|
მე ვარ მგელი, რომელიც კბილებით იცავს თავის ბუნაგს. მისთვის უცხოა პატიება, დათმობა და გულაჩუყება, თოვლზე და ქარზე დაწვეთებული მისი სისხლის მარგალიტები გვიზოგავენ მწარე, მწარე თავისუფლებას.
რომ ყველაზე ბასრი ისარი ჩემს შუბლზეა დამიზნებული, რომ ყველაზე უნდო ხაფანგი ჩემს თათებზეა გამოზომილი.
პირველი ტყვია ჩემს გულში გაიღიმებს, პირველი ზამთარი ჩემს ბუნაგში დაიბადება, პირველი მთვარე ჩემს სიზმრებს დააფრთხობს. რადგანაც მე ვარ მგელი და მესამე ნაპირზე არის საფლავი და ქვა.
ბოროტო ვარსკვლავებო, ღამე შემოვა ჩემში და უკვე მშვიდად ვიქნები, რადგანაც მე ვარ მგელი და ჩრდილივით ვუვლი გარშემო შენი ძილის სურნელს. |


