|
დაგვტოვეთ მარტო!.. მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა, იმ საზღვრის ხაზთან, იმ შავ ხაზთან დღეს მეც შევჩერდი. დაგტოვეთ მარტო - ერთი სიტყვაც მაქვს ქვეყანასთან, დაგვტოვეთ მარტო ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
ათას დრამით, ათას ქარიშხლით, ყველა ქარიშხლის ყველა დრამის სუნთქვით მცნობელი... ერთი რამ სიტყვაც, ერთიც დამრჩა მე ანგარიში - დაგვტოვეთ მარტო მე და ჩვენი წუთისოფელი.
მე მისი ჯიში, სისხლი მისი და მისიანი, მე ხმა შენდობის ხმა იმედის ხმა დამშვიდების; ქება-დიდებით მე ვავსებდი ამ დიდ მზიანეთს, სხვა რამ არ მითქვამს გარდა ქება-დიდების.
ახლა დავკეცოთ, ახლა დავდოთ, ახლა დავხუროთ რაც რამ დამთავრდა, რაც რამ გაქრა, რაც რამ დანაცრდა... უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ დამტოვეთ მარტო მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან. |


