მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
შენ ფრინველი ხარ, რომ მოქროდი ღამით ფრთამალი, მე ვიღვიძებდი და ვყვიროდი შენი მნახველი. მხოლოდ მკლავებით მოგძახოდი, რადგან მრავალი უღრმესი ღამის უფსკრულია შენი სახელი.
შენი თესლი და მექცა სიზმრად თანამზრახველი,- შენ უნათლესი სურათი ხარ, მე კი ვარ ჩარჩო, შენი ბრწყინვალე გარემოცვის შემომსაზღვრელი,
შენ ხარ საწყისთა ამოფრქვევა შეუპოვარი. მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი, შემკრთალი: ამენ, შენი მშვენების შემოვლების მსასოოვარი.
როდესაც ძილი შავ სამარედ ამომიღამდა და გულზე მაწვა უმძიმეს და დამღუპველ დაღად, შენ ჩემი გულის წყვდიადიდან ამომიყვანდი ზემოთ, მეწამულ დროშასავით რომ მეფრიალა კოშკების თავზე, ლაჟვარდებში უნაღვლოდ, ლაღად.
როგორც საცნაურს, რაც მრავალგზის გაგიგონია, ადამიანთა არსებობა ჰანგი გგონია და ვარდშლილობა შენს მზერაში სრულდება ისევ, უნეტარესო, ჩვენ ოდესმე გავხდებით ღირსი, რომ თუნდაც ერთხელ გაგვაგონო სახელი მისი, რომლის მეშვიდე და ბოლო დღის ნათება თითქოს მაგ შენი ფრთების მოქნევისგან მოფრქვევას ითხოვს... მიბრძანებ... გკითხო? |


