|
ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები, ვინ შეუწყვილა კავკასიის ველურ ექოებს, ღვარძლგამოცლილი თავთუხები ვინ შეჰკრა ძნებად და სამსხვერპლოზე აუტანა ზოდიაქოებს.
მაგიურ სიტყვით ვინ გაძაგრა სიქველის მტერი, გარეჯის ურწყულ ხრიოკებში ვინ ასაყდარა უშქარი ლავრა უდაბნოსი და მონასტერი.
უკვდავ ვარსკვლავთა ელვარების განუქარვებლად, მთაწმინდის თეთრი ბილიკების ამონაყარზე ვინ დაიფერფლა და თბილისის იქცა მფარველად.
იმისი მადლით ხამს სატანა შენგან გავიდეს, მთაწმინდის ზეცა თავადაა ლოცვა ანკარა, ლოცვა წართქმული წმინდა ბაგით მამა-დავითის.
თავად ღმერთკაცმა ტანთ აგასხა რწმენის აბჯარი, დაიგიზგიზა შენში ცეცხლმა მინავლებულმა, ოდეს ზეგარდმო გადაგსახა მძლეველი ჯვარი.
ნაოცნებარით თუ ცრემლებით ხარ დაღარული, მზერაუქცეველ აღმართხედვით ნამწვერვალები ჩუმი ფიქრების საკმეველით შემოჯარული.
სწორედ ამადაც, სწორედ ამადაც... გეწოდა წმინდა. იდუმალია იმ მაგიის საშინელება, დაბრკოლებათა უტეხელის ნებით მძლეველი, უმანკოების ღვთაებრივი გამოელვება და მადლი ცისა, მოუეწყველი, დაულეველი,
გულდაწრეტილი ოდეს ღმერთთან რჩები ეული, მხოლოდ ერისთვის გახელილი გრჩება თვალები და მოგაქვს მსხვერპლი, უანგარო, სისხლხორცეული.
და მცდელობანი ტაროსისა გახდა ამაო, ოდეს თვალებში ცრემლის ნაცვლად ჩადგება თრთვილი, ისევ და ისევ შენ მოგიხმობთ, წმინდა მამაო.
მო, მოგვეახლე, გვანუგეშე მცირეოდენი, ფარვანასავით გიტაცებდა არსთა ზეობა, კაცს ანგელოსურს და ბიბლიურ ღმერთის სახიანს, ვითა პრომეთემ, გამოსტაცე ზეცას ზნეობა და ჩვენს მიწაზე გადმონერგე ძლევის მაგიად.
და ნებელობა უქცეველი მეაბჯრედ იხმე, გამჭოლავ მზერას აღაპყრობდი უძრავ ვარსკვლავეთს, და საოცრებას დაეძებდი ვარსკვლავებს მიღმა.
და აღთქმის ნიშნად გადმოგნათის თავზე ირისე, შენივე ხორცი სისხლთან ერთად ბარძიმში ჩასდე და უზიარე მწყურვალ შვილთა იბერიისა.
ოდეს სამწყსოსთვის თავი დასდე კეთილ მწყემსივით;
ბუბაქარების გოროზობას ვით გაუძლებდი, შენ მამის წიაღს დაუბრუნე შენანებული, შვილი ნაკლული, შვილი ურჩი, შვილი უძღები.
შენ იბერიის წმინდა მიწას გამოესარჩლე, ჰგავხარ შექსპირის „ქარიშხალის“ მხცოვან პროსპეროს, ქარიშხლის პირმშოს და ბუნების ძალთა მესაჭეს.
და მთა ულუმპოს ბინადართაც გადაამეტე, შენ თავად იყავ ფშაველ ვაჟას ბრძენი მინდია, იდუმალთწვდომით მინდიაზე იყავ უმეტეს.
ქვეგამხედვართა და მზაკვართა ფართე მთხრებელო, ჩვილი ნუკრების ძუძუმტეო, სულო მარტივო, წიაღთა სიბრძნის აიაზმად მასხურებელო.
ნათლისა სვეტი, წყვდიადისგან დაუძლეველი, ანაზდეული ჩამოგესმა რეკვა ციდანა, იესოს კვალზე როს ედემში ალვად იზარდე, მხოლოდ წარსულში? მყოფადშიაც გცნობენ წმინდანად, წმინდათ დაშთები უკუნითი უკუნისამდე! მოვედ ჩვენს შორის კათაკმეველთ მადლის მყოფელო, ლავრების თაღქვეშ აღვლენილო საგალობელო.
რტო ფებუსისა, პოეზიის ისრით ჭდეული, რაღად ისწრაფვის მაღალ ნიჭის შენგან განათვლას, შენს კვალს რად შესტრფის მელექსეთა დასი რჩეული?
პარნასის თხემზე აზიდული ტინის კედელად, მაშ გულზე ნაოჭდაჭდეული მთა საკვირველი რატომ აქციეს პოეტების საგოდებელად?..
რაღაც ძვირფასი, იდუმალი და მისტიური,
ლექსის კამარა მადლით თუ არ დააირისე, მარქვი, ძვირფასო, შენს უბრალო გახსენებაზე თანში რადა სცრის ყველა ქართველს, ყველა თბილისელს?
ამ აღმაფრენის სპირალებით ვის არ უვლია, ამ რძიან გზებით დავაბიჯებთ და არ კი ვუწყით, რომ ეს ბილიკი შენის ტერფით გაკვალულია.
სიბერე დღისა დაისების გაფერმკრთალება, მთაწმინის მკერდზე გაზაფხულის ნედლი სინორჩე, და შემოდგომის პანაშვიდთა ფერიცვალება.
ფერთა ზეობის საფუძველი იცან რომელმან, ამადაც ფრესკის ჭვირვალების ხარ სიმსუბუქე, რათა ექსტაზში ნეტარება ჰპოვოს ყოველმან.
მამაო, ჩვენდა გადახსენი უცხო სამყარო, მამაო, წყარო ცხოვრებისა ვისხუროთ ვინძლო, მამაო, ვინძლო დამჭკნარ კვერთხზე ყლორტი ვახაროთ.
მამაო, მაღალ სასწაულთა ღირსო ქმედებავ, მამაო, ზეცით მომზირალო უშრეტო თვალო, მამაო, ქველთა ხელოვანთა შემოქმედებავ.
ცხოვრების გზაზე შეჭირვებულთ მწეო მართალო, მამაო, უბრად გამოუთქმელ არსის მმოსავო, მამაო, სიწრფით ღვთის სასწორო და სამართალო.
დუშმანისაგან ვერაფერი დაგვიფარავდა, თუ გორგასალმა აღაშენა ფუძე თბილისის, შენის კურთხევით ჰყავ უკვდავი აწ და მარადის!
და ქართულ მიწას ააცილე უსახურობა, სულის საჭრეთლით ჩვენი ერი ჰყავ სახიერი, როს საიდუმლო აღასრულე ღმერთმსახურება.
და ახალ ნერგებს სხვა ახალი მისცე საზრდელი, საუკუნეთა გოლიათურ გადაძახილში, ხმას მოგაწვდენენ შენი შიო და ზედაზნელი.
თქვენ შეუწყვილეთ კავკასიის ველურ ექოებს, ოქროცურვილი თავთუხები შეჰკონეთ ძნებად, და სამსხვერპლოზე აუტენეთ ზოდიაქოებს.
ქალწულებივით მოგეგებნენ ზვრებში ბწკარები, ცრემლი სდიოდათ კაბადონის უხილავ ბზარებს, და სამრეკლოთა თავისთავად სჭექდნენ ზარები.
არ დაეძებდით არც დიდებას, არცა სახელოს, სხვა მისწრაფება, სხვა მიზანი მოგიწოდებდათ, დაუსაბამო, უწვდომელი და უსახელო...
შემწყნარებელი მყის მოიმკის პირუთვნელ მსაჯულს, თავისმოდრეკით დამდაბლების ეს შემართება არ იავარჰყოფს, არ დალაშქრავს ან რომელ ქაჯეთს.
აღძარით ტალღა სინანულის ქართლისა წიაღ, უშრეტი ცეცხლი მოაზღვავეთ ქერუბიმული, ცეცხლი, რომლითაც მოაპობდით უსიერ წყვდიადს.
მაგრამ ვინ ჰპოვოს ქვეყნად ცეცხლი ბიწთან ნაზავი, იგი წმინდაა და მის წმინდა შეუვალობით არ დაიდების, არ ეგების ბოროტთან ზავი.
და ძლევის ცაზე შთაბრიალდით, როგორც არწივი, დაუცხრომელი სპარაზენნი სულიერ ომის, ჩვენი სინდისის და მეობის აკვანს არწევდით.
ცეცხლი მგზნებარე, ჩვენს ძარღვებში სისხლად ნადენი, რადგან ზნეობის რაინდები და ღმერთკაცები, ჩვენი კაცობის ბასტიონად აღემართებით.
ჟამთა დინებას მხოლოდ ტვირთი სუბუქი მიაქვს, საქმეთა თქვენთა ასაპყარეს ბილწი დრაკონი და ბოროტება უმსახურეს სიკეთის წიაღს.
როს შორეული მყინვარწვერის ელავდა ქიმი, უკვდავებასთან დადებული აღთქმა აღსრულდა და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


