|
ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა, ფერი - მტრედის ანაფრენის… ცა ღრუბლებით დაიქარგა, საკმეველით ანაფერი.
და დაადნა ცვარი ფოთოლს, ისე აწვიმს ტაძრის თაღებს, უეჭველად სადღაც მოთოვს…
სადაც ბზა და სიონია… და იღვრება მზის სარკმლიდან სიყვარულის სიმფონია.
და შორენა უტას აწვდის თავთუხებს და ყაყაჩოებს… და კამკამა მწვანე ტბაში ირეკლება დალის ტანი, ვით მირაჟი უდაბნოში - ტკივილამდე ასატანი.
ოთხი ცხენით ტყეში მიქრის თმებგაშლილი ბეთჰოვენი… უძლურია ტრფობის ალთან მერი, თვალებსხივოსანი, მარგარიტას ნატერფალთან იკეცება ფიროსმანი.
და გოეთე იცრემლება ცხელი ჟინით პალერმოდან… ესიზმრება შატობრიანს მთები, სავსე მანანებით და ბილიკი, მოჩითული პროვანსული მაქმანებით.
და ნავარის სასახლეში ფერმიხდილი ჟოზეფინა… და კამილა ეევედრება ერთგულებას გულქვა როდენს, მძიმე სენის მწუხარება ტაიტამდე დევნის გოგენს…
და ენგურის მღვრიე ტალღა ათამაშებს თარაშ ემხვარს. და უფლისგან დალოცვილნი, თავსდებიან პეპლის ფრთაზე, და გოია, როგორც ცვილი, იღვენთება პალიტრაზე…
და ილიას აიძულებს ღამე თეთრად გაათიოს, და წერეთელს სატრფოს დარდი სევდით ჩააქვს სამარეში და ეკლებში ტირის ვარდი, ვით აკაკი სავანეში.
და უფენენ კლეოპატრას ზურმუხტებს და ლილიფარებს… და მიარღვევს ცისფერ ტალღებს მზეჭაბუკი ორიონი, ლამაზმანთა გულებს ამსხვრევს ლორდი გორდონ ბაირონი!..
ამღვრევიათ ორთავ თვალი მდაბიოთ და გვირგვინოსნებს. არნოს ტყეში ქარაშოტებს უწყვილდება პერსი შელლი… ემონება ვერტერ ლოტეს, როგორც ვინმე ფეხის მტვერი.
და მედეა ვეღარ უძლებს სიყვარულის ნიაღვარებს… იბსენს ფარდის სინაზეში ელანდება ემილია, დგანან რამპის სინათლეში ჰამლეტი და ოფელია…
და მრისხანე სინანულით ასგზის წყევლის კუნძულ ელბას!.. და ღრუბელთა ფარდაგებზე ისე როკავს თეთრი ქალი, ვით ოდეტა, - ფარვანების და გედების დედოფალი!..
ცის რიჟრაჟი შველის შუმანს, აქცევს ბგერად, მერე შეშლის… და ვაგნერის აკორდები მატილდამდე მიაქვს მთოვარს, და ჩიტივით უცემს გული გზაარეულ მადამ ბოვარს…
გონმიხდილი კარენინა უვარდება მატარებელს, - და ხარხარებს ბედისწერა, ვით ჯამბაზი სეკუნდანტი, ტახტს და ტრფობას ეწირება ეშაფოტზე სტიუარტი!..
და მიჯნურთა დიად დრამებს წერენ: დანტე, ჰომეროსი… და მგზნებარე, მწვავე ვნება აბარბაცებს ლუკრეციუსს, "სიყვარულის ხელოვნება" ასამარებს ოვიდიუსს!..
და ნოტრდამის ტაძრის ზარებს კავზიმოდო დღესაც რეკავს!.. და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო, უნგრევს პოეტს გულისფიცარს სიყვარულის ვატერლოო!..
და თვალები უგავთ რიწას, - ჯულიეტას და ბეატრიჩეს… და ციმციმებს ათასფერად, თასი, ცრემლით ანავსები, ნახანჯლარნი ჰყრიან ველად პრინცები და პრინცესები!..
და ბაფთებში განაბულან საჩუმათო სამხილები… საფლავები დაუფარავს ზამბახებს და ია-იებს, - სიყვარული ათანაბრებს სეფექალთ და გრაფინიებს!..
სიყვარული უღირთ ჩალად ალფონსებს და დონ ჟუანებს… და საეჭვო ვნების კვალი ლეწავს ვან გოგს, ტულუზ-ლოტრეკს, და პილატეს ცრემლით მთვრალი მიაცილებს მთვარე ბოდლერს!..
ალუბლები - ასათიანს!.. წითელ მიხაკს უძღვნის ანნა - მონმარტრსა და მოდილიანს…
საწამლავი - ეულ გრანელს?!. ტატოს - შავი ბედაური, ნეტავი, სად მიაქანებს?!.
და უგზავნის შავბნელ მისნებს მაჩაბელს და გურამიშვილს… წუთისოფლის მღელვარებას უცქერს ვაჟა, როგორც ზევსი და დასტირის შოტლანდიას ლექსთა მეფე, - რობერტ ბერნსი!..
უცნაურად ესმით ტრფობა მურმანსა და აბესალომს… და გიორგი, კესოს ნდომით, თავს ევლება ვარდს და იელს… მომაკვდავი მარგარიტა თმებში იწნავს კამელიებს…
და რომეოს უთენდება მწუხრის დილა ვერონაში… ვიღაც მუდამ კარგავს იმედს, ოქროს კოშკებს აღარ აგებს და ვენერა მიაცილებს ეტლებსა და კატაფალკებს…
ორთაჭალის ტყისკენ გარბის ირემივით ახმეტელი!.. და ოტელო, როგორც შლეგი, მოკლულ სატრფოს უძღვნის ამბორს და ონისე გამალებით მიუყვება ახლად ნათოვს…
დაუპყრიათ ვარსკვლავეთი ჰიადებს და პლეიადებს. ზეფიროსი, როგორც ქურდი, ხეთა ჩრდილებს ეფარება, ჩუმად უცქერს ჰიაკინთოსს, გული ეჭვით ესერება.
და ქარებს სთხოვს დახმარებას ტროას გმირი აქილევსი. და ცოდვილი, ნაზი ხელი თმებს უწეწავს ოიდიპოსს, რომ ვნებათა გახელებით თვით სამყარო განაცვიფროს!..
ვარდები და ვიოლინო… შადრევნიდან მოკამკამე ათას ერთი თასი ღვინო…
ჯადოსნური დერვიშები… სურათები ზმანებიდან, - მოცეკვავე გეიშები…
ქალი - ნაზი, სადაფივით… სავსე, როგორც ბროწეული და მოცარტის აკორდივით!..
და ნიძიო მინარნარებს გამოკრული კიმონოში…
ოქროს კვერთხი - კონსტანტინეს! ტრფობის კოშკი აუღიათ ნესტანებს და თინათინებს!..
ცხრა ლახვარი - ასათიანს?!. და უფენენ დაფნის რტოებს - “შაჰ-ნამეს” და “ვისრამიანს!..”
სიყვარულის ქალღმერთებს და სიყვარულის ტრუბადურებს!.. ლექსებს ქსოვენ პოეტები, უზადოს და უნაპიროს… მიუყვება ჩუმად გალა მტკვრის მარცხენა სანაპიროს…
და მიფრინავს უცხო დამა ქარაფიდან ღრუბლებისკენ!.. და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო! სიყვარულის დიდგორი და სიყვარულის ვატერლოო!..
და ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო რეკავს! რეკავს!.. ღმერთო, ნუთუ ამ სტრიქონებს თბილისური წვიმა წაშლის? ვერ მივართმევ ლექსთა კონებს ლაღიძეს და ფალიაშვილს?!.
ნუთუ დედა ღვთისმშობელი არასდროს არ დამამშვიდებს?!. მაშინ, რატომ გუგუნებენ ცარგვალიდან ორკესტრები?!. ო, შენდობას, როგორც თოვას, უეჭველად მოვესწრები!..
იტყვის, ალბათ, – საბრალოა, რადგან მაინც ქალი არი!.. და დამლოცავს მწუხარეს და სახიფათოდ დამცირებულს, და განმკურნავს სატრფიალო შეცდომებით დამძიმებულს…
ჩემი ლექსის სითამამეს, ალბათ, ღმერთიც მაპატიებს!..
ფერი - მტრედის ანაფრენის… ცა ღრუბლებით დაიქარგა, საკმეველით ანაფერი.
და დაადნა ცვარი ფოთოლს… ისე აწვიმს ტაძრის თაღებს უეჭველად მოთოვს, მოთოვს…
სადაც ბზა და სიონია… და იღვრება მზის სარკმლიდან სიყვარულის სიმფონია!.. |


