|
ნახე ეს ცა... ამ არწივის წამოფრენა, ამ ტყის ცეცხლი... ჰორიზონტი მკრთალი... არა, შორით ამ სამყაროს წარმოდგენა ჯერ არ ძალუძს კაცს გონების თვალით.
თეირანის მტვრიან ბინდებს, მაგრამ ვერა ფენჯაბსა და ლაჰორს, უნდა ნახო, უნდა ერთხელ ჩამოფრინდე, უნდა ნახო, შენი თვალით ნახო.
ჯერ უხილავს, ჯერ უხსოვარს, რა მზე აჭერს, რა ბულბული უსტვენს... ეს ქვეყანა თვით გენიოსს, სწორუპოვარს, არ იქნება, არ ენახოს რუსთველს.
აქ ლხინსა თუ ომის გრიალს, არ ეხილოს ეს ბიბინი სერთა არ ენახოს "სმენად მხეცნი მოვიდიან“, არ ეგემოს "ვა, სოფელოს“ სევდა.
ვინძლო მის კვალს ვინიშნებდე ინდოეთის გადაკარგულ გზებზე; შვიდასი წლის, შვიდიათას წვიმის შემდეგ მის ნაფეხურს, მის ნაკვალევს ვეძებ.
სად უცქირა ცრემლთა ფრქვევას, სად მიუსწრო ძმას შეფიცულს ძმასთან?.. არაბეთის ზღვასთან იდგა? მეც აქ ვდგავარ, მეც აქ მოვალ, არაბეთის ზღვასთან.
სად გარინდდა, სად შეჩერდა, სად აღმოხდა მშობელ ქვეყნის ჰანგი? განგის პირას მწირთა ლოცვას თუ შესცქერდა - მეც მათ შევცქერ, აი, ჩემს წინ განგი.
თითქოს მართლაც ნათლად ვხედავ ჩემს და ფერმკრთალს, ჯანმრთელსა და სულმრთელს... არა, ეს გზა, როგორც მგოსანს, როგორც მხედარს, არ იქნება, არ ენახოს რუსთველს.
რა წააგო, რა მოიგო, რა დაკარგა, ქვეყნად არვინ იცის, მხოლოდ მესხეთს უცხო განძად წამოიღო სიყვარული ინდოეთის მიწის.
ვმღერი მეც იმ ვარსკვლავეთზე, სადაც შედგა, მეც იმ ზღურბლზე შევდექ... ინდოეთში რუსთაველის კვალს დავეძებ - აღარც აქ ჩანს შვიდასი წლის შემდეგ. |


