|
უდაბურ ზეგანზე სადგურდება ნგრევის და არყოფნის ნატერფალი, ინთქმება, იქცევა, ნადგურდება კუმურდოს უმრევლო კათედრალი.
გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია, და ჯვარი, აქშეულ ყორანივით, საფლავის ბალახში ჩაფრენილა.
იშლება ტაძარი ნახანძრალი, ბავშვები ისვრიან შურდულებით აწმყოდან წარსულში გადამძვრალი.
თვალებში ჩამცქრის მგლოვიარე პორტალი მანიშნებს დიდებული: მომხედე, მიშველე, მომიარე,
და სულში გუბდება ქარტეხილი, კამარის იყრება ჩუქურთმები - სამოთხის ვაზებად დაგრეხილი.
სვეტები ემხობა თავდაყირა, რაც ოფლი დაღვარეს ქიტესებმა ფრეზებზე მარილად გადაჰყრია.
სიწმინდე ლივლივებს ქალწულური, ქვის მტევნებს ტბებივით გახელია მარცვლები - ცრემლებად დაწურული.
ბზარებში ამოჩრილ ბალახივით. კურთხეულ ოსტატთა საკუთრება ქარს მიაქვს უჩინარ ბალდახინით,
წკარუნი ჩამესმა ღამურული. მიმწუხრის ჩრდილებად აირეკლა ფრესკები - წაშლილი, გამურული.
- ნანგრევზე ვალალი გვიანია; უკვდავის მოკვდავად წარმოსახვა, ვინ უწყის რაოდენ გვინანია.
უთაღო, უმრევლო ნატაძრალი, დაქცეულ სიცოცხლის ქანდაკებად მაინც დგას ქვითკირის პატარძალი.
და როგორც გაფანტვა წვრილმანების, კუმურდოს აროდეს შეუძლია, დაკარგვა ყოფილი ბრწყინვალების.
საწუთროს მშვენება გარდასული და ყოფნა-არყოფნის ანაბარა არ უცდის უკვალო დასასრული.
წმინდაა კაცთანაც, უფალთანაც და თეთრი ლოდების პროცესია უგალობს ამაო სულთათანას.
ტაძარი ვერასგზით წაუშლია, რამეთუ კუმურდოს უკვდავება გასცლია და უკვე წარსულშია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


