|
აჭარის მთებში, ამ მაღალ მთებში, კიდია, როგორც თვალზე კურცხალი, ქარიშხალს ძინავს მის ბებერ ფრთებში და წინაპრების სული ცოცხალი - იწვის სანთელი... იწვის სანთელი... და ხარობს ჩემი სიტყვა ჯანმრთელი, თითო სანთელი - თითო ქართველი, თითო ქართველი - თითო სანთელი. ყელი მაღალი... შუბლი მაღალი... ასე ძველი და ასე ახალი... განათებული ვერცხლის ჭაღარით, ბევრის მომსწრე და ბევრის მნახავი. სხივი რამდენი... ფიქრი რამდენი... მწვანე სამოთხის თეთრი ფრინველი... ბევრის გამძლე და ბევრის გამდელი... ბევრის მომსწრე და ბევრის მხილველი... აზრის დამჭერი... ფიქრის დამჭერი... ხან ფრთათეთრი და ხანაც ფრთაჭრელი, ხან ჩემი სულის ერთი ნაჭერი და ხანაც ჩემი გულის დამჭრელი. სახლი კეთილი... არდაკეტილი... ერის ქვაბშია გამოკვეთილი, ერის ხმაშია გამოკვეთილი, სათნოებისა სახლი კეთილი. თეთრი სართული... ასე ქართული... ისე წყნარია, ისე მშვიდია, რომ ჩუქურთმები ამოხლართული ჩიტების ფრთებით ცაში მიდიან. ფიქრის მომცველი... სევდის მომცველი... მაგრამ მაღალი რწმენის მომცემი... ცაში მიდიან, როგორც ლოცვები და მიცინიან ანგელოსები. თეთრი ნისლები... თეთრი ფიფქები... მზით რომ ივსება მათი ჯიქნები, სამარადისოდ ჩემი იქნება და არასოდეს არ ჩამიქრება. წინაპრის სული ნამამაცარი... ის ახლა ჩემი გულისძვრაც არი, - დგას, როგორც თეთრი გედი დამცხრალი - სხალთის ტაძარი... სხალთის ტაძარი... |


