცირდება წმინდა რიცხვები,

კვლავ ვიბადებით, პირველსაწყისში განწმენდილები.


ნუთუ ეს მხოლოდ თამაშია რისკის გარეშე?!

ჩვენ ვართ ტალღები, ო, მარინა, ცა და უფსკრული.

დედამიწა ვართ, ათასმაგი გაზაფხულის ვართ ტოროლები,

მათი სიმღერა, თვალუწვდენელ სივრცეთა ქარს ადევნებული,-

განსაზღვრულ დრომდე დაგუბებულ გულის არეში.


ო, ყოველივე იწყება ლხენით, აღმატებულით.

უცებ ვმძიმდებით და მიწასთან გვიწევს შეხება.

მოვთქვამთ! მერე რა? ეს დრომდე ნისლით დაფარული სიხარულია.

ქვესკნელის ღმერთთაც სურთ, მარინა, რომ ვიღაცამ შეასხათ ხოტბა,

ვით უმანკო მოსწავლეებს, მათაც ძლიერ უყვართ შექება.


მაშ, საყვარელო, მათთვისაც იგალობე

და ბოლომდე უშურველად გაიხარჯე ხოტბა-ქებაში.

ჩვენი არ არის, არ გვეკუთვნის ეს სამყარო, მხოლოდ ვეხებით,

როგორც ვხვევთ ხელებს ყელზე კოკორს, 

გაუთელავს, ახლად გაფურჩქნილს.

ნილოსის პირას, კომომბოში, ვნახე, 

მეფისთვის მსხვერპლს რომ სწირავენ.

სამყარო სუფევს, ო, მარინა, მასზე, 

ვით თავზე უარის თქმა მსხვერპლშეწირვაა.

ანგელოზები კი მსუბუქად ეხებიან სულს, 

რომელთა გადარჩენაც სურთ.


ვინც მოისურვებს, მიეჯაჭვოს ნივთიერ საგანს,

ეს ნივთი მოკლავს მას სასტიკი შურისძიებით,

რადგან ნივთებში დამღუპველი ბობოქრობს ძალა

და ჩვენ შევიცნობთ მის მაგიას ნაზ ქმედებაში.


ცხოვრების გრიგალს გამოვივლით, ბრმა ბედისწერა

წინაცხოვრების ვესტიბიულს კვლავ გაგავატარებს

და უამრავი ქუთუთოდან გამომკრთალ მზერას

გამოვუსხლტებით სხეულებით, სახის გარეშე.

გული კი მღერის არაფრობის სიცივის მიღმა.


ესაა ჩვენი მოლივლივე ფერისცვალება.

როგორც ჩიტები, იდუმალი მიზნისაკენ

მივეშურებით. სიყვარული კვლავ ახალია. ო, მარინა,

არ მართებთ მიჯნურთ ცოდნა ბნელით სავსე უფსკრულზე.


ინგრევა მხოლოდ საფლავები ტირიფების ქვეშ,

რომლებიც დარდით იხსენებენ უკვე წასულებს.

იხსენებენ მათ, სინამდვილეში ვინც კვლავაც ცოცხლობს,

როგორც ხმელ ხეთა წნელებივით ნორჩი ყლორტები,

გამოზაფხულის გიჟმაჟ ქარიში მოკეცილები.


და საძვლეებზე გვირგვინებად შემოხვეულებს

მათ არვინ ამტვრევს. არ არსებობს წამიერება

სამყაროს გულში. ო, მესმის შენი და შეგიგრძნობ,

უკვდავი ბუჩქის ქალურო და ნაზო ყვავილო.

არაბავშვური ძალით ვფანტავ საკუთარ თავს ღამის ჰაერში,


რომელშიც მალე შენც გალღვები, შენც შეგეხება.

ხოლო ღმერთები, თავს ნახევრებად რომ გვაჩვენებენ,

ჩვენც მოტყუებით მიგვათრევენ მეორე სქესთან,

თუმცა ცალ-ცალკე უნდა შევივსოთ, ვით სავსე მთვარე,

და მეორე ნახევარიც ვერ გვიშველის 

სავსეობად ქცევის პროცესში.

მხოლოდ ეულად სავალი გზა გვაქვს 

უსიზმრებო ლანდშაფტისაკენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen