|
გამითავდა ხიდები, ისევ აგიხირდები: გაღმა როგორ გავიდე? - არ გავალ და გამოღმა დამადგება შავი დღე.
მახსოვს ბევრი აფსუსი, ბევრი ნაოცნებარი აღარ მეაფსუსება: თეთრი ღამეები და გასახსნელი ხიდები შემაძულეს რუსებმა.
დათმეს ჩემი გადაღმა სხვათა ეპატაჟებმა, რას მიქვია რიალტო? - მშობლიური ენგურიც აღარ მეპატიჟება.
თავს ვერ დავიიმედებ ახლა რომელიმეთი, მტკვარიც მეუარება: უკვე ამოგეწურაო ლიმიტი.
უშაირო დღეები ცვლიან შაირიანებს, ჭყვიშის და ქუთაისის საზიარო მდინარე ჩემს ფანჯრებთან ვეღარ ჩაირიონებს.
ძველი შედარებანი, ძველი მეტაფორანი: აფსუს ძველი სანავე, აფსუს ძველი ტივი და აფსუს ძველი ბორანი!
ვაჟა მეკაფიება: იქნებ იეშმაკოსო, მე კვლავ გამოღმითა ვარ, შენ კვლავ გაღმითა ხარ და როგორ უნდა გაკოცო და მაკოცო?
სხედან მოაჯირებზე ფასკუნჯი და გავაზი, ყველა - დანარჩენებიც - უნდა იყოს პოეტის - არა მარტო ტატოსი და გალასი.
ერთად ავშენდებოდით მე და ჩემი საბაჟო, მესმის ვენეციიდან სანუგეშო "ამიგო", მინდა გონდოლიერთან ერთად წავიშაბაშო.
ძველთა მენავეთა და მოგზაურთა მოტივით, ხელს ვერ გამომიწოდებს ჩემი ეიფელი და თვალს ვერავინ ჩამიკრავს ანტონიო კონტივით.
ვეძებ: ხიდის მეცენატი ვინმე შემომეხიდოს ანუ მინიატურული საცალფეხო მიყიდოს, ღამით სავსე მთვარესავით ამავსოს, დილით არე-მარე გამილამაზოს... მე ალაზანს ვედავები და არ ვერჩი ამაზონს.
შევადარე ერთმანეთს ის წლები და ეს წლები, ერთიც დააპროექტეს მტკვარზე ნეო-ნიუსი, მაგრამ ვეღარ მომისწრებს ანუ ვერ მოვესწრები.
და ვიჯერებ სათავისო მაქსიმას: იწურება ჩემი გაღმა-გამოღმა და მგონია - გაღმა მეტი შანსი მაქვს.
მესმის: თამაშ-გარეშეა თავიო და, როდესაც ეჭვები ეჭვებს ედავებიან, გულის გული მაქეზებს: გაღმა შეედავეო.
იისფერი იები და თეთრი კამელიები და რიონის ტალღით გოფრირებული თეთრი ქვების თეთრი ბარელიეფი.
ვერ შევისმენ ხანგრძლივი წლების დამუნათებას, ამ ლოდებზე ისე, როგორც დინოზავრის ნაკვალევს, დავეძებდი იაზონის ნატერფალს.
ამ თეთრებმა, როდესაც შევადარე ციტადელს, ამიყვანეს ხიდზე და იქვე დამაპატენტეს ანუ დამაციტატეს.
მესმის ქვათა ღაღადი, მესმის სხვათა ქვათა ხმა, ამეკიდა კითხვის ერთი ნიშანი: რომელია მაინც შენი გადაღმა?
ახლა მამუნათებენ გაყიდული კედლები, მამასავით ფანჯრიდან ხიდმა შემოიხედა, მაგრამ შვილი უძღები ვეღარ შევეგებები.
გამოღმიდან, რაკიღა მწყრალადა ვარ ბიზნესთან, უკვე ჩატეხილია ეს ხიდი და ის ხიდი, აი ჩემი მიზეზი და მიზეზი მიზეზთა.
და ასაკი არასდროს მომიმიზეზებია, ლექსი გამიჭიანურდა სან-ფრანცისკოს ხიდივით და სტრიქონი თითქოს მისისიპია, და სიბერის სატანამ მწარედ ჩაიხითხითა და რეპლიკა მაფრთხილებს აგერ ამასწინდელი: აფსუს თეთრი ხიდი და აფსუს ჯაჭვის ხიდი და აფსუს ხიდი წითელი!
სატიალო მდინარე: მეც უნავო, შენაცა, გაღმა ხარ და შუა ხიდი არ გვიძე, ვერ გადმოვედ, მოწამეა ზენა ცა.
ვერ გათვალა ტალღების აჩქარების პიკი და ფანჯარასთან რიონზე მეზობელმა კარისა შუშაბანდის ტიხარი უკვე გადმომიკიდა.
შაბაშ! აღარასოდეს წავირეპეტიტორებ, სალამი და ანდერძი ერთად დაგიგვიანე, გამითავდა ხიდი და ვეღარაფერს გიტოვებ.
ბევრი მახსოვს ნაძვის ხე, კვლავ სურნელი მეცა ხის, ბევრი ახი მესმის და შევაგებე მეც ახი, გამითავდა ხიდი და მეძახიან, მე-ძა-ხი... |
| პოეზიის გვერდი • • • |


