მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
შენ ჩვენზე ახლოს უფალთან არ ხარ, იგი შორს არის, უფლის ნებას ვერვინ წავუვალთ, მაგრამ შენს ხელის მტევნებს რომ ვნახავ - კურთხეული ხარ, ვგრძნობ, სასწაულად.
ნათელს მოაფენ, ისე გაივლი, მე დღე ვარ ვრცელი, მე ვარ ცვარ-ნამი, ხოლო შენ ხე ხარ - გითრთის ყვავილი.
გამოვიარე, დამავიწყდა, ვეღარ გაჩუქე მისი ნათქვამი, ცის ოქროში ვინც შერეულა, ვინც მზეშია და მზესვე აშუქებს.
ოთახის სივრცემ დამაბნია, გონი შენისლა, ო, ფიქრიანო, აქ უცხო ვარ და ახალბედა, ხოლო შენ ხე ხარ, ხე - ცხოვრებისა.
გავცდი სივრცეებს, მოველ შენს კართან - და შენს სახლაკში მიმოეფინა ჩემი დიადი სამოსის კალთა.
მეც ძლივს შემნიშნე, ჩემს ქროლვას რომ თვალი შეავლე, მე ის ქროლვა ვარ, ჭალაკები რომ შეატოკა, ხოლო შენ ხე ხარ ტანმოშრიალე.
ყველა ცალ-ცალკე თავის სივრცეს დაუბრუნდება, ო, მონატრება ასე მძაფრი როდის ყოფილა?! ვგრძნობთ, მონატრებას უდიადესს, მაგრამ ბუნდოვანს.
ის რაც მოხდება, შენ იხილე უკვე ზმანებად, სალამი შენდა, ნათელია ჩემთვის ყოველი, ისევ მწიფდები, განვასრულებ შენს მომზადებას.
და მალე თვალწინ შენ განიხვნები, ჩემი გალობის მოყურადევ, უსაყვარლესო, ახლა ვიგრძენი: ჩემი სიტყვები იკარგებიან შენში, როგორც ტყეთა წიაღში.
მე დაგანახე, თუკი რამე გულში გაივლე, ბრწყინავდა ღმერთი ჩემ წინაშე თვალისმომჭრელად... ხოლო შენ ხე ხარ, რტომოყვავილე. |


