|
- შენგან განდგომა, ო, ჯვარცმულო, მე რად დამბრალდა, მაღალ მწვერვალთა სალოცავო, ხატო ნაპრალთა, ძლეულთ ნუგეშო, დავრდომილთა თავშესაფარო, მაშვრალთ იმედო, ანთებულო ბნელში ლამპარო, არას მქონეთა საგანძურო, დიდო ზაფხულო, მიზანთ მიზანო უმაღლესო, რწმენით ნახულო.
აღსარება ვარ თვით აკვნიდან, შენია ჩემი გულიც, ცნობაც, ხმაც საკუთარი, მე სიყრმის დღიდან არ მქონია სხვა საყუდარი, შენგან არს ჩემში რაც ამაღლდა, რაც რამ დაკნინდა.
ათას გზაში გზა არ შემშლია, შენმა განგებამ, შენმა მცნებამ მართლად წარმმართა, შენ ამაშორე ბიწიერი წარღვნა წარმართთა, შენ ჩამაგონე ზეციური: „ღმერთი შენშია’’.
რამ შეგცოდე, რამ შემოგბედე, გულთამხილავო, ეს შენ უწყი უმალ ყოველი; მაღალ მსაჯულად, მაღალ მოწმედ მყავს შემოქმედი - შენგან შენდობას, სულგრძელობას შენგან მოველი.
გრძნობას ვთვლიდი ჩემს დიდ საუნჯედ, რადგან არსთაგანს მე მებოძა ეს საბოძველი, შენ მთხოვდი თაყვანს, მხოლოდ თაყვანს, თაყვანს განუსჯელს, მე მხოლოდ განსჯის, მხოლოდ განსჯის ვიყავ მლოცველი.
თუ დამადგი თვალი სრულქმნელის, თუ მომეც ძალი ხან ფრთაშესხმის, ხან დაღონების - მე მწადდა შენგან სიტკბოც ცნობის თავისუფლების, მე მწადდა შენგან სიხარულიც განხმულ გონების.
მე მ ლოცვით ვიყავ დამწვარი; ხამს ლოცვა ჩემი არ მემწუხროს, ხამს, არ წამმწარდეს და თუ შენ მაინც ცოდვად მითვლი ამ ჩემს საწადელს - ცოდვა, არ ცოდვის ჭეშმარიტი სად ძევს სამძღვარი?!
მე აქ ვდგავარ, მე აქ მოველი, სადაც გიზგიზებს სუნთქვა შენი და შენეული იმ ჩემი სევდის, იმ წადილის კვალად მთხოველი, აწ გარდასული, მე სიბერის ჭირით სნეული.
ო, ჯვარცმულო, მე რად დამბრალდა, მაღალ მწვერვალთა სალოცავო, ხატო ნაპრალთა, შენ უპოვართა საგანძურო, დიდო ზაფხულო, მიზანთ მიზანო უმაღლესო, რწმენით ნახულო. |


